22 ნოემბერი 2021 - 09:09

კოროვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა: გადაარჩინა თუ არა ისრაელი მესამე აცრამ?

ფოტო: Facebook

ისრაელი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც მთელი მოსახლეობის რევაქცინაცია დაიწყო. 10 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტროს კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 წლის ასაკიდან იყოს დაშვებული. როგორ უმკლავდება ისრაელი პანდემიას? - ამ კითხვაზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია.

რა ხდება ისრაელში?

დღეისათვის ქვეყნის ვაქცინაციის ცენტრებში მოქალაქეები თავიანთ რიგს მოთმინებით ელოდებიან. როგორც მოსახლეობა ამბობს, ზოგიერთ ადგილებში ნიღბის ტარებისა და დისტანციის შენარჩუნების შეზღუდვებს თუ არ გავითვალისწინებთ, ისრაელი ცხოვრების ჩვეულ წესს თანდათან უბრუნდება. 

არა და, ჯერ კიდევ ზაფხულში ვითარება არც ისე ოპტიმისტურად გამოიყურებოდა: ქვეყანაში კორონავირუსის დელტა ვარიანტმა დაიწყო გავრცელება. ისრაელში ივლისის დასაწყისში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და სექტემბრის შუა რიცხვებისთვის პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. მიმდინარე წლის შემოდგომის პირველ თვეს ქვეყნის საავადმყოფოები უკვე სავსე იყო მძიმე კოვიდპაციენტებით. მათ შორის ძირითადად იყვნენ როგორც აცრილი, ასევე აუცრელი ახალგაზრდები. 

რა არის ისრაელის მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლაში?

”მთავარი იარაღი, რომელიც გვაქვს ისრაელში და ბევრ სხვა ქვეყანაში, არის ვაქცინა”, - განაცხადა  DW-სთან ინტერვიუში კორონავირუსთან ბრძოლის ნაციონალური  სამიზნე ჯგუფის ხელმძღვანელმა სალმან ცარკამ. „დელტა შტამით გამოწვეული მორიგი ტალღის დაწყებისთანავე მივხვდით, რომ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაცულები აღარ იყვნენ. ამიტომაც ჩვენ მოგვიწია გადაწყვეტილების მიღება“, - დასძინა მან. 

ამ გადაწყვეტილების საფუძველი იყო მეცნიერული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ აცრიდან ექვსი თვის შემდეგ იმუნიტეტი სუსტდება და კორონავირუსით ინფიცირების რისკიც იზრდება. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ისრაელის ხანდაზმულ მოქალაქეებს, რომლებიც მსოფლიოში აცრილთა შორის ერთ-ერთი პირველები იყვნენ: მათ ვაქცინა  ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში გაუკეთდათ.

პანდემიის დაწყებისთანავე  ისრაელმა, შეიძლება ითქვას, რომ სასწრაფო წესით გააფორმა ხელშეკრულება BioNTech/Pfizer-თან ვაქცინის მიწოდების თაობაზე. მასობრივი აცრებისა და მარტში აცრილთათვის „მწვანე პასპორტების“ გაცემის ფონზე, ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად დაიკლო. ზაფხულის დასაწყისში, როდესაც  ევროპის ბევრ ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანიები ჯერ კიდევ იწყებოდა, ისრაელმა კოროვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების უმეტესობა გააუქმა, მათ შორის დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობა. გაჩნდა განცდა, რომ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა. 

თუმცა ივნისის შუა რიცხვებისთვის, ისრაელში ვაქცინაციის მაღალი დონის მიუხედავად, დელტა შტამმა იმუნური სისტემის გარღვევა დაიწყო და სწრაფად გავრცელდა. უკვე აგვისტოში მთავრობამ BioNTech/Pfizer-ის ბუსტერ დოზის შესაძლებლობაზე დაიწყო საუბარი. ამავდროულად, ხელისუფლებამ 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაციის შესახებაც კამპანია თანდათან წამოიწყო. 

"ისრაელი ვაქცინის მესამე დოზამ გადაარჩინა"

”ეჭვგარეშეა, რომ ისრაელი ვაქცინის მესამე დოზამ გადაარჩინა”, - ამბობს ვაიცმანის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი და ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ჯანდაცვის ექსპერტი გაბრიელ ბარბაში. ”ვფიქრობ, რომ ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდებით, მაგრამ ეს ახალი ნორმალური ცხოვრება იქნება. ჩვენ ნიღბებზე უარის თქმას არ ვაპირებთ. ისინი საჭირო იქნება ნებისმიერ დახურულ სივრცეში“, - დასძენს მეცნიერი.


ისრაელის სტრატეგია „ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც კოვიდია“ დღემდე მუშაობს. ქვეყანაში საგაკვეთილო პროცესი, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა, არც ეკონომიკა გაჩერებულა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა. ამასთანავე, საავადმყოფოებში კრიტიკულად დაავადებული პაციენტების რაოდენობამაც საგრძნობლად იკლო. 

მასობრივი რევაქცინაციის პარალელურად, ისრაელის მთავრობამ დახურულ სივრცეში ნიღბების სავალდებულო ტარების წესი აღადგინა და გამკაცრდა „მწვანე პასპორტების“ სისტემა, რომელიც სრულად აცრილ ან კოვიდგადატანილ პირებზე გაიცემა. 

„მწვანე პასპორტი“ მხოლოდ რევაქცინაციის შემდეგ

ისრაელში სპორტულ კომპლექსში ან აუზზე შესასვლელად საჭიროა წარადგინოთ „მწვანე პასპორტი“ საიდენტიფიკაციო ნომრითა და QR კოდით. მოქალაქეთა უმრავლესობას აღნიშნული მონაცემები ტელეფონში აპლიკაციის სახით აქვს. შეიძლება ყველას არ მოსწონს ეს ინიციატივა, მაგრამ ხალხს ესმის და არ ბრაზობს", - ამბობს თელ-ავივის ერთ-ერთი დიდი სპორტული კომპლექსის მენეჯერი ოფერ ლევი. 

ოქტომბერში ისრაელის ხელისუფლებამ  მწვანე პასპორტები გააუქმა მათთვის, ვინც ექვს თვეზე მეტი ხნის წინ ორჯერადად აიცრა. ახლა უკვე ეს დოკუმენტი მხოლოდ ბუსტერ დოზის შემდეგ გაიცემა. საჯარო ღონისძიებებზე დასასწრებად და სხვა თავშეყრის ადგილებში შესასვლელად „მწვანე პასპორტის“ ალტერნატივა შეიძლება იყოს მხოლოდ 24-საათიანი „მწვანე პასპორტი“, რომლის მიღებაც ანტიგენის ან ექსპრეს-ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ გაიცემა.

ვაქცინაციის მოწინააღმდეგენი ცოტა არიან, მაგრამ ისინი ძალიან აქტიურობენ

ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები, რომლებიც „მწვანე პასპორტის“ შემოღებით უკმაყოფილონი არიან, რეგულარულად უგზავნიან შეურაცხმყოფელ და ფიზიკური დაზიანების შემცველ  მუქარის გზავნილებს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შერონ ელროი-პრაისს. ამ უკანასკნელის ქმარმა ოქტომბრის ბოლოს Twitter-ზე პოლიციას მიმართა და სამართალდამცავებს მოუწოდა, რეაგირება იქონიონ "სანამ ძალიან გვიან არ იქნება". ამის შემდეგ პოლიციამ მუქარის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო და ელროი-პრაისს სადღეღამისო დაცვა დაუნიშნა.


„მწვანე პასპორტის“ გარდა, დღეს ქვეყანაში ყველაზე ემოციურად 5-დან 11 წლამდე ბავშვების  აცრა განიხილება. 10 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტროს საექსპერტო კომისიამ ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას რეკომენდაცია გაუწია, რითაც ვაქცინაციის ეროვნულ კამპანიას მწვანე შუქი აუნთო. 15 ნოემბრიდან კი ისრაელი ამ კატეგორიის მოქალაქეთათვის სპეციალური დოზირებით ვაქცინის პარტიის ჩამოსვლას ელოდება.

ისრაელში აცრის იდეოლოგიური მოწინააღმდეგე ბევრი სულაც არ არის. სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების წილი, ვინც ვაქცინაციას "გარკვეული ჯგუფის პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესების შედეგად" მიიჩნევს, მხოლოდ 8%-ია. თუმცა ეს ჯგუფი ძალიან აქტიურია. ისინი რეგულარულად აქვეყნებენ პოსტებს სოციალურ ქსელებში და აწყობენ ხმამაღალ დემონსტრაციებს. ისრაელის მოქალაქეთა უმრავლესობა, როგორც იმავე გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, მხარს უჭერს არა მხოლოდ აცრას, არამედ- ანტივაქსერთა წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების შემოღებას.

სხვა თემები