20 დეკემბერი 2021 - 09:56

ავსტრიის მოსახლეობის 65%-ი აცრილია, თუმცა ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადება მაინც საჭირო გახდა. რატომ?

ფოტო: Reuters

ბოლო კვირების განმავლობაში  კორონავირუსის ეპიდემიის რუკაზე ავსტრია ევროპაში ყველაზე ცხელი წერტილი გახდა. ქვეყანაში როგორც ინფიცირებულთა, ასევე დაღუპულთა რიცხვი სწრაფად იზრდება. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ავსტრიის მოსახლეობის 65% აცრილია. თუმცა ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებლებზე უფრო შესამჩნევია ამ ფაქტორით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი. ხელისუფლებამ უკვე დააბრუნა ტოტალური კარანტინი როგორც აცრილი, ასევე აუცრელი პირებისთვის. ამ გადაწყვეტილებამ გახმოვანებისთანავე მასობრივი პროტესტი გამოიწვია. თუმცა ხელისუფლება დათმობას არ აპირებს და მზად არის, რომ ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო გახადოს. რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი მოსახლეობის ორი მესამედის აცრა პანდემიის დასამარცხებლად?

ავსტრიაში ნამდვილად ამ მასშტაბის კოვიდ-აფეთქებაა? 

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას შევადარებთ. ავსტრიაში არსებული სიტუაცია, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნამდვილად მკვეთრად გაუარესდა. აქ რთული ვითარებაა გერმანიასთან შედარებითაც კი, სადაც ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ პიკურ მაჩვენებელს მიაღწია. სხვა ქვეყნებსა და ავსტრიას შორის მთავარი განსხვავება სიკვდილიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებელია. თუმცა თუ ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სახელმწიფოებს შევადარებთ, ავსტრიაში არსებული ვითარება საკმაოდ ნორმალურად მოგვეჩვენება (ყოველ შემთხვევაში, სიკვდილიანობის თვალსაზრისით).

დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზებს ავსტრიის ხელისუფლება მარტივად ხსნის. როგორც მთავრობაში განმარტავენ, ქვეყანაში აცრილია მოსახლეობის "მხოლოდ" დაახლოებით 65%-ი, ევროპის სხვა ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ი და მეტია. ავსტრიაში ასევე ოდნავ დაბალია 60 წელს გადაცილებული აცრილი ადამიანების წილი (2-5 პროცენტული პუნქტით), რომელთა შორისაც განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სწორედ ამ ყველაფერით შეიძლება აიხსნას ხშირი ლეტალობა, ვიდრე დანარჩენ ევროპაში, სადაც ასევე მძვინვარებს პანდემიის მორიგი ტალღა. 

ავსტრიაში სავალდებულო აცრის შესახებ კანონი ძალაში 1-ლი თებერვლიდან შევა. მანამდე კი აუცრელი პირებისთვის კარანტინი იქნება, უახლოესი 20 დღის განმავლობაში კი ქვეყანა ყველა კატეგორიისთვის სრულად ჩაიკეტა. ქვეყნის კანცლერის ამ განცხადების საპასუხოდ, ბევრი ავსტრიელი  ქუჩაში გამოვიდა და ვენის ცენტრში სავალდებულო ვაქცინაციის ათიათასობით მოწინააღმდეგე შეიკრიბა. საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს ნაციონალისტური „თავისუფლების პარტია“, რომელიც ვაქცინაციასა და კარანტინს მუდმივად ეწინააღმდეგება (თუმცა პარტიის ლიდერებს დიდი ხნის წინ ფარულად აცრაში ადანაშაულებენ). აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ადრე ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები, ასევე, ისეთი სამედიცინო ორგანიზაციები, როგორიცაა ჯანმო, აცხადებდნენ, რომ აცრილთა 65%-ი პანდემიის დასამარცხებლად საკმარისი იქნებოდა. 

და მართლაც, ამდენი აცრილი ადამიანის მიუხედავად, მაინც რატომ არ დამარცხდა ვირუსი?

არსებობს მარტივი პასუხი: მოსაზრება, რომ მოსახლეობის ორი მესამედის ვაქცინაცია პანდემიის დასამარცხებლად საკმარისი იქნებოდა, მოძველდა. ეს ვარაუდი შეიძლება რელევანტური ყოფილიყო 2020 წლის ზაფხულში, როდესაც მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა ვირუსის ის ვარიანტები, რომლებიც 2019 წლის ბოლოს ჩინეთში გამოჩენილ „ორიგინალთან“ მიახლოებული იყო. თუმცა მას შემდეგ გაჩნდა უფრო ძლიერი შტამები, მათ შორის დელტა (ახლა დომინანტია ევროპაში), რომელიც გაცილებით გადამდებია. 


ავსტრიაში აცრილია მოსახლეობის 65%-ი, მაგრამ ასევე არის ბევრი ადამიანი, რომელთაც იმუნიტეტი "ბუნებრივად", ინფექციის შედეგად შეიძინეს. ოფიციალურად ეს არის დაახლოებით 12%-ი, ხოლო სხვა შეფასებებით - 15%-ი. ამრიგად, თეორიულად, ქვეყანა უახლოვდება ჯოგური იმუნიტეტის ზღურბლს, რაც ნიშნავს, რომ ეპიდემია უნდა გაქრეს. თუმცა ჩვენ სრულიად განსხვავებულ სურათს ვხედავთ: ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი სწრაფად იზრდება. 

ეს ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ ორი ჯგუფი - კოვიდგადატანილები და აცრილები ერთმანეთთან იკვეთება. ეს იმას ნიშნავს, რომ ავსტრიაში იმუნიტეტის მქონე ადამიანების საერთო რაოდენობა ჯერ კიდევ 80%-ზე ნაკლებია. მეორე მხრივ, თავად ჯოგური იმუნიტეტის კონცეფცია ზუსტი არ არის.  ყოველთვის არის ცალკეული ჯგუფები (სოციალური და ეროვნული თემებიდან ცალკეულ ოჯახებამდე), რომლებშიც ნაკლებია აცრილი და გამოჯანმრთელებული პაციენტი, ვიდრე საშუალოდ პოპულაციაში. ამ ჯგუფებში ეპიდემია შეიძლება გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მოსახლეობა "საშუალოდ" კარგად არის ვირუსისგან დაცული. 

და ბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა იმუნიტეტი არ იცავს ინფიცირებისგან, დაავადების სერიოზული გართულებისა და სიკვდილისგან. ჯოგური იმუნიტეტის ზღვრის დადგენისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ვაქცინებისა და ინფექციის შემდეგ მიღებული იმუნიტეტის ეფექტიანობა. თუ ორივე შემთხვევაში ეს არ აღემატება 80%-ს, მაშინ იმუნიტეტის მქონე ადამიანების 100%-ი პანდემიის სრულად შესაჩერებლად საკმარისი არ იქნება. 
ჯერჯერობით ევროკავშირიდან და განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ პანდემიას აცრის მაღალი მაჩვენებელიც ვერ ამარცხებს. თუმცა იმავე ევროპული ქვეყნების ანგარიში მკაფიოდ აჩვენებს, რომ აცრის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება სავსებით შესაძლებელია. 

მოცემულ სიტუაციაში სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ჩაკეტვა (ყოველ შემთხვევაში, აუცრელთათვის) სულ განმეორდება, თუ კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლება ჩათვლის, რომ ჯანდაცვის სისტემას გადატვირთვის საფრთხე ემუქრება. თუმცა ფართომასშტაბანი აცრის გარეშე, რომელიც სიკვდილიანობას ეფექტიანად ამცირებს, სხვა არჩევანი ნამდვილად არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვექნება გაუთავებელი კარანტინები. 

სხვა თემები