03 დეკემბერი 2021 - 10:26

რამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ და როგორია მისი გავრცელება მსოფლიოში?

ფოტო: shutterstock.com

მთელი მსოფლიოს მეცნიერები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები კორონავირუსის მორიგი ახალი შტამის გამოჩენით შეშფოთებას ვერ მალავენ. COVID-19-ის აღნიშნული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები ბოლო დრომდე მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ პროვინციაში გამოვლინდა. თუმცა უკვე ანალოგიური ფაქტები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, ისრაელსა და ბელგიაში. ექსპერტები შიშობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელება მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, გარდაუვალია. რა ვიცით „ომიკრონის“ შესახებ და რამდენად საშიშია ის?- ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პასუხები BBC-მ გასცა.

რა ხდება?

ამ ეტაპზე „ომიკრონით“ ინფიცირების 100-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული და მათი უმეტესობა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინცია გაუტენგში. ამავდროულად, ახალი შტამის ერთეული შემთხვევა მსოფლიოს რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც გამოვლინდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ჰონგ-კონგში „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტები პირდაპირ არიან დაკავშირებული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამოფრენილ უკვე დაავადებულ პირებთან. სამხრეთაფრიკელი მეცნიერები თავიანთ კვლევაზე დაყრდნობით, რომლის შედეგებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დიდი ალბათობით უკვე ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული. 

დიდმა ბრიტანეთმა აფრიკის ექვს ქვეყანასთან ფრენები უკვე გააუქმა. ესენი არიან: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანა, ნამიბია, ლესოთო, ზიმბაბვე და ესვატინი. აფრიკის უმეტესი ქვეყნებიდან ფრენების აკრძალვის შესახებ განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა ნაფტალი ბენეტმა. ახალ საშიშროებასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ჯანმომ ახალ შტამს ბერძნული ანბანის მე-15  ასოს სახელი -„ომიკრონი“ მიანიჭა. მას თავდაპირველად მოიხსენიებდნენ, როგორც B.1.1.529-ს. 

მეცნიერთა შეფასებით, „ომიკრონის“ მუტაციის რაოდენობა შემზარავია. სპეციალისტთა განმარტებით, კორონავირუსის არც ერთი წინა შტამის მუტაცია ასეთი ინტენსიური არ ყოფილა. ახლა ყველაზე მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება „ომიკრონი“ გავრცელდეს? 

რა არის ცნობილი „ომიკრონის“ შესახებ?

მეცნიერთა აზრით, ის  ყველა თავისი წინამორბედისგან ძალიან განსხვავდება. "ამ ვარიანტმა ყველანი გაგვაკვირვა. მან დიდი ევოლუციური ნახტომი გააკეთა და დაახლოებით 50 მუტაცია გაიარა", - განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეპიდემიოლოგიური რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტულიო დე ოლივეირამ. 50 მუტაციიდან დაახლოებით 30-მა ეგრეთ წოდებულ სპაიკ-ცილაზე იმოქმედა. სწორედ ეს უკანასკნელია ვირუსის ზედაპირზე არსებული ეკლის მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც მას მზის კორონას ფორმას აძლევს და რომლითაც ვირუსი ადამიანის უჯრედებში აღწევს. 

ეს არის ახალი ვარიანტის ყველაზე შემაშფოთებელი თვისება, რადგან ვაქცინების უმეტესობა სწორედ ამ ეკლის მსგავსი წარმონაქმნების განეიტრალებაზე მუშაობს, - ამბობენ მეცნიერები. მათი განმარტებით, ვირუსის სხვა ნაწილი, რომელიც ორგანიზმთან კონტაქტში შედის მას შემდეგ, რაც სპაიკ-ცილა უჯრედისკენ მიმავალ გზას  გაუხსნის, „ომიკრონის“ შემთხვევაში 10-ჯერ შეიცვალა. შედარებისთვის, „დელტა შტამში“ ვირუსის ამ სეგმენტმა მხოლოდ ორი მუტაცია განიცადა. მკვლევართა აზრით, მუტაციების დონე შეიძლება პროვოცირებული ყოფილიყო დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ერთი პაციენტის ორგანიზმში, რომელმაც ვირუსის გადალახვა ვერ შეძლო.

რით შეიძლება განსაკუთრებით საშიში აღმოჩნდეს „ომიკრონი“?

ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად ყველაფრისა, ინტენსიური მუტაცია შეიძლება ადამიანებისთვის სულაც არ აღმოჩნდეს. სპეციალისტების განმარტებით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახლა საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც ვუჰანში გამოვლენილი და პანდემიის გამომწვევი პირვანდელი ვერსიისგან რადიკალურად განსხვავდება. 

ეს იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ხელმისაწვდომი ვაქცინები B.1.1.529-ის იმავე „ომიკრონის“ წინააღმდეგ შეიძლება საკმარისად ეფექტიანი არ აღმოჩნდეს. კერძოდ, ზოგიერთი მუტაცია შეუძლებელს ხდის ადამიანის ორგანიზმში არსებული ანტისხეულების მიერ ვირუსის ისე მარტივად ამოცნობას, როგორც ეს სხვა შტამების შემთხვევაში ხდებოდა. ამავდროულად, N501Y-ის სახელით ცნობილი მუტაცია ვირუსს უფრო ინფექციურს ხდის და ყოველი ახალი ტრანსფორმაციის შემდეგ, გავრცელების მასშტაბები იზრდება. 

სწორედ ვირუსის გავრცელების უფრო ფართო შესაძლებლობები არის ის, რისიც ახლა მეცნიერებს ყველაზე მეტად ეშინიათ. გარდა ამისა, „ომიკრონის“ სახელით ცნობილმა ახალმა ვარიანტმა, როგორც ჩანს, ისწავლა, როგორ აუაროს გვერდი ადამიანის იმუნური სისტემის ზოგიერთ მექანიზმს, რომელიც ბოლო დრომდე ვირუსს საკმაოდ ადვილად ცნობდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა კორონავირუსის ახალი ვარიანტი ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია.

ასევე უცნობია, რამდენად უფრო ადვილი ან მძიმე  მიმდინარეობა ახასიათებს „ომიკრონს“, თუნდაც „დელტა შტამთან“ შედარებით.  სანამ ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს, ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები  გააძლიერონ და B.1.1.529-ის, იმავე „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ სტატისტიკა რეგულარულად მიაწოდონ.

სხვა თემები