15 დეკემბერი 2021 - 14:34

არის თუ არა სასურველი სხვადასხვა ვაქცინით აცრა? რას ამბობენ მეცნიერები?

ფოტო: Dado Ruvic/Reuters

სხვადასხვა კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მათ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა ვაქცინით აიცრა, უფრო მეტი ანტისხეულები აქვთ. თუმცა მაინც ისმის კითხვა: ეს რამე რისკთან  ხომ არ არის დაკავშირებული? შესაბამისი პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია.

რა ხდება?

2021 წლის 7 დეკემბრიდან ევროპის წამლის სააგენტო (EMA) და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) სხვადასხვა პრეპარატით კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას უწევენ რეკომენდაციას. ამ შემთხვევაში საუბარია ვექტორულ და რნმ ვაქცინებზე. ფაქტობრივად, იმავდროულად ოქსფორდის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა მეთიუ სნეპმა, რომელიც პაციენტებთან დაკავშირებულ დიდ კვლევას - Com-COV2 ხელმძღვანელობს, ე.წ. ჯვარედინი ვაქცინაციის (ორი განსხვავებული პრეპარატით აცრა) წარმატებული შედეგების შესახებ ისაუბრა.

როგორ გაჩნდა ორი სხვადასხვა პრეპარატით აცრის იდეა?  

მას შემდეგ, რაც EMA-მ AstraZeneca-ს ვაქცინა 2021 წლის იანვარში დაამტკიცა, მას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აკეთებდნენ. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ამ პრეპარატმა შეიძლება ახალგაზრდა ქალებში თრომბოზის რისკი გამოიწვიოს. 1-ელ აპრილს გერმანიის ვაქცინაციის მუდმივმა კომისიამ (Stiko) რეკომენდაცია გასცა, რომ აღნიშნული ვაქცინით მხოლოდ 60 წელს გადაცილებული პირები აცრილიყვნენ.


ეს იმას ნიშნავს, ბევრმა პაციენტმა, რომელთაც AstraZeneca-ს პირველი ინექცია გაუკეთდათ, მეორე დოზად BioNTech / Pfizer-ის ან Moderna-ს მიერ წარმოებული პრეპარატი მიიღო. დღეის მონაცემებით კი გერმანიაში ყველა ასაკოვან ადამიანს შეუძლია AstraZeneca-თი აიცრას, თუ ყველა რისკი ექიმთან წინასწარ იქნება განხილული. გარდა ამისა, არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ორი განსხვავებული ვაქცინის კომბინაცია პანდემიის შესაჩერებლად შეიძლება კარგი დროებითი გამოსავალი იყოს.

ვის აქვს მეტი ანტისხეულები?

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიმდინარე წლის ივნისში გამოაქვეყნეს თავიანთი კვლევის პირველი შედეგები, რომლის მიხედვითაც მათ, ვინც პირველად AstraZeneca-თი, მეორედ კი BioNTech / Pfizer-ით აიცრა, უფრო მეტი ანტისხეულები აღმოაჩნდათ, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც სრულად AstraZeneca-თი იყო ვაქცინირებული. ამავდროულად, საპირისპირო თანმიმდევრობა - ჯერ- BionTech / Pfizer-ი და შემდეგ- AstraZeneca, ასევე უფრო ეფექტიანი იყო, ვიდრე AstraZeneca-ს ორი დოზა.


ანტისხეულების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა კვლევის იმ მონაწილეებში, რომლებმაც BioNTech / Pfizer-ის ორი დოზა მიიღეს. თუმცა „ჯვარედინი ვაქცინაციის“ შემთხვევაში - ჯერ- BioNTech / Pfizer-ი და შემდეგ- Moderna - შედეგი უფრო უკეთესი იყო. კვლევაში, სახელწოდებით  Com-COV, მონაწილეობდა 50 წელს გადაცილებული 830 მოხალისე, რომლებმაც ვაქცინების სხვადასხვა კომბინაცია გაიკეთეს. პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი 4 კვირა იყო. 
მეორე კვლევამ, სახელწოდებით Com-COV2, 1070 მოხალისის შედეგები შეისწავლა. ამავდროულად, ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი მეთიუ სნეპი დარწმუნებულია, რომ AstraZeneca-თი ორჯერადად აცრას კოროვირუსთან ბრძოლაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენ ვიცით, რომ ორი იდენტური პრეპარატით სტანდარტული ვაქცინაცია COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობისა და დელტა შტამის წინააღმდეგ ძალიან ეფექტიანია“, - ამბობს მეცნიერი. 

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დიდ ბრიტანეთში კოროინავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა და არა 4 კვირა, როგორც ეს Com-COV-ის შემთხვევაში გახლდათ. თუმცა პროფესორმა სნეპმა BBC-ს განუცხადა, რომ მისმა გუნდმა ივლისში ასევე გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მონაწილეებიც სხვადასხვა პრეპარატით იყვნენ აცრილი, ხოლო პირველ და მეორე დოზებს შორის შუალედი 12 კვირა იყო. 

თავის მხრივ, საარის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ, ვისაც ჯერ AstraZeneca-ს, შემდეგ კი BioNTech/Pfizer-ის ვაქცინა გაუკეთეს, გამოუმუშავდათ უფრო ძლიერი იმუნური პასუხი, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი და იმავე პრეპარატით ორჯერადად აიცრნენ. გერმანელმა მეცნიერებმა თავიანთი შედეგები 2021 წლის ივლისის ბოლოს სპეციალიზებულ ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს. 

ვაქცინების რომელი კომბინაციაა ყველაზე ეფექტიანი? 

ჰომბურგში მდებარე საარის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებულ კვლევაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ზოგიერთი მათგანი AstraZeneca-თი იყო აცრილი, ნაწილი - BioNTech/Pfizer-ით, დანარჩენები - ჯერ AstraZeneca-თი, შემდეგ კი- BioNTech / Pfizer-ით. 


მკვლევრებმა მეორე დოზიდან ორი კვირის შემდეგ სამივე კატეგორიის  წარმომადგენელთა იმუნური რეაქცია შეადარეს. „ჩვენ არა მხოლოდ გავარკვიეთ, აცრილებში რამდენი ანტისხეული წარმოიქმნა, არამედ დავადგინეთ ე.წ. გამანეიტრალებელი ანტისხეულების გავლენის სიძლიერე“, - ამბობს საარის უნივერსიტეტის ტრანსპლანტაციისა და ინფექციური იმუნოლოგიის პროფესორი მარტინა ზესტერი. „ამავდროულად, ეს გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აკავებენ ანტისხეულები ვირუსს, რათა ამ უკანასკნელმა უჯრედში ვერ შეაღწიოს“, - დასძენს მეცნიერი.  
 
ანტისხეულების ანალიზმა აჩვენა, რომ BioNTech / Pfizer-ის ორი დოზა და AstraZeneca-სა და BioNTech / Pfizer-ის ვაქცინების კომბინაცია უფრო ეფექტიანია, ვიდრე - ორი დოზა AstraZeneca. კვლევის მონაწილეებმა, რომლებიც პირველი ორი ვარიანტით იყვნენ ვაქცინირებული, ათჯერ მეტი რაოდენობის ანტისხეული განუვითარდათ, ვიდრე მათ, ვინც  AstraZeneca-ს ორ დოზით აიცრა. ”რაც შეეხება გამანეიტრალებელ ანტისხეულებს, კომბინირებული ვაქცინაციის სტრატეგია უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე - BioNTech / Pfizer-ის ორი დოზა”, - ამბობს ზესტერი. 

ზუსტი მონაცემები არ არსებობს

ესპანური კვლევა, სახელწოდებით CombivacS-ი, რომელშიც 663 ადამიანი მონაწილეობდა და მადრიდის კარლოს III-ის სახელობის ჯანმრთელობის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს, ანალოგიური შედეგებით დასრულდა. მისი წინასწარი მონაცემები სპეციალიზებულ გამოცემა Nature-ში გამოქვეყნდა. თუმცა აღნიშნულ ექსპერიმენტს, ისევე, როგორც საარის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევას, დამოუკიდებელი ექსპერტების შემოწმება ჯერ არ გაუვლია. Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მხოლოდ შუალედურ მონაცემებზეა საუბარი. ესპანური კვლევის მონაწილეთა ორ მესამედს AstraZeneca-ს პირველი დოზის შემდეგ BioNTech / Pfizer-ის მეორე ინექცია ჰქონდა გაკეთებული. სტატიის Nature-ში გამოქვეყნების დროისთვის კი ერთი მესამედი მხოლოდ ერთჯერადად იყო აცრილი. 

ბარსელონას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის (ერთ-ერთი კვლევა სწორედ აქ ჩატარდა) წარმომადგენლის, მაგდალენა კამპინსის თქმით, მონაწილეებს, რომლებიც ორი განსხვავებული პრეპარატით იყვნენ აცრილი, მეორე დოზის შემდეგ ჰქონდათ უფრო მეტი ანტისხეულები, რომლებსაც ლაბორატორიული ტესტებით კორონავირუსის ამოცნობა და განეიტრალება შეეძლოთ. თუმცა ამ კვლევის მინუსი არის ის, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა საკონტროლო ჯგუფის გარეშე, რომელშიც ერთი და იმავე პრეპარატით აცრილი მოხალისეები იქნებოდნენ. 

მიუხედავად სხვადასხვა კვლევის შედეგებისა, გერმანიაში ორი განსხვავებული პრეპარატით აცრა ერთი და იმავე ვაქცინით აცრას უტოლდება. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო პაულ ერლიხის ინსტიტუტის მონაცემებით ხელმძღვანელობს. „ჯვარედინი ვაქცინაცია“ აღიარებულია კანადაშიც. ამ თემაზე კვლევა აშშ-ში ჯერ კიდევ გრძელდება.

სხვა თემები