25 დეკემბერი 2021 - 10:28

შეუძლია თუ არა „ომიკრონს“ ახალი გლობალური ტალღის პროვოცირება? როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსის ახალი შტამისგან?

ფოტო: Facebook

Sars-Cov-2-ის მორიგი ახალი შტამის გამოჩენამ ბოლო მოუღო ექსპერტების ფრთხილ ოპტიმიზმს, რომ Covid-19-ის პანდემია მალე დასრულდება. „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის და ის ჯერ კიდევ ფრაგმენტული, ხშირად კი - ურთიერთგამომრიცხავია. ექსპერტები იმასაც შიშობენ, რომ მუტაციური ვირუსი შეიძლება ტესტირების მეთოდით ნაკლებად დაფიქსირდეს ან მან ისწავლოს ჩვენი იმუნური დაცვის  გვერდის სრულად ავლა, ასე რომ ვაქცინაცია ინფექციის მსუბუქი მიმდინარეობის გარანტი აღარ იყოს. შეესაბამება თუ არა ეს ეჭვები სინამდვილეს?- პასუხები BBC-მ მოიძია.

გამოიწვევს თუ არა „ომიკრონი“ მორიგ გლობალურ ტალღას?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჯერ უნდა განვსაზღვროთ, რას ვგულისხმობთ მორიგ ტალღაში? თუ ვსაუბრობთ ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და დადებითი ტესტების წილზე, მაშინ ახალი ტალღა სავსებით შესაძლებელია და ძალიან მოსალოდნელიც კი.  მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში, სადაც ვირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ სამ-ოთხ დღეში ორმაგდება


უფრო მეტიც, წინასწარი მონაცემებით, ახალი შტამის სწრაფ გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის ფაქტი, რომ „ომიკრონმა“ შეძლო და ჩვენს იმუნურ დაცვასთან ნაწილობრივ ადაპტირდა. დიდი ალბათობით, ის კოვიდგადატანილ პირებსაც ემართებათ. ეს კი ინფიცირების ახალი ტალღის სასარგებლოდ კიდევ ერთი არგუმენტია. თუ ვსაუბრობთ ჰოსპიტალიზაციის ახალ ტალღაზე (დაავადების მძიმე შემთხვევებზე, როდესაც პაციენტებს  პროფესიონალური სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ), მაშინ ეს გაცილებით ნაკლებად სავარაუდოა - განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც აცრილი მოსახლეობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება.

იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია აცრილი, ჰოსპიტალიზაციის ახალი ტალღა სავსებით მოსალოდნელია. იმავე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ზრდასრულთა მხოლოდ 24% -ია ვაქცინირებული, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ინფიცირების მძიმე მიმდინარეობის მზარდ სიხშირეზე უკვე საუბრობენ. ყველაზე ხშირად საავადმყოფოში 60 წელს გადაცილებული პაციენტები ხვდებიან. თუმცა თითქმის იმავე სიხშირით ხდება ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების ჰოსპიტალიზაციაც. 
ამავდროულად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საავადმყოფოებიდან მოდის იმედისმომცემი ცნობები, რომ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს ჟანგბადი  ნაკლებად ესაჭიროებათ. თუმცა ადგილობრივი მედპერსონალი იმასაც უსვამს ხაზს, რომ მტკიცებით ფორმაში ამაზე საუბარი, ჯერ ნაადრევია.

როდის გვექნება ზუსტი პასუხი?

გაცილებით დამაჯერებული პასუხი მთავარ კითხვაზე - არის თუ არა „ომიკრონი“ ვირუსის უფრო ინფექციური ვარიანტი?- უნდა მივიღოთ მომდევნო კვირების განმავლობაში, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები  ადგილობრივ სტატისტიკას გაანალიზებენ. რაც შეეხება ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებას და ზოგადად, იმუნური სისტემის შესუსტებას, აქ კონკრეტული პასუხის მისაღებად გაცილებით მეტი დროა საჭირო. შეიძლება თვეების განმავლობაში დაკვირვება  დასჭირდეს იმის გაგებას, თუ რამდენად კარგად ისწავლა ვირუსმა ჩვენი იმუნური დაცვის გვერდის ავლა.

იყო  თუ არა შესაძლებელი ვირუსის ახალი შტამების წარმოქმნის თავიდან აცილება?

დიახ, ვაქცინაციის გლობალური კამპანია უფრო თანაბარი რომ ყოფილიყო. მაშინ, როდესაც ზოგიერთ მდიდარ ქვეყანაში მოსახლეობის ნაწილმა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა უკვე მიიღო, აფრიკასა და სხვა განვითარებად ქვეყნებში ზრდასრულთა მხოლოდ მცირე ნაწილია აცრილი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ორი დოზით მხოლოდ ყოველი მე-4 მოქალაქეა აცრილი, ზამბიაში - ყოველი 25-ე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი-  ყოველი მე-1000. 
 

მოსალოდნელია თუ არა ტესტებისა და ვაქცინების ეფექტიანობის განულება?

არა იმდენად, რომ ამაზე სერიოზულად ვინერვიულოთ და მითუმეტეს, პანიკა დაიწყოს. პსრ ტესტებისა და მითუმეტეს, ვაქცინების გზადაგზა "შესწორება" და ახალ შტამთან ადაპტირება გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი ნულიდან დამუშავება. მაგალითად, მეცნიერებმა „ომიკრონის“ ერთ-ერთ მუტაცია „ალფაში“ უკვე ნახეს  და შეიმუშავეს ტესტები, რომლებიც მიზნად ისახავს ვირუსული გენომის ამ კონკრეტული ფრაგმენტის აღმოჩენას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტესტებმა ახალი შტამის სრულყოფილად იდენტიფიცირება უნდა შეძლონ. 


ვაქცინის მწარმოებლები ვირუსის მუტაციებს ყურადღებით აკვირდებიან და მათი პრეპარატების ეფექტიანობას ყველა ძირითადი ვარიანტის წინააღმდეგ  მუდმივად ამოწმებენ. წინასწარი მონაცემებით, არსებული ვაქცინები ინფიცირების მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალური შედეგებისგან დაცვას ამ ეტაპზეც შესანიშნავად ართმევენ თავს. ამავდროულად, არსებობს არც თუ ისე სანდო (ჯერ არ არის დადასტურებული სამეცნიერო საზოგადოების მიერ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის  თავდაპირველი, ვუჰანური ვარიანტის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულები ომიკრონს 40-ჯერ უფრო ცუდად ანეიტრალებს.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და ახლობლები ვირუსისგან?

Covid-19-ისგან საუკეთესო დაცვას იძლევა აცრა და ეს ეხება არა მხოლოდ თავად ინფექციას, არამედ ვირუსით გამოწვეულ სხვა პოტენციურ პრობლემებს. თუ ორი დოზა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ გაიკეთეთ (ჩინური ვაქცინების შემთხვევაში ვადა 3 თვემდე მცირდება), უკვე ბუსტერის დროა. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ბუსტერ დოზა იმუნურ დაცვას საგრძნობლად გაზრდის, მაგრამ ისინი კონკრეტული ციფრების დასახელებისთვის ჯერ მზად არ არიან. ამავდროულად, Pfizer-მა უკვე განაცხადა, რომ მისი ვაქცინის მესამე დოზა მნიშვნელოვნად ამცირებს Covid-19-ით ხელახალი ინფიცირების ალბათობას, რადგან ის 25-ჯერ ზრდის სპეციფიკური ანტისხეულების კონცენტრაციას და ისინი კონკრეტულად „ომიკრონის“  წინააღმდეგ მოქმედებენ. 

ამავდროულად, თავდაცვის სხვა გზებიც არსებობს. ექსპერტები შეგვახსენებენ, რომ „ომიკრონი“ ვრცელდება ზუსტად ისე, როგორც კორონავირუსის წინა ვარიანტები. ეს იმას ნიშნავს, რომ  სიფრთხილის იგივე ზომები უნდა დაიცვათ: არ დაივიწყოთ სოციალური დისტანცია, ატარეთ ნიღაბი,  ხშირად და კარგად დაიბანეთ ხელები. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომელიბიც დიდ დროს ატარებენ დახურულ სივრცეში. ასეთ პირობებში, ეპიდემიოლოგების აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს შენობის ვენტილაციას. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ საათში ერთხელ რამდენიმე წუთით ფანჯარა გააღოთ.

სხვა თემები