25 დეკემბერი 2021 - 10:38

დაგვიცავს თუ არა ბუსტერ დოზა „ომიკრონისგან“? არსებობს თუ არა უკვე COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტები?

ფოტო: Facebook

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე, ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ბუსტერ დოზის აქტიურ პროპაგანდას იწყებს. თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებელთა გარკვეული კატეგორია ვაქცინის მესამე ინექციის სარგებელს ეჭვქვეშ აყენებს. Deutsche Welle-მ ყველაზე გავრცელებული მტკიცებულებები გადაამოწმა.

მართალია თუ არა, რომ ბუსტერ დოზა „ომიკრონისგან“ არ იცავს? 

სოციალურ ქსელებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ „ომიკრონის“ გამოჩენა უკვე მეტყველებს იმაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, მათ შორის- ბუსტერ დოზაც, სრულიად უსარგებლოა. SARS-CoV-2-ის ამ კონკრეტული მუტაციის წინააღმდეგ არსებული ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ დღეისათვის მხოლოდ წინასწარი სამეცნიერო მონაცემები არსებობს. ბევრი ვირუსოლოგი ბუსტერ დოზას ომიკრონისგან დაცვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევს. 

დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა Twitter-ზე განთავსებულ თავის მიკრობლოგზე თქვა: „ომიკრონისგან“ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია სულ უფრო მეტი და ცხადი ხდება. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ უკვე ვიცით, ბუსტერ დოზა საიმედო დაცვას უზრუნველყოფს, უკიდურეს შემთხვევაში, ის გართულებებისგან გვიცავს.” თავის მხრივ, ვაქცინის მწარმოებელი კომპანია BioNTech/Pfizer-ი ამტკიცებს, რომ „ომიკრონისგან“ სრულად დასაცავად საჭიროა ვაქცინის, სულ ცოტა, სამი დოზა. 

გერმანიის იმუნოლოგიის საზოგადოების (DGfI) ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი რაინჰოლდ ფორსტერიც თვლის, რომ ბუსტერ დოზა „ომიკრონისგან“ დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ”ჩვენ ჯერ არ ვიცით, შესუსტდება თუ არა მესამე ინექციის ეფექტი”, - განმარტავს ის DW-სთან ინტერვიუში. ”ვვარაუდობ, რომ ბუსტერ დოზის შემდეგ ადამიანი ბევრად უფრო დაცულია ინფექციისგან, ვიდრე მეორე ინექციის შედეგად. ამავდროულად, ის უფრო მეტხანს არის დაცული იმისგან, რომ ინფექციის პასიური გადამტანი არ გახდეს ან COVID-19-ისგან გართულებები არ განუვითარდეს“, - დასძენს მეცნიერი. 

ამტკიცებს თუ არა ბუსტერ დოზის საჭიროება, რომ აცრა უსარგებლო და უშედეგოა? 

Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ისრაელი ბუსტერ დოზის არაეფექტიანობის მთავარი მაგალითია. კერძოდ, 6 დეკემბრის გზავნილში ნათქვამია: „ისრაელი რნმ ვაქცინებით აცრას ერთი წლის განმავლობაში უკვე მეოთხე წრეზე იწყებს. მას, ვინც მოცემულ სიტუაციაში „წარმატებულ ვაქცინაციაზე“ საუბრობს, უბრალოდ აზროვნების უნარი აქვს დაკარგული ან მას სჭირდება ფაქტობრივი ინფორმაციის ნეიტრალურ წყაროსთან კონსულტაცია“.

ამის საპირისპიროდ, New England Journal of Medicine-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა იძლევა იმის მტკიცებულებას, რომ რევაქცინაციის კამპანიამ ისრაელში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. კვლევაში მონაწილეობდა ქვეყნის 60 წლისა და უფროსი ასაკის 1,3 მილიონი მოქალაქე, მათ შორის ვინც უკვე ორჯერ იყო აცრილი. კვლევის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა ბუსტერ დოზაც გაიკეთა. მათი ინფიცირების დონე, სხვა ჯგუფთან შედარებით, 11,3-ჯერ შემცირდა. 2021 წლის 10 დეკემბრის მონაცემებით, ისრაელის მოსახლეობის 44%-მა ბუსტერ დოზა უკვე გაიკეთა. აღნიშნული პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი გერმანიაში 21,3% იყო.

მართალია თუ არა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა შემცირდა?

ვაქცინაციის ეფექტის შემცირებას რობერტ კოხის ინსტიტუტიც (RKI) ადასტურებს. დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, COVID-19-ის სიმპტომატური მიმდინარეობისგან დაცვის დონე ორჯერადად აცრილ პაციენტებში, 18-59 წლის ასაკობრივი ჯგუფისა და 60 წელს გადაცილებული პირების შემთხვევაში, 80-დან 68%-მდე შემცირდა.

მართალია თუ არა, რომ ბუსტერ დოზა მუდმივ რევაქცინაციას ნიშნავს? 

4 დეკემბერს, Twitter-ზე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ფრაქციის ხელმძღვანელმა ბუნდესტაგში, ელის ვაიდელმა სავალდებულო ვაქცინაციის საფრთხის შესახებ დაწერა. „BioNTech-ის დამფუძნებელი შაჰინი (უგურ შაჰინი) ხელების ფშვნეტით აცხადებს, რომ უკვე აცრილმა ადამიანებმა ამჯერად ვაქცინა „ომიკრონის“ საწინააღმდეგოდ უნდა გაიკეთონ. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავაღწიოთ თავი ამ განუწყვეტელ აცრებს!", - ამბობს პოლიტიკოსი. 

სინამდვილეში, გერმანიაში არ არსებობს სავალდებულო ვაქცინაცია, რომელიც კონკრეტულად „ომიკრონის“ წინააღდმდეგ არის მიმართული. იმავდროულად, 10 დეკემბერს ბუნდესტაგმა და ბუნდესრატმა ინფექციისგან დაცვის შესახებ კანონში მიიღეს ცვლილებები, რაც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო აცრას მთელი რიგი პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლებისთვის. კერძოდ, ეს ეხება საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალს. აღნიშნული წესი გერმანიაში 2022 წლის მარტიდან ამოქმედდება. 

რაც შეეხება ბუსტერ დოზას, COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტის მაღალი დონის შესანარჩუნებლად ვირუსოლოგთა უმრავლესობა მის გაკეთებას გვირჩევს. დასკვნა, რომ ვაქცინის მესამე დოზა ინფექციაზე ორგანიზმის იმუნურ პასუხს აძლიერებს, დასტურდება იმ კვლევის მიხედვითაც, რომლის სახელწოდებაა "უსაფრთხოება და იმუნური პასუხის გამოწვევის უნარი COVID-19-ის შვიდ ვაქცინაში, რომლებიც მესამე დოზისთვის გამოიყენება". აღნიშნული პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დააფინანსა. 

ზემოთ ხსნებული კვლევის ფარგლებში, 30-დან 78 წლამდე ასაკის 2878 ადამიანმა, რომლებიც BioNTech/Pfizer-ით ან AstraZeneca-თი ორჯერადად იყვნენ აცრილი, გაიკეთა მესამე, ბუსტერ დოზა შვიდი ვაქცინიდან ერთ-ერთით. ამის შედეგად დაფიქსირდა, რომ მათი ასაკისა და მესამე ინექციისთვის გამოყენებული პრეპარატის მიუხედავად, ადამიანებში იმუნიტეტის დონე გაიზარდა. მხოლოდ ფრანგულმა პრეპარატმა Valneva-მ, რომელიც ინაქტივირებული კორონავირუსის საფუძველზე არის შექმნილი, კლინიკურ კვლევაში დამაკმაყოფილებელი შედეგი არ აჩვენა. 

არსებობს თუ არა უკვე კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლები?

დღეს უკვე ბევრი ამყარებს იმედებს არა მხოლოდ რევაქცინაციაზე, არამედ COVID-19-ის საწინააღმდეგო წამლებზეც. რამდენიმე ასეთი პრეპარატი ევროპულმა მარეგულირებელმა EMA-მ და ამერიკულმა FDA-მ უკვე დაარეგისტრირეს. კერძოდ, საუბარია შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-სა და ამერიკული Regeneron-ის მიერ წარმოებულ, ანტისხეულებზე დაფუძნებულ პრეპარატ Ronapreve-სა და სამხრეთკორეული Celltrion-ის მედიკამენტ Regkirona (Regdanvimab)-ზე. გარდა ამისა, 8 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეგისტრირდა AstraZeneca-ს პრეპარატი Evusheld-ი, რომელიც განკუთვნილია ალერგიის მქონე ადამიანებისთვის, ვისაც აცრა არ შეუძლია.

იმუნოლოგ ფორსტერის თვალსაზრისით, იმ წამლების არსებობა, რომლებიც ვირუსის გავრცელებას აფერხებენ, შეიძლება "პანდემიიდან გამოსვლას" ნიშნავდეს. თუმცა ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა, ამისთვის ერთი ან ორი წამალი საკმარისი არ აღმოჩნდეს. ”ჩვენ ალბათ დაგვჭირდება სხვადასხვა მედიკამენტი, რომელთა მოქმედებაც სხვადასხვა ფაქტორზე იქნება გათვლილი და ვირუსის გამრავლებას შეუშლის ხელს“, - აცხადებს მეცნიერი.

სხვა თემები