05 იანვარი 2022 - 11:50

ნიშნავს თუ არა გონების ხშირი გაფანტვა ყურადღების დეფიციტსა და ჰიპერაქტიურობას?  

ფოტო: Facebook

ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობა ნეიროგანვითარების ერთ-ერთი დარღვევაა. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სინდრომი ჩნდება თავის ტვინის ფუნქციონირების გარკვეული შეფერხების გამო ძირითადად იმ უჯრედებში, რომლებიც ყურადღებაზე არიან პასუხისმგებელი. ეს შეიძლება ადრეულ ბავშვობაშიც გამოვლინდეს, თუმცა სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპეაქტიურობის სინდრომის დიაგნოზის დასმა რთულია. ამის მიზეზი არის ის, რომ ამ პერიოდში ბევრი ბავშვია იმპულსური და უყურადღებო, ამიტომაც ნორმისა და დარღვევის განსხვავება საკმაოდ ძნელია.

როგორ ვლინდება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი? რით განსხვავდება ეს მდგომარეობა ჩვეულებრივი სიზარმაცისგან?

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი სამი ძირითადი სიმპტომით ვლინდება: უყურადღებობა, იმპულსურობა და ჰიპერაქტიურობა. ერთი შეხედვით, ეს ნიშნები ნებისმიერ ბავშვსა თუ ზრდასრულში შეიძლება შევნიშნოთ. მართლაც, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანს გაფანტვია გონება გაკვეთილზე, რიგში დგომისას მოუთმენლობა დაგვუფლებია ან კარგად დაფიქრების გარეშე ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიგვიღია.  

განსხვავება მსგავს სიტუაციებსა და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს შორის არის ის, რომ განვითარების დარღვევის შემთხვევაში ეს სიმპტომები ბავშვობიდან ვლინდება, ცხოვრების რამდენიმე სფეროს გამუდმებით ეხება და ძლიერი სურვილის შემთხვევაშიც კი, ადამიანი ვერ აკონტროლებს მას ან ძლივს ახერხებს მის მართვას. ამ ყველაფრის შედეგი პიროვნების ცხოვრებაზე ცუდად აისახება. ის მოქმედებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და სწავლის უნარზე (ხშირად იცვლის სკოლას, რიცხავენ უნივერსიტეტიდან). ასეთ დროს პაციენტს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესწრულებაც უჭირს. სპეციალისტების შეფასებით, ბავშვის უბრალო ჰიპერაქტიურობა ან ადამიანური სიზარმაცე ცხოვრების ხარისხზე არ მოქმედებს. თუ ბავშვს  ნიშნების გამო უსაყვედურებენ, მას შეუძლია აკადემიური მოსწრების გამოსწორება. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის შემთხვევაში კი ის ყოველთვის ცუდ შეფასებებს იღებს, თუმცა მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები კარგ ნიშნებზე სწავლის საშუალებას აძლევს. 

ამავდროულად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ სიტუაციები, როდესაც მათ გონება კი არ ეფანტებათ, არამედ პირიქით, ის მთლიანად ერთ საქმეზე კონცენტრირდება. ამ მდგომარეობას ჰიპერფოკუსი ეწოდება. ამ დროს ადვილია დაიწყოთ ონლაინ თამაში და ვერც კი შეამჩნიოთ, როგორ მიითვისებს ეს პროცესი თქვენი ცხოვრების რამდენიმე საათს.

რა იწვევს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ნეიროგანვითარების დარღვევად მიიჩნევა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარი მიზეზი ტვინის მუშაობის დარღვევაა. თუმცა კონკრეტულად რა ფუნქციაა განსხვავებული და რამდენად ძლიერია ამ დარღვევის გავლენა, დანამდვილებით არავინ იცის. საერთაშორისო სახელმძღვანელოებსა და რეკომენდაციებში წერენ, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის განვითარებაზე მრავალი შიდა და გარე ფაქტორი ზემოქმედებს. 
ეს მიზეზი შეიძლება იყოს:

•    თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებები. არსებობს მონაცემები, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ადამიანის ტვინში ზოგიერთი უბანი სტანდარტული ზომებისგან მოცულობით განსხვავდება. თუმცა ამ დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს არ აქვს აღნიშნული სიმპტომი და დიაგნოზის დასადგენად თავის ტვინის კვლევების ჩატარება საჭირო სულაც არ არის. 

•    თავის ტვინში ქიმიური ნივთიერებების თანდაყოლილი დისბალანსი. შესაძლებელია, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ნეირომედიატორების დისბალანსის გამო განვითარდეს. ეს არის ნივთიერებები, რომელთა მეშვეობითაც ნერვული უჯრედები სიგნალს გადასცემენ. თუმცა ეს შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს გარკვეული ცვლილებებით, რომლებიც რეალურად არის ამ სინდრომის მიზეზი.

•    გენეტიკური მახასიათებლები. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობითია და მისი გადაცემის ალბათობა ძალიან მაღალია - დაახლოებით 80%-ი. თუმცა ეს მაჩვენებელი მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც გენების გარკვეული სინთეზი მემკვიდრეობით მიიღება, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის შემთხვევაში კი, მრავალი ასეთი კომბინაცია არსებობს. აქედან გამომდინარე, გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვანად ითვლება, მაგრამ ეს არ ამტკიცებს დანამდვილებით, ექნება თუ არა ბავშვს აღნიშნული სინდრომი. 

•    ნაადრევი მშობიარობა. დაბადებისას ნორმაზე ნაკლები წონა და მცირე ასაკში თავის ტრავმა. ყველა ეს ფაქტორი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვებში ძალიან ხშირია. თუმცა არ არის ნათელი, თუ როგორ გამოიყურება გენეტიკურ-მიზეზობრივი კავშირი და იწვევს თუ არა ეს გამოვლინებები ამ სინდრომს. 

•    ორსულობის დროს დედის მოწევა. მწეველ დედებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვები უფრო ხშირად ჰყავთ, ვიდრე - არამწეველებს. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ახდენს თუ არა პირდაპირ გავლენას სიგარეტი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის განვითარებაზე. 

•    კვება. ეს არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის განვითარების ყველაზე საკამათო რისკფაქტორი. ერთი მხრივ, არსებობს კვლევები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მაგალითად, უბრალო შაქრის ჭარბი რაოდენობით შემცველი საკვების მიღება ბავშვებში ამ სინდრომის გამოვლინებებზე ზემოქმედებს. მეორე მხრივ, ეს კვლევები არ არის საკმარისად სანდო იმისთვის, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ყველა პაციენტზე განვავრცოთ. ამიტომაც საერთაშორისო რეკომენდაციებით, ამ კატეგორიის ბავშვები გარკვეული პროდუქტების მიღებაში არ უნდა შევზღუდოთ.

ჰიპერაქტიურობისა და იმპულსურობის სიმპტომები

ჰიპერაქტიურობის გამოვლინებებია: 

1.    გონების ხშირი გაფანტვა;
2.    ყურადღების დეფიციტი ცხოვრების ერთზე მეტ სფეროზე  ვრცელდება. მაგალითად, სახლში, სკოლასა და წრეებზე;
3.    ეს პროცესი გრძელდება, სულ ცოტა, ექვს თვეს;
4.    აღნიშნული სიმპტომები 12 წლამდე ვლინდება;
5.    უარესდება ადამიანის მდგომარეობა სკოლაში, კომუნიკაციის სფეროში ან სამსახურში;

ამავდროულად, არსებობს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის კრიტერიუმები, მაგრამ მათ შეიძლება მოძველებული ეწოდოს. მაგალითად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დიაგნოზისთვის ადამიანს უნდა ჰქონდეს როგორც ყურადღების დეფიციტის, ასევე - ჰიპერაქტიურობის ნიშნები. თუმცა დღეს უკვე ნათელია, რომ ამ მახასიათებლებს შორის ერთიც სავსებით საკმარისია. 

როგორ მკურნალობენ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს, თუ ეს განვითარების თანდაყოლილი დარღვევაა?

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ვერ განიკურნება ისე, როგორც მაგალითად - ბაქტერიული პნევმონია ანტიბიოტიკებით. თუმცა გარემოსთან ადაპტაცია, გარკვეული უნარების ვარჯიში, მედიკამენტების მიღება, ფსიქოთერაპია და სხვა მეთოდები დაგეხმარებათ ამ სინდრომის სიმპტომების მოცილებაში ან შემცირებაში მაინც და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. 

სხვა თემები