21 იანვარი 2022 - 11:10

იქნება თუ არა მალე „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა? ვინ მუშაობს მასზე და როდის უნდა ველოდოთ ახალ პრეპარატს? 

ფოტო: Facebook

მსოფლიოში „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე სულ უფრო მეტი ექსპერტი საუბრობს იმ ვაქცინების მოდიფიცირების აუცილებლობაზე, რომლებიც მასობრივი იმუნიზაციისთვის ამ დროისთვის გამოიყენება. რომელი მწარმოებელი ატარებს უკვე მსგავს კვლევას და როდის იქნება „ომიკრონის“ საწინააღმდეგო პირველი „ვაქცინა“ ხელმისაწვდომი, ამ თემაზე ინფორმაცია Deutsche Welle-მ მოიძია.

Novavax-ი

22 დეკემბერს, მხოლოდ ორი დღის შემდეგ, რაც ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Nuvoxavid ვაქცინა დაამტკიცა, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატის პირველი 4 მილიონი დოზა შეუკვეთა. მოსალოდნელია, რომ ის ქვეყნის სამედიცინო პრაქტიკაში უკვე იანვარში დაინერგება. ”ყველაფერი, რაც ჩვენ აქამდე ვიცით, იმაზე მეტყველებს, რომ Novavax-ი, სავარაუდოდ, ძალიან კარგი ვაქცინაა”, - ამბობს გერმანიის იმუნოლოგიის საზოგადოების ხელმძღვანელi კარსტენ ვაცლი Die Augsburger Zeitung-თან ინტერვიუში. 

მწარმოებელი კომპანია Novavax-ის თანახმად, მისი ვაქცინის ეფექტიანობა კლინიკური კვლევების ფარგლებში აშშ-სა და მექსიკაში, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით 90%-ი იყო. თუმცა ეს მონაცემები მიღებულია 2021 წლის შუა პერიოდში, ჯერ კიდევ „ომიკრონის“ გამოჩენამდე. EMA-ს მიერ Nuvoxavid-ის დამტკიცების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისას თავის ვებგვერდზე პაულ ერლიხის ინსტუტუტი წერს:  „ამ ცდების დროს, ვირუსის ყველაზე გავრცელებული ვარიანტები იყო „ალფა“ და „ბეტა“. ამჟამად არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები სხვა შემაშფოთებელი ვარიანტების, მათ შორის „ომიკრონის“ წინააღმდეგ Nuvoxavid-ის ეფექტიანობის შესახებ“.

იმუნოლოგ კარსტენ ვატცლის თქმით, Novavax-ის პრეპარატი უნდა შეიცვალოს, რათა მან  „ომიკრონის“ მუტაციური სპაიკ-ცილების წინააღმდეგ დაცვა უზრუნველყოს. უფრო მეტიც, ექსპერტის აზრით, რნმ ვაქცინების მწარმოებლებთან შედარებით, კონცერნისთვის საწყისი პრეპარატის შესაბამისი ოპტიმიზაცია უფრო რთული იქნება. თავის მხრივ, Novavax-მა ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინისთვის სპეციალური სპიკ-ცილის შექმნა დაიწყო. ამ პრეპარატის წარმოება 2022 წლის იანვარში იგეგმება.

BioNTech/Pfizer-ი

2021 წლის 8 დეკემბერს, ამერიკულმა კონცერნმა Pfizer-მა გამოაქვეყნა პირველი ლაბორატორიული კვლევების შედეგები, რომელთა მიხედვითაც გერმანულ კომპანია BioNTech-თან ერთად წარმოებული BNT162b2 (Comirnaty) ვაქცინის სამი დოზა  SARS-CoV- 2-ის ახალ ვარიანტ „ომიკრონს“ „ანეიტრალებს“. „მონაცემები აჩვენებს, რომ BNT162b2-ის მესამე დოზის გაკეთების შემდეგ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონე 25-ჯერ მეტია, ვიდრე ორჯერადი აცრის შემდეგ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  

„ომიკრონის“ გამანეიტრალებელი ვაქცინის წარმოებაზე მუშაობა BioNTech-მა და Pfizer-მა 2021 წლის 25 ნოემბერს დაიწყეს. მწარმოებლის შეფასებით, ამ პრეპარატის პირველი პარტიის დამზადება და უკვე მიწოდებაც 100 დღის განმავლობაშია შესაძლებელი, რაც მარეგულირებლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „Pfizer-მა და BioNTech-მა ვაქცინები კორონავირუსის სხვა ვარიანტებზე უკვე გამოსცადეს. ექსპერიმენტის შედეგად პრეპარატებმა აჩვენეს ანტისხეულების ძალიან მაღალი დონე და დასაშვები ნორმის უსაფრთხოების პროფილი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, BioNTech-სა და Pfizer-ში მიაჩნიათ, რომ მათ შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება 2022 წლის მარტში უზრუნველყონ“, - ნათქვამია ამერიკული კონცერნის განცხადებაში.

ამავდროულად, კონცერნში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ომიკრონზე“ მოდიფიცირებული ვაქცინის წარმოების დაწყება საჭირო იქნება, 2022 წელს 4 მილიარდი დოზის მთლიანი მოცულობა უცვლელი დარჩება.

Moderna

„ომიკრონის“ წინააღმდეგ ახალი კორონავირუსის არსებული ვაქცინების ეფექტიანობის შეფასებისას, ამერიკული კომპანია Moderna-ს ხელმძღვანელმა, სტეფან ბანსელმა ნოემბრის ბოლოს აღნიშნა, რომ ის ამ მიმართულებით "ხელშესახებ რეგრესს" ელოდება და თვლის, რომ 2022 წელს შეიძლება ვაქცინების თაობის შეცვლა გახდეს საჭირო.

2021 წლის დეკემბრის ბოლოს Moderna-მ გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები იმ კვლევისა, რომელშიც 20 მოხალისე მონაწილეობდა. ამ ექსპერიმენტის მიზანი იყო „ომიკრონის“ წინააღმდეგ აღნიშნული რნმ ვაქცინის ბუსტერ დოზის ეფექტიანობის შეფასება. მიღებული შედეგების მიხედვით, „ომიკრონის“ გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონე იმ პაციენტებში, რომლებმაც 50 მიკროგრამი მესამე დოზა მიიღეს, 37-ჯერ აღემატებოდა ანალოგიურ მაჩვენებელს იმ პირებისა, ვინც მხოლოდ ორჯერ იყო აცრილი. "ამ კვლევის შედეგები იძლევა კარგ დამატებით გარანტიას, რომ ჩვენი ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანად მუშაობს. ის უზრუნველყოფს, ასე ვთქვათ, დაცვის პირველ ხაზს „ომიკრონის“ ვარიანტისგან", - განაცხადა Moderna-ს გერმანული განყოფილების ხელმძღვანელმა, გერალდ ვიგანდმა Handelsblatt-თან ინტერვიუში. თავის მხრივ, სტეფან ბანსელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი კომპანია „ომიკრონის“ წინააღმდეგ მიმართულ სპეციალურ ვაქცინასაც შეიმუშავებს. სავარაუდოდ, ამ პრეპარატის გამოცდა 2022 წლის დასაწყისში დაიწყება. 

AstraZeneca

2021 წლის ბოლოს, ოქსფორდის უნივერსიტეტმა, რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინის შემუშავებაში იყო ჩართული, მიუთითა, რომ ჯერ კიდევ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ COVID-19-ის გართულებებისგან აღნიშნული პრეპარატის მიერ უზრუნველყოფილი დაცვა „ომიკრონით“ ინფიცირებისას სუსტდება. ამასთანავე, უმაღლეს სასწავლებელში აღნიშნეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მონაცემები ჯერ კიდევ ძალიან მწირია.

კვლევის შედეგები, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა 23 დეკემბერს გამოაქვეყნა, მიუთითებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის ბუსტერ-დოზის გაკეთების შემდეგ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ანტისხეულები დაახლოებით იგივე იყო, როგორც ეს „დელტასთან“ მიმართებით ორჯერადად აცრის შემთხვევაში ხდებოდა. 22 დეკემბერს AstraZeneca-მ განაცხადა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს „ომიკრონის“ შტამზე ადაპტირებული ვაქცინის შემუშავებაზე „იმ შემთხვევისთვის, თუ ის საჭირო გახდა“. 

Johnson & Johnson-ი

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვექტორული ვაქცინის ამერიკულმა მწარმოებელმა Johnson & Johnson-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც მან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩაატარა. ექსპერიმენტი 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდებოდა. ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ აღნიშნული ვაქცინის ბუსტერ დოზა უზრუნველყოფს 85%-იან დაცვას ინფექციის მძიმე მიმდინარეობისგან, რომელიც, თავის მხრივ, ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ”სამედიცინო კვლევების საბჭომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებში შემოწმება ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, Johnson & Johnson-ის ბუსტერ დოზის მიღების შემდეგ, COVID-19-ით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირდა სწორედ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში დომინანტი „ომიკრონი“ გახდა“, – ნათქვამია დოკუმენტში. 

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს დაცვა შეიძლება გამოწვეული იყოს ციტოტოქსიკური T-ლიმფოციტების მდგრადი პასუხით, რომელიც Johnson & Johnson-ის ვაქცინით არის განპირობებული. უფრო მეტიც, ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ჩვენი ვაქცინით გამომუშავებული T-უჯრედების იმუნურ პასუხს „ომიკრონი“ ხელს არ უშლის“, - ხაზგასმით აღნიშნა კომპანიის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მატაი მამმენმა. მანამდე კი, 29 ნოემბერს, მამმენმა განაცხადა, რომ „ომიკრონის“ ვარიანტზე მონაცემების შეგროვების პარალელურად, ამ მუტაციის წინააღმდეგ მიმართული ახალი ვაქცინის შექმნაზე კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო. „საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ძალიან სწრაფად გადავიდეთ პრეპარატის კლინიკური გამოცდის ფაზაზე“, - თქვა მან.

სხვა თემები