08 იანვარი 2022 - 14:34

რა ხდება ყაზახეთში და როგორ დასრულდება მიმდინარე საპროტესტო აქციები?

ფოტო: Reuters

ბოლო დღეების განმავლობაში ყაზახეთში ვითარება რამდენჯერმე შეიცვალა. პირველ რიგში, მომიტინგეებმა მთავრობის გადადგომას მიაღწიეს. ამავდროულად, ნურსულთან ნაზარბაევმა მისი ბოლო მნიშვნელოვანი თანამდებობაც დატოვა. 5 იანვრის ღამეს, თითქოს  მომიტინგეები აკონტროლებდნენ მთლიანად ქვეყნის დედაქალაქს. თუმცა მოგვიანებით სამხედროები ალმათიში დაბრუნდნენ და „ანტიტერორისტული ოპერაცია“ წამოიწყეს. ოფიციალური მონაცემებით, 6 იანვრის დილისთვის ქალაქში ათობით მომიტინგე დაიღუპა. რატომ დაიწყო  ეს ყველაფერი და რით შეიძლება დასრულდეს?

იყო თუ არა ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები მოულოდნელი?

საპროტესტო აქციები ყაზახეთის ყველა მთავარი აქტორისთვის რომ მოულოდნელი მოვლენა იყო, ამის დასტურია ის, თუ როგორ განვითარდა სიტუაცია და როგორ რეაგირებდა ქვეყნის ხელისუფლება. რამდენიმე დღის განმავლობაში, ქალაქი ნურ-სულთანი და თავად ნურსულთან ნაზარბაევიც მიმდინარე მოვლენებზე სერიოზულად არ რეაგირებდა. აშკარად იყო იმედი, რომ საპროტესტო აქციების შეჩერება გაზის ფასების შემცირების დაპირებებით იყო შესაძლებელი. თუმცა აქციები საბოლოოდ ძალიან რევოლუციური შინაარსის მოვლენად იქცა და ეს უკვე ნამდვილად დიდი მოულოდნელობა იყო.

რამდენად მნიშვნელოვანია პროტესტის ეკონომიკური წინაპირობები? გაზის გაძვირება მხოლოდ სიმბოლური მიზეზია თუ  მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ქვეყნის მოსახლეობისთვის?

პროტესტი დასავლეთ ყაზახეთში დაიწყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი რეგიონი, რომელსაც ყაზახეთის ხაზინაში ძირითადი შემოსავალი შეაქვს, თუმცა სანაცვლოდ განვითარებისთვის საჭირო დოტაციებს არ იღებს. ქვეყნის ამ ნაწილში დასაქმებისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით ძალიან რთული ვითარებაა. ეს არის რეალურად მონორეგიონი, რომელიც ნავთობისა და გაზის ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული. 

რამდენად მნიშვნელოვანია გაზის გაძვირება ეკონომიკურად? წარმოიდგინეთ, რომ დილით ბენზინგასამართ სადგურზე მისულს 1 ლიტრი ბენზინის ფასი 60%-ით მომატებული დაგხვდათ. ამიტომაც, ექსპერტების შეფასებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა ეს მომენტი საპროტესტო აქციების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არ ყოფილიყო. 

ექსპერტების შეფასებით, თავიდან ეს არ იყო პოლიტიკური ტრიგერი, მაგრამ შემდეგ პოლიტიკურ მოთხოვნებში აკუმულირდა. პრეტენზიები ყოველთვის არსებობდა, ხელისუფლება ოპოზიციის განეიტრალებას ყოველთვის ახერხებდა. მართალია, აქციის მონაწილეებს შორის ვერ ვხედავთ რომელიმე სერიოზულ პოლიტიკურ ლიდერს და ეს ხელისუფლებისთვის დიდი მიღწევაა, რადგან მას მოლაპარაკება არავისთან უწევს. მთავრობას შეუძლია განაცხადოს: ”ესენი არიან აჯანყებულები, მაროდიორები, ხულიგნები და მათ სასწრაფოდ უნდა მივუჩინოთ ადგილი!“.

თეორიულად, შეიძლება თუ არა ასეთი ლიდერი გამოჩნდეს? შეუძლია თუ არა რომელიმე ცნობილ ყაზახ პოლიტიკოსსა თუ ბიზნესმენს აქციას შეუერთდეს?

ლიდერები არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად ჩნდებიან. ამიტომაც პოლიტოლოგთა შეფასებით, ისინი კი არ უნდა შეუერთდნენ საპროტესტო აქციას, არამედ სათავეში ჩაუდგნენ და ხალხის მოთხოვნები წამოაყენონ. ჯერჯერობით მხოლოდ ანონიმურ მოთხოვნებს ვხედავთ, მაგრამ ლიდერები არ ჩანან გარდა ერთისა - ეს არის ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი აკეჟან კაჟიგელდინი. ეს უკანასკნელი გასული საუკუნის ბოლოდან იძულებით ემიგრაციაშია. ის  იძულებული გახდა, პრემიერმინისტრის პოსტიდან 1997 წელს გადამდგარიყო. მან განაცხადა, რომ მზად იყო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, რის შემდეგაც მას კრიმინალი უწოდეს (ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს) და ქვეყანა დატოვა.

კაჟიგელდინი ახლა ყაზახეთის მოსახლეობას მიმართავს, ზოგიერთ რეგიონში კი მის ქვეყანაში დაბრუნებას ითხოვენ. ის მზად არის, მომიტინგეთა ინტერესების წარმოსადგენად კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები გამოიყენოს. თუმცა ეს ყველაფერი ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტია და როგორც ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, პროტესტის ნამდვილ ლიდერებს ჯერ ვერ ვხედავთ.

შეიძლება თუ არა ამ პროტესტს ანტინაზარბაევული ვუწოდოთ? 

უდავოდ შეგვიძლია! - ამბობენ ადგილობრივი ექსპერტები. ამ საპროტესტო აქციებზე ნაზარბაევის სახელი გამუდმებით ისმის. ფრაზა - „წადი, მოხუცო!“ რეფრენად იქცა. ეს არის ძალიან სერიოზული ამბავი, რომელიც მოიტანს აშკარა კრიზისსა და განხეთქილებას ყაზახეთის მმართველ ელიტაში. ქვეყანა ტომობრივი ხასიათით  სამ ჟუზად არის დაყოფილი. ყაზახეთის დასავლეთი უმცროს ჟუზს მიეკუთვნება. ეს არის დამკვიდრებული განმარტება, რომლის მიხედვითაც ის ნამდვილად უფროს და შუა ჟუზებთან შედარებით გერის მდგომარეობაშია. აკეჟან კაჟიგელდინის განცხადებით, ნაზარბაევი არის კლანის წარმომადგენელი, რომელიც უფროს ჟუზს მიეკუთვნება. როგორც ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი განმარტავს, მოვლენების შემდგომ განვითარებას დიდწილად განსაზღვრავს ამ ჟუზების ჩვენთვის უხილავ უხუცესთა ქცევა. შესაბამისად, მათი რჩევის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება ნაკლებად სავარაუდოა. 

პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის ქმედებები, როგორიცაა მთავრობის გადადგომა - დაამშვიდებს თუ არა მომიტინგეებს?

ჯერ არა, ხელისუფლება გადაწყვეტილებების მიღებას აყოვნებს! - ასეთია პოლიტოლოგთა შეფასება. პროტესტის ეკონომიკური საფუძველი თავიდანვე აშკარა იყო, მაგრამ ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ის დაიშლებოდა ან გაზის ფასის შემცირების დაპირებების გაცემით შემცირდებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია, მაგრამ - დაგვიანებული. უფრო მეტიც, ეს არ წყვეტს მთავარ პრობლემას - ყაზახეთი მომწიფებულია ეკონომიკური რეფორმებისთვის, რასაც ტოკაევი საპრეზიდენტო კამპანიის დროს მოსახლეობას ჰპირდებოდა.

პოლიტოლოგთა შეფასებით, ყაზახეთის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ძალაუფლების ტრანზიტის ვარიანტი მმართველობის ორი ცენტრით - პირველი პრეზიდენტი (ნაზარბაევი) და მეორე პრეზიდენტი (ტოკაევი), ამ უკანასკნელს აფერხებს. მას გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა და შესაბამისად, ტოკაევი იძულებული იყო ნაზარბაევისა და მისდამი ლოიალური ელიტის ნაწილისთვის ანგარიში გაეწია. სიტუაცია ასე გამოიყურებოდა - არავინ იცოდა სად იყო ძალაუფლების რეალური ცენტრი. 

მმართველობის ამ უცნაურმა ფორმამ იჩინა თავი პეტერბურგში, როდესაც დსთ-ს ქვეყნების სამიტზე ყაზახეთის ორი პრეზიდენტი ერთდროულად მივიდა. ვინ არის მათ შორის მთავარი? ეს ვლადიმერ პუტინმა ნათლად აჩვენა. ის ნაზარბაევს შეხვდა, ტოკაევს კი მხოლოდ იანვრის დასაწყისში დაჰპირდა ცალკე შეხვედრას. აშკარაა, რომ შეხვედრის დროისა და ადგილის ცვლილება დადგება დღის წესრიგში.

შეუძლია თუ არა ტოკაევს პროტესტი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს?

დიახ, შეიძლება. თუმცა ამისთვის მას პოლიტიკური გამბედაობა უნდა ჰქონდეს. თითქმის მსგავსი სიტუაცია იყო რუსეთში, როდესაც დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს მსჯელობდნენ, რომ მას ყველა მიზეზი ჰქონდა პუტინი მთავრობის მეთაურის პოსტიდან გადაეყენებინა. თუმცა მედვედევი აღმოჩნდა იმ პოლიტიკოსთა კატეგორიაში, რომელსაც ზემოთ ხსენებული გამბედაობა არ აქვს. როგორ მოიქცევა ტოკაევი, ამას კი დრო გვიჩვენებს.

აქვს თუ არა ყაზახეთში არსებულ სიტუაციას განვითარების რამე აშკარა სცენარი?

აქ აშკარა სცენარებზე საუბარი ნამდვილად არ შეიძლება. ჯერჯერობით ყველაფერი ძალადობაზე დაფუძნებული სცენარისკენ მიდის. ამის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური დიალოგისთვის მხარე არ ჰყავს. ჯერჯერობით, ეს მომიტინგეთა დიდი ხარვეზია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებს ანარქისტებსა და წამქეზებლებს უწოდებენ, ასეთ ბრბოსთან გამკლავების ერთადერთ გზას კი პროტესტის ჩახშობა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაერქმევა. ეს დიდი პრობლემაა ხელისუფლებისთვისაც, რადგან პროტესტი მიიმალება სადმე შორეულ კუთხეში, საიდანაც მოგვიანებით განახლებული ენერგიით იფეთქებს.

სხვა თემები