21 იანვარი 2022 - 10:54

გამოჩნდა თუ არა კორონავირუსის მორიგი ახალი შტამი? რატომ არის ჯანმო მშვიდად?

ფოტო: shutterstock.com

რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებები შეშფოთებით წერდნენ, რომ საფრანგეთის სამხრეთში Sars-Cov-2-ის ახალი და სავარაუდოდ, ძალიან საშიში ვარიანტი აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია ეფუძნებოდა მარსელელი ექიმების სამეცნიერო სტატიის პრეპრინტს, რომელიც შემდეგ ათობით სატელევიზიო და რადიო არხმა, გაზეთმა და ონლაინ გამოცემამ (მათ შორის, საკმაოდ ავტორიტეტულებმაც) გაავრცელეს. აქ იყო საუბარი კვლევის საშიშ დეტალებზე, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გენომში "ატიპური კომბინირებული მუტაციები" დაფიქსირდა. 

ამ პუბლიკაციების მიხედვით, ვირუსი-მუტანტი, სახელწოდებით IHU, ევროპაში კამერუნიდან შევიდა და შესაძლოა, „ომიკრონზე“ უფრო გადამდებიც კი იყოს. BBC-მ გაარკვია, რა არის ამ სიახლეში სიმართლე და რა - არა.

ზარის ხმა გაიგეს, მაგრამ ეს არ იყო ზუსტი 

როგორც ჩვეულებრივ ხდება ასეთ შემთხვევებში, მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები ეხება რეალურად ჩატარებულ კვლევას, თუმცა სიმართლის მხოლოდ ნაწილს ასახავს. აქ არ იყო განცალკევებული მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები და ექსპერტთა მოსაზრებები. ხმელთაშუა ზღვის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის სტატია ვებგვერდ medRxiv-ზე რეალურად გამოქვეყნდა. როგორც წესი, აქ ექიმები  თავიანთ ნაშრომებს სამეცნიერო საზოგადოების შემოწმებამდე და ოფიციალურ დადასტურებამდე აქვეყნებენ. 

ასეთი კვლევების შედეგები სათანადოდ უნდა იყოს განხილული. ეს ჯერ არ არის დადასტურებული ინფორმაცია, რომელმაც სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებამდე ჯერ კიდევ ექსპერტთა საზოგადოების დამოუკიდებელი შეფასება უნდა მიიღოს და რედაქტურა  გაიაროს (ამ უკანასკნელს შეუძლია სტატიის ტექსტი მნიშვნელოვნად შეცვალოს). თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში არ არის და არც იმაში, რომ აღწერილი მუტაციები მხოლოდ 12 ინფიცირებულს აღმოუჩინეს (შედარებისთვის: დღეისათვის „ომიკრონი“ საფრანგეთში ყოველდღიურად 200 ათასზე მეტ ადამიანს უდასტურდება). ყურადღებიანი მკითხველისთვის საინტერესოა პრეპრინტის გამოცემის თარიღი: 29 დეკემბერი. არა და, „B.1.640.2“-ის (ასე ჰქვია ოფიციალურად მარსელში გამოკვლეულ შტამს) სწრაფი ინტერნეტ ძიება აჩვენებს, რომ ფრანგული მედია ახალ ვერსიაზე უფრო ადრეც, 10 დეკემბერს საუბრობდა და ამ ინფორმაციას ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული ბმულით ადასტურებდა. 

ისრაელის უძველესმა ინგლისურენოვანმა გაზეთმა - Jerusalem Post-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია  ვირუსის ახალი, პოტენციურად საშიში ვარიანტის შესახებ კიდევ უფრო ადრე, 13 ნოემბერს- ჯერ კიდევ 2 კვირა იყო დარჩენილი, სანამ მსოფლიომ „ომიკრონის“ არსებობის შესახებ შეიტყობდა. 

ჯანმოს ახალი შტამი არ აღელვებს

 კორონავირუსის ყველა მუტაციის შესახებ ინფორმაციის ნახვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე არის შესაძლებელი. აქ შეგვიძლია გავიგოთ, რომ B.1.640-ით ინფიცირების პირველი შემთხვევები სექტემბერში დაფიქსირდა, 22 ნოემბერს კი ჯანმოს ექსპერტებმა ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი დაიწყეს და ამ შტამს  "მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ვარიანტის" (VUM) სტატუსი მიანიჭეს.

ეს არის ჯანმო-ს კლასიფიკაციის ყველაზე დაბალი დონე. ამ სტატუსის მინიჭება ხდება მაშინ, როდესაც ექიმებსა და მეცნიერებს აქვთ ეჭვი, რომ აღმოჩენილმა მუტაციებმა თეორიულად შეიძლება ვირუსში ახალი თვისებების გაჩენის პროვოცირება გამოიწვიოს და მომავალში უფრო საშიშ ინფექციად ჩამოყალიბდეს. თუ ახალი მონაცემების გაჩენისას ეჭვი იზრდება, ვარიანტი ხდება „ინტერესის გამომწვევი“, შემდეგ კი - „შემაშფოთებელი“. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს აღმოჩენილმა „ომიკრონმა“ ეს გზა რამდენიმე დღეში გაიარა. B.1.640 (IHU)-ის  სტატუსი კი ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში არ შეცვლილა.

სხვა თემები