15 იანვარი 2022 - 23:59

Brexit-ი 1 წლის შემდეგ. ევროკავშირის დატოვებით ბრიტანეთმა მოიგო თუ წააგო?

ფოტო:Twitter

ზუსტად ერთი წლის წინ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. Brexit-ის იდეოლოგები ერს თავისუფლებასა და კეთილდღეობას ჰპირდებოდნენ, ოპონენტები კი მოქალაქეებს ეკონომიკური კრიზისითა და საერთაშორისო ავტორიტეტის დაცემით აშინებდნენ. ვინ აღმოჩნდა მართალი? ამ კითხვაზე პასუხები BBC-მ მოიძია.

დიდ ბრიტანეთში სურსათის დეფიციტია?

Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთს ყველაზე მოულოდნელი პროდუქციის დეფიციტი შეექმნა. სუპერმარკეტებიდან პერიოდულად ქრება ხან მინერალური წყალი,  ხან ყველი, ხან რა და ხან რა. არ არის საკმარისი რაოდენობით სამშენებლო მასალები და სათადარიგო ნაწილები. შრომის ბაზარზეც რთული სიტუაციაა: მზარეულების, ოფიციანტებისა და მინდვრის სეზონური მუშების დეფიციტია.

ეს გასაკვირი არც არის. 2021 წლის 1 იანვარს, ბრიტანეთმა ერთანი ევროპული ბაზარი დატოვა. შესაბამისად, ამა თუ იმ პროდუქციის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების მიმართულებით წარმოიქმნა ბარიერები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. ამ ყველაფერმა შეარყია ვაჭრობა და ეკონომიკა, რადგან Brexit-მდე დიდი ბრიტანეთი ამ ყველაფერს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იღებდა. მაგალითად, ბრიტანეთში სურსათის ნახევარი იმპორტირებულია, ევროკავშირის დატოვებამდე კი იმპორტის 60%-ი სწორედ ევროპიდან შედიოდა. ეს მხოლოდ ერთ სფეროს არ ეხება. ზოგადად, Brexit-ის მომენტისთვის ევროკავშირი დიდი ბრიტანეთისთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და სწორედ მასზე მოდიოდა იმპორტის 53%-ი და ექსპორტის 44%-ი.

ბრიტანელები გაღარიბდნენ?

შეიძლება ითქვას, რომ Brexit-მა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა დაანგრია. ამას ოფიციალური ანალიტიკოსებიც კი ეთანხმებიან. Office for Budget Responsibility-ის სამთავრობო ექსპერტების აზრით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ბრიტანეთი ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 4%-ს გამოტოვებს. არასამთავრობო ორგანიზაციების პროგნოზები კიდევ უფრო პირქუშია: მინუს 6-7%-ი. ნაცია მდიდრდება, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც შეეძლო. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს.

პირველ მიზეზზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ეს არის საქონლის, კაპიტალისა და შრომის იმპორტის შემცირება ერთიანი ევროპული ბაზრიდან გასვლის გამო. იაფი ესპანური სალათის ფურცლები, იაფფასიანი რუმინელი მედდა, იტალიელი პიცის მცხობელი ან ბერძენი პარიკმახერი წარსულს ჩაბარდა. 

მეორე მიზეზი არის ექსპორტის შემცირება. ევროკავშირის ერთიანმა ბაზარმა ბრიტანელებს მისცა წვდომა ნახევარი მილიარდი პოტენციური მომხმარებლის ჯიბეზე, რომლებიც ბულგარეთიდან და გერმანიიდან კვიპროსსა და პორტუგალიამდე იყვნენ გადანაწილებული, არა და, თითქოს მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ახლა მათ შორის გადასახადებისა და ფორმალობების კედელია აღმართული. ბრექსიტის ბარიერები ვაჭრობაში დიდ ბრიტანეთს თითქმის 13 მილიარდი ფუნტი დაუჯდა. ეს მისი წინა ბრუნვის დაახლოებით 16%-ია. ასეთია კვლევითი ინსტიტუტის, CER გამოთვლის შედეგად მიღებული მაჩვენებელი.

გამარჯვება მიგრაციაზე 

იქ, სადაც Brexit-ი წარმატებული აღმოჩნდა, არის მიგრაციის შეზღუდვა. ჩამოსულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რადგან ევროპელებს აღარ შეუძლიათ უბრალოდ ჩასვლა და ქვეყანაში ცხოვრება. მათ სამ თვეში უნდა იპოვონ სამსახური და არა ნებისმიერი, არამედ - მაღალანაზღაურებადი. მიუხედავად იმისა, რომ Brexit-მა გაზარდა არალეგალური მიგრანტების რიცხვი, რომლებიც ლა მანშის სრუტეს რეზინის ნავებით კვეთენ, მინდვრებში მოსავალი ლპება და სატვირთო მანქანების მძღოლების დეფიციტია, Brexit-ის მომხრეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია - საზღვარი ჩაკეტილია. 

თუმცა აქ არის ორი პრობლემა. პირველ რიგში, საჭირო ხდება გამონაკლისის დაშვება. ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურა დათანხმდა დროებითი ვიზების გაცემას, რადგან გაირკვა, რომ არავინ იყო, ვინც ღორებს დაკლავდა, ქათმებს დაახარისხებდა და მაღაზიებში საქონელს სატვირთო მანქანით გაანაწილებდა. ათწლეულების განმავლობაში პირველად, საჭირო მუშახელის არ ყოლის გამო, ბრიტანეთმა ვერ შეძლო საშობაოდ გაეზარდა და დაეკლა ადგილობრივი წარმოების ინდაური. ის პოლონეთიდან და საფრანგეთიდან  შეიტანეს.

თუმცა ისიც გაირკვა, რომ დიდი ბრიტანეთიდან „განდევნილი“ ევროპელები დაბრუნებას დიდად არ ჩქარობდნენ. მათ აქვთ საკმარისი სამუშაო კონტინენტზე, ანაზღაურებაც ნორმალურია და ნაკლები დოკუმენტაციაა საჭირო. შედეგად, მეფრინველეობის სფეროში დაშვებულ 5000 დროებით ვიზაზე მოთხოვნა ორჯერ ნაკლები იყო, მძღოლის 5000 ვიზაზე კი მხოლოდ რამდენიმე ასეული განმცხადებელი დაფიქსირდა.

მეორე პრობლემა არის ევროკავშირის პასუხი. ბრიტანელები არა მარტო იცავდნენ თავიანთ ბაზარს ემიგრანტებისგან, არამედ თავადაც ჩამოერთვათ გადაადგილების თავისუფლება და მუშაობის უფლება სადაც მოესურვებოდათ - ევროკავშირის 27 ქვეყანაში.

სამეფოს ერთიანობა თუ ირლანდიის გაერთიანება?

Brexit-მა საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის შემოსავლებს, არამედ სამეფოს ერთიანობასაც. ოთხი ნაციიდან, რომლებიც მას ქმნიან, ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისი და უელსი არიან ერთად. შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში Brexit-მა ცენტრიდანული ძალები  გააღვიძა. ბორის ჯონსონი ხელისუფლებაში მოვიდა რეფერენდუმიდან სამი წლის შემდეგ დაპირებით, რომ ევროკავშირთან „განქორწინების“ პირობებზე საბოლოო მოლაპარაკებებს დაიწყებდა. მისმა წინამორბედმა, ტერეზა მეიმ ეს დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა, რადგან არ იცოდა როგორ გადაეჭრა მთავარი საკითხი - ირლანდიური. 

ფაქტია, რომ კუნძულის ნაწილი - ჩრდილოეთ ირლანდია - გაერთიანებული სამეფოს ნაწილია. იქ დიდი ხნის განმავლობაში იყო მღელვარება და შეთანხმება, რომელმაც სისხლისღვრა დაასრულა, ითვალისწინებს საზღვრის არქონას ირლანდიასთან, რომელიც ევროკავშირის წევრია. სანამ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი იყო, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. Brexit-მა კი დააბრუნა საზღვარი და ერთადერთი კითხვა იყო, თუ სად აღმოჩნდებოდა ის. იმისათვის, რომ კუნძულზე ბარიერები არ შექმნილიყო, საჭირო იყო ან მთელი დიდი ბრიტანეთის დატოვება საბაჟო კავშირში, ან საზღვაო საბაჟო საზღვრის გაყვანა ჩრდილოეთ ირლანდიასა და დანარჩენ დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ ზღვაზე. 

ტერეზა მეიმ პირველი ვარიანტი უარყო, რადგან ის Brexit-ის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა. ის არც მეორე ვერსიას დათანხმდა იმიტომ, რომ ეს გულისხმობს საზღვრების გავლებას თავად ქვეყნის შიგნით. ის დარწმუნებული იყო, რომ ამას დიდი ბრიტანეთის არცერთი პრემიერმინისტრი არ დათანხმდებოდა. თუმცა ბორის ჯონსონს განსხვავებული აზრი აღმოაჩნდა. ის ქვეყნის შიგნით საზღვრის გაყვანას დათანხმდა და ევროკავშირთან შეთანხმებას ამ პირობებით მოაწერა ხელი. მან ეს დოკუმენტი წარადგინა როგორც გარღვევა, ამით მოიგო არჩევნები და გამოაცხადა, რომ Brexit-ი წარმატებით დასრულდა. 

თუმცა მალე გაირკვა, რომ ევროკავშირი არ ხუმრობდა. ჯონსონის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება დიდ ბრიტანეთში საქონლის განბაჟებას მოითხოვდა. ეს პრემიერის დაპირებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან ის ამბობდა, რომ რაიმე სახის შემოწმება არასდროს იქნებოდა. ამ ყველაფრის შედეგი არის ხანგრძლივი დაპირისპირება ევროკავშირთან, ხელახალი მოლაპარაკებების მცდელობა ახლახან ხელმოწერილ შეთანხმებაზე, მთავარი მომლაპარაკებლის, დევიდ ფროსტის დეზერტირობა და მიმდინარე დიალოგში ნაწილობრივი დანებება. ამავდროულად, ირლანდიელებს, შოტლანდიელების მსგავსად, სულ უფრო მეტად სურთ ინგლისისგან გამოყოფა. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ჩრდილოეთ ირლანდიაში 67%-ი თვლის, რომ Brexit-მა კუნძულის გაერთიანება მოაახლოვა, 53%-ი კი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმი ამის შესახებ უახლოეს 10 წელიწადში გაიმართება. ირლანდიის ევროპულ, სამხრეთ ნაწილში 62%-ი  ჩრდილოეთ ირლანდიასთან გაერთიანებას მხარს უჭერს.

და რა მოხდება მომავალში?

Brexit-ის ეკონომიკურმა შედეგებმა გამოვლენა ახლახან დაიწყო. მომავალ წელს ვაჭრობაში ახალი ბარიერები გაჩნდება, რაც ბრიტანული ბიზნესისა და მოსახლეობის შემოსავალს აუცილებლად შეამცირებს. „გავიდა ერთი წელი და Brexit-დან მიღებული ზიანი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის სულ უფრო აშკარა ხდება,“-  წერს ანანდ მენონი, კვლევითი ცენტრის- The UK in a Changing Europe ხელმძღვანელი და ამ საკითხის ერთ-ერთი მთავარი ექსპერტი. ჯონსონის განცხადებების საწინააღმდეგოდ, Brexit-ის ბევრი დეტალი, ისევე როგორც ზარალისა თუ მოგების საბოლოო მაჩვენებელი, ჯერ კიდევ ცხადი არ არის.  ნაწილობრივ, ეს სურათი ბუნდოვანია Covid-19-ის გამო, გარკვეულწილად კი მრავალი სავაჭრო შეზღუდვის გახანგრძლივების შედეგია. თუმცა ეს მაინც დროებითია. ”პანდემიის გავლენა შედარებით სწრაფად გაქრება, Brexit-ის გავლენა კი - არა. ზოგიერთ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა და მიგრაცია, დროთა განმავლობაში სიტუაცია, მხოლოდ და მხოლოდ, გაუარესდება”, - გვაფრთხილებენ The UK in a Changing Europe-ის ეკონომისტები. 

ბორის ჯონსონმა თავისი პარტია 2019 წლის არჩევნებში დიდ გამარჯვებამდე მიიყვანა დაპირებით, რომ დაასრულებდა Brexit-ს- "Get Brexit Done". „Brexit-ი დასრულებისგან შორს არის“, - ამბობს ბრიტანეთის დამოუკიდებელი ერთწლიანი ცურვის შედეგების შეფასებისას ანანდ მენონი. მისი განცხადებით, ყველაზე საინტერესო ჯერ წინაა. 

სხვა თემები