18 იანვარი 2022 - 11:39

რატომ არ შეიძლება „ომიკრონის“ თავის ნებაზე მიშვება? 

ფოტო: Facebook

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ „ომიკრონის“ შტამი ძალზე გადამდებია, თუმცა თავად დაავადება მსუბუქია. ამასთანავე, ექსპერტები ეწინააღმდეგებიან იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ახალ კორონავირუსს თავისუფლად გავრცელების საშუალება უნდა მივცეთ. რაც შეეხება ამ მიდგომით პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, აღნიშნულ თემაზეც ცხარე დისკუსია მიმდინარეობს. ამის მიზეზი არის ის, რომ რისკები ძალიან დიდია. რამდენად სწორია ზემოთ ხსენებული მიდგომა, ამ თემაზე Deutsche Welle-მ იმუშავა. 

შეიძლება თუ არა გულხელდაკრეფილები ველოდოთ კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას?

მარტივად რომ ვთქვათ, მთავარი კითხვა ასეთია: თუ ახლა უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება ახალი კორონავირუსით, შეგვიძლია გვქონდეს იმის იმედი, რომ რაღაც მომენტში COVID-19-ით ყველა დაავადდება და მოსახლეობა მის მიმართ მდგრადი იმუნიტეტის მქონე გახდება? თუ ეს ასეა, შეგვიძლია დავსხდეთ და მშვიდად ველოდოთ, რა მოხდება შემდეგ? 

რა თქმა უნდა, არა! -  ამბობს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი და ეპიდემიოლოგი კარლ ლაუტერბახი. „მაშინაც კი, თუ „ომიკრონი“ არ არის ისეთი საშიში, როგორც - „დელტა“ ვარიანტი, მაინც არის ბევრი ადამიანი, ვისი ჯანმრთელობაც, ინფიცირების შემთხვევაში, გამოუსწორებლად დაზიანდება“, - განაცხადა მინისტრმა n-tv-სთან ინტერვიუში. როგორც ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა „შარითეს“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი  ტობიას კურტი აღნიშნავს, ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი ჩნდება იმ პოპულაციაში, როდესაც ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილის იმუნურ სისტემას ვირუსისგან დაცვა უკვე აქვს გამომუშავებული. რაც მთავარია, ეს უნდა მოხდეს  არა მხოლოდ გადატანილი COVID-19-ის შედეგად, არამედ - ვაქცინაციის გზით. 

მიზანი: არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ვირუსის მორიგი ახალი ტალღები!

„მნიშვნელოვანია, რომ იმუნური სისტემა გააქტიურდეს SARS-CoV-2 ვირუსის გადატანის, ან ვაქცინის მეშვეობით“, - განმარტავს კურტი. მეცნიერის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი ერთდროულად არ დაინფიცირდეს. ტალღების შესუსტებასთან ერთად, რამაც მიმდინარე პანდემიის დროს ჯანდაცვის სისტემები კოლაფსის პირას არაერთხელ მიიყვანა, ამ ლოგიკით, SARS-CoV-2 ისეთივე ენდემური გახდება, როგორც გრიპი. 

ზუსტად როდის შეიძლება მოხდეს ეს,  პროგნოზირება ძნელია. ამის მიზეზია ის, რომ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში ორგანიზმის იმუნური პასუხი აბსოლუტურად არასტაბილურია. ჩვენ უკვე ისიც ვიცით, რომ ხშირია რეინფიცირების შემთხვევები. არის სიტუაცია, როდესაც მორიგი ახალი შტამების გაჩენის შედეგად აცრის ეფექტიც მცირდება. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაშიც კი, იმუნური სისტემა წინა კონტაქტს გარკვეულწილად „იმახსოვრებს“ და შემდეგ რეაგირებს ისე, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

კურტის განმარტებით, იმუნური სისტემის კონტაქტი ვირუსის ახალ შტამთან შეიძლება წარმოვიდგინოთ ისე, თითქოს ვიღაც დიალექტზე საუბრობს. „თუ მე ვლაპარაკობ კლასიკური გერმანულით, შემიძლია გავიგო ბავარიული დიალექტიც, მიუხედავად იმისა რომ 100%-ით ყველაფერი არ მესმის“,- ამბობს მეცნიერი.

ვირუსი სახიფათოა როგორც აუცრელებისთვის, ისე - აცრილებისთვის! 

იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ „დიალექტზე“ რეაქცია იქონიოს და COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობისგან დაგვიცვას, პირველ რიგში, ის უნდა შევიდეს კონტაქტში უშალოდ კორონავირუსთან ან მის საწინააღმდეგო ვაქცინასთან. იმავდროულად, გერმანიაში, რობერტ-კოხის ინსტიტუტის თანახმად, ზრდასრულთა დაახლოებით 15,5%-ს (18 წლისა და უფროსი ასაკის) ვაქცინის პირველი დოზა ჯერ არ გაუკეთებია. ზოგიერთ ფედერალურ მიწაზე კი ეს მაჩვენებელი 25%-საც აღემატება.

სწორედ ასეთი პირები იქნებოდნენ ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ, თუ ვირუსს უბრალოდ თავისუფლად გავრცელების უფლება მიეცემოდა. ტობიას კურტის განმარტებით, ასეთ დროს „ომიკრონით“ ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, შესაბამისად, იქნება შემთხვევებისა და დაავადების სერიოზული მიმდინარეობის არანორმალური მატება.
ინფიცირება საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვისაც. გერმანიაში 12-დან 17 წლამდე ასაკის პირთა თითქმის 40%-ი ამ ეტაპზე აუცრელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლებს COVID-19 მსუბუქად გადააქვთ, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ დაავადების გრძელვადიანი ეფექტების შესახებ ჯერ კიდევ მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ახალგაზრდებმაც (რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად) უნდა დაიცვან თავი ახალი კორონავირუსისგან. 

პროფესორი კურტი ხაზს უსვამს, რომ არც აცრილები უნდა მოდუნდნენ. „ზოგ შემთხვევაში ვირუსი მძიმედ გადააქვთ ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილ პირებსაც. ეს სიტუაცია დაახლოებით რუსული რულეტკის თამაშს ჰგავს", - განმატავს მეცნიერი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტობიას კურტი უარს ამბობს იმ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც პოპულაციური იმუნიტეტი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გზით მიიღწევა. „რისკი ძალიან მაღალია!“, - გვაფრთხილებს მეცნიერი.

სხვა თემები