27 მაისი 2022 - 09:14

ნატოს გაფართოება: იტყვის თუ არა ავსტრია ნეიტრალიტეტზე უარს?

ფოტო: shutterstock.com

ორმოცდაათამდე ცნობილი ავსტრიელი ვენის ხელისუფლებას ნატოში გაწევრიანებაზე დაფიქრებისკენ მოუწოდებს. თუმცა, ფინეთისა და შვედეთისგან განსხვავებით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ამ იდეას მხარს არ უჭერს. თუ რა არის ამის მიზეზი, Deutsche Welle-მ გაარკვია.

რა ხდება?

ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შვედეთი და ფინეთი უარს ამბობენ ნეიტრალიტეტზე, რომელსაც ეს ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდნენ. ავსტრიაში ასეთ ნაბიჯს ჯერჯერობით გამორიცხავენ. ამის შესახებ ქვეყნის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა კიდევ ერთხელ განაცხადა აპრილში, მოსკოვში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ის ცდილობდა დაეყოლიებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რათა ამ უკანასკნელს უკრაინაში ინტერვენცია შეეჩერებინა. „ავსტრია ნეიტრალური იყო, ავსტრია ნეიტრალურია და ავსტრია ნეიტრალურად დარჩება“, - ხაზგასმით აღნიშნა ნეჰამერმა. 

თუმცა მოგვიანებით, მაისის შუა რიცხვებში, ქვეყნის 55-მა ცნობილმა მოქალაქემ ეს თემა კვლავ წამოჭრა. ღია წერილში მათ ავსტრიის ფედერალურ პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს მოუწოდეს, დამოუკიდებელი განხილვა ჩაეტარებინა, აკმაყოფილებს თუ არა ქვეყნის ნეიტრალიტეტი თანამედროვე მოთხოვნებს. „ნეიტრალიტეტზე უარის თქმის წინადადება არაერთხელ იყო წამოყენებული სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო“, - ამბობს ვენელი პოლიტოლოგი ჰაინც გერტნერი. „არ არსებობს არც ერთი დიდი პარტია, რომელსაც ეს ენდომებოდა და ამას არც მოსახლეობა ემხრობა“, - დასძენს ის. 

საზოგადოებრივი აზრის რეგულარული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ავსტრიელთა 75%-ზე მეტი ნეიტრალიტეტის მომხრეა. ამ ყველაფრის ფონზე თითქოს ეს თემა უნდა დახურულიყო. თუმცა მიუხედავად ამისა, რჩება კითხვა, რატომ გამოიყურება ავსტრიის ნეიტრალიტეტი ასე ურყევად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ვენას აქვს უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა, ვიდრე შვედეთს, ფინეთს ან თუნდაც შვეიცარიას. 

რატომ ინარჩუნებს ავსტრია ნეიტრალიტეტს?

საუკუნეების მანძილზე ავსტრია იყო ძლიერი სახელმწიფო, რომელიც საღვთო რომის იმპერატორს ნიშნავდა და შეიძლება ითქვას, რომ იყო ყველანაირი, ნეიტრალურის გარდა. მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა ავსტრიის მონარქია, რომელიც 1867 წელს ავსტრია-უნგრეთი გახდა. ეს უკანასკნელი მოიცავდა ბალკანეთის უმეტეს ნაწილს და დღევანდელი უკრაინის ტერიტორიამდე აღწევდა. 

პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, სენ-ჟერმენის ხელშეკრულების პირობების თანახმად, ავსტრიის ტერიტორია დაახლოებით ამჟამინდელ საზღვრებამდე შემცირდა. თუმცა ქვეყანა ნეიტრალური მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში დამარცხებიდან ათი წლის შემდეგ გახდა. ეს მოხდა 1955 წლის 26 ოქტომბერს და ავსტრიის ნეიტრალიტეტი სახელმწიფო შეთანხმებით გაფორმდა. 

იმ დროს ავსტრია, ისევე როგორც გერმანია, ოკუპირებული იყო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ოთხი სახელმწიფოს მიერ - სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. "ნეიტრალიტეტი ავსტრიისთვის იყო ერთადერთი გზა, რომ მისი ტერიტორიიდან მოკავშირეთა ჯარების გაყვანისთვის მიეღწია," - განმარტავს გერტნერი. "იმ დროს ავსტრიას, გერმანიის მსგავსად, მუდმივი გაყოფის საფრთხეც კი ემუქრებოდა. ეს საფრთხე გამარჯვებულ მოკავშირეებთან კონსენსუსის წყალობით იქნა თავიდან აცილებული. ეს ეხებოდა განსაკუთრებით საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს ავსტრიის ნეიტრალიტეტთან მიმართებით,“- დასძენს პოლიტოლოგი.

რამდენად ნეიტრალურია ავსტრია სინამდვილეში?

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი იმ დროს ავსტრიის ნეიტრალიტეტს დასთანხმდა, თავიდანვე ეჭვგარეშე იყო, რომ ეს ქვეყანა იზიარებდა დასავლეთის კულტურულ ღირებულებებს, რომლებიც დემოკრატიასა და თავისუფალ ბაზართან არის  დაკავშირებული. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ 1961 წელს ავსტრია  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დამფუძნებელი სახელმწიფო გახდა.

ამავდროულად, 1960-იანი წლებიდან ავსტრიის დედაქალაქი ვენა გახდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინა, რომლებიც ცივი ომის არცერთ მხარეს არ მიეკუთვნებოდნენ. მათ შორის არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და გაეროს გარკვეული სააგენტოები. 1970-დან 1983 წლამდე ავსტრიის კანცლერი ბრუნო კრაისკი მიიჩნევდა, რომ ეს უსაფრთხოების უკეთესი სტრატეგია იყო, ვიდრე ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაძლიერება. 

პოლიტოლოგ გერტნერისთვის აქ წინააღმდეგობა არ არსებობს: „ბოლოს და ბოლოს, საუბარია არა მოსაზრების ნეიტრალიტეტზე, არამედ - სამხედრო ნეიტრალიტეტზე“. კერძოდ, ავსტრიის სახელმწიფო შეთანხება გამორიცხავს სამ რამეს: სხვა ქვეყნების კონფლიქტებში სამხედრო ჩარევას, ავსტრიის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების მუდმივ განლაგებასა და სამხედრო ალიანსებში შესვლას. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, დიდი ხანი ეწინააღმდეგებოდა ავსტრიის შესვლას ევროკავშირის წინამორბედ ორგანიზაციაში, რომელსაც ევროპული თანამეგობრობა ერქვა. ამას ამართლებდა სახელმწიფო შეთანხმების პუნქტი, რომელიც გამორიცხავდა „გერმანიასთან კავშირს“ - თუნდაც ეკონომიკურს. თუმცა ბერლინის კედლის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე, ავსტრიამ გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა და 1995 წელს თანხმობა მიიღო. 

ავსტრიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ნეიტრალიტეტი

შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში, ათწლეულების განმავლობაში არსებული ნეიტრალიტეტი სხვა არაფერი იყო, თუ არა ნებაყოფლობითი საგარეო პოლიტიკური დოქტრინა. თავის მხრივ, ავსტრია და შვეიცარია ვალდებულნი არიან დაიცვან ნეიტრალიტეტი იმ ხელშეკრულებების შესაბამისად, რომლებიც მათთვის საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის სავალდებულო. ავსტრიის მსგავსად, შვეიცარიის ნეიტრალიტეტიც დიდ სახელმწიფოებს შორის კომპრომისის შედეგია. 1814-15 წლებში გამართულ ვენის კონგრესზე საფრანგეთი, ავსტრია და პრუსია შეთანხმდნენ, ამ ტერიტორიასთან მიმართებით თავიანთ ინტერესებზე უარი ეთქვათ და ნეიტრალური კონფედერაცია შეექმნათ. 

თუმცა ორ ალპურ სახელმწიფოს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არსებობს. ავსტრიისგან განსხვავებით, შვეიცარია ძლევამოსილი სახელმწიფო არასდროს ყოფილა. 1848 წელს ფედერალური რესპუბლიკის შექმნამდე, კონფედერაცია უფრო მცირე სუვერენული სახელმწიფოების მეტ-ნაკლებად თავისუფალ გაერთიანებას წარმოადგენდა. 

"შვეიცარია უფრო პასიურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, ვიდრე - ავსტრია. მაგალითად, ის ეკონომიკურ სანქციებს ტრადიციულად არ უერთდება, არ არის ევროკავშირის წევრი და შესაბამისად, ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში არ მონაწილეობს. თავის მხრივ, ავსტრია ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე - შვეიცარია. ის საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაში შუამავლის როლს ასრულებს და გაეროს სამშვიდობო მისიებშიც მონაწილეობს,“- განმარტავს პოლიტოლოგი გარტნერი. 

ბოლოს და ბოლოს, უნდა შეინარჩუნოს თუ არა ავსტრიამ ნეიტრალიტეტი?

საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში არსებული განწყობის გათვალისწინებით, უნდა თქვას თუ არა უარი ავსტრიამ თავის ნეიტრალიტეტზე, გარტნერი ამბობს, რომ ამის გაკეთება არ ღირს. „უფრო საინტერესო იქნებოდა დებატები იმის შესახებ, თუ როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებს ავსტრია თავის ნეიტრალიტეტს მომავალში", - ასკვნის პოლიტოლოგი.

სხვა თემები