06 ივნისი 2022 - 08:29

მართალია თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტებს ბირთვული ომისა და სხვა კატასტროფების შემთხვევაში მზა გეგმა აქვთ? რას ნიშნავს ეს?

ფოტო: shutterstock.com

შეერთებული შტატების პრეზიდენტების ადმინისტრაციები ბირთვული ომისა და სხვა მასშტაბური კატასტროფების შემთხვევაში საჭირო გეგმებს ათწლეულების განმავლობაში ამზადებდნენ და ამუშავებდნენ. აღნიშნული სტრატეგია იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ამის შესახებ კონგრესსაც კი არ აქვს ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, გეგმების გარკვეული კომპონენტები მაინც გამჟღავნდა და თუ რას გულისხმობს ისინი, BBC-მ გააანალიზა. 

რა ხდება?

გეგმები შეიცავს კანონების ისეთ ინტერპრეტაციებს, რომლებიც პრეზიდენტისთვის რაიმე სახის გადაუდებელი უფლებამოსილების მიცემას ითვალისწინებს - წერს New York Times-ი -  გამოცემა, რომელიც გამოაშკარავებულ ინფორმაციას პირველად გაეცნო. თუ რას მოიცავს 1950-იანი წლებიდან შემუშავებული საპრეზიდენტო დირექტივები, აშშ-ის კონგრესმა ამის შესახებ თითქმის არაფერი იცის და შესაბამისად, მას ვერც გააკონტროლებს. ამ დრომდე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია მხოლოდ ცივი ომის დასაწყისის საიდუმლო დოკუმენტებით შემოიფარგლებოდა. იმ ეპოქაში იგეგმებოდა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა საომარი მდგომარეობის დაწესება, არასანდო ადამიანების დაკავება და საზღვარგარეთიდან შემომავალი ახალი ამბების ცენზურა. თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობს თანამედროვე დირექტივები- ე.წ. პრეზიდენტის დოკუმენტები საგანგებო ქმედებების შესახებ - გაურკვეველია. 

თუმცა ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტები 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ჯორჯ ბუშის (უმცროსი) ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე მინიშნებას შეიცავს. ბრენანის სამართლის ცენტრის მიერ New York Times-ისთვის მიწოდებული რამდენიმე ფაილი აჩვენებს, რომ ბუშის ადმინისტრაცია ცდილობდა საომარი ვითარების დროს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ კანონმდებლობის ისეთ ინტერპრეტირებას, რომ მას ომის პირობებში შესძლებოდა ინტერნეტის გაკონტროლება ან საკომუნიკაციო ქსელების საერთოდ გათიშვა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი მიდგომა 1990-იან წლებში ინტერნეტისადმი ინტერესის არანორმალური ზრდით იყო გამოწვეული. 

2008 წლის სხვა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტროს იურისტები პრეზიდენტის ბრძანების რაღაც პროექტს უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების ფონზე განიხილავენ. ამ სამსახურებრივ ჩანაწერში კონკრეტული შემთხვევა ნახსენები არ არის. თუმცა იმ დროს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, რომლებიც საგანგებო სიტუაციებში მთავრობას განსაკუთრებით აინტერესებდა. ეს იყო, ერთი მხრივ, შეერთებულ შტატებში იარაღის ტარების უფლება და მეორე მხრივ, გუანტანამოს პატიმრების უფლებები სასამართლო სხდომებზე. 

„ეს დოკუმენტები ეჭვს არ ტოვებს, რომ 11 სექტემბრის შემდეგ მიღებული გადაუდებელი ქმედებების შესახებ დოკუმენტები პირდაპირ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებებზე,“-  განუცხადა NYT-ს ბრენანის სამართლის ცენტრის წარმომადგენელმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ელიზაბეტ გოიტეინმა. „ამასთანავე, მათზე ზედამხედველობას კონგრესი ვერ ახორციელებს. ეს კი მიუღებელია,“- დასძენს ექსპერტი. 

საზოგადოებისთვის ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმები მთელი მათი ისტორიის მანძილზე. გოიტეინი თვლის, რომ დამანგრეველი ბირთვული შეტევის გარდა, ეს დირექტივები  ახლა სხვა სცენარებსაც მოიცავს. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ გვიანდელი ვერსიები გაფართოებულია. ისინი ახლა შვიდ სხვადასხვა კატეგორიად არის დაყოფილი, თუმცა მათი შინაარსი საიდუმლოდ რჩება. 

ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ ბუშის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის დროისთვის მომზადებული იყო 48 დირექტივა, 2008 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 56-მდე გაიზარდა. რაიმე სახის კონსულტაციები კონგრესთან დოკუმენტებში ნახსენები არ არის. დირექტივების გადახედვასა და შემუშავებაზე ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ოფისი მუშაობდა. დოკუმენტებში დასახელებული ბუშის ადმინისტრაციის რამდენიმე ჩინოვნიკის თქმით, ეს იყო ერთგვარი ბიუროკრატიული „გენერალური წმენდა“, რომელიც 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ საკმაოდ გონივრულად გამოიყურებოდა. შესაბამისად, მთავრობა შიდა უსაფრთხოებაზე ორიენტირდა. ბრენანის სამართლის ცენტრმა, რომელიც პრეზიდენტის საგანგებო ზომების შესახებ მასალებს  აგროვებდა, ბუშის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული დაახლოებით 500-გვერდიანი დოკუმენტი მოიპოვა. აღნიშნულ ცენტრს დაახლოებით 6000 გვერდზე წვდომა აუკრძალეს იმ მოტივით, რომ ისინი სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდნენ.

ცენტრმა მოითხოვა ინფორმაცია მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატამ გასული წლის დეკემბერში მიიღო კანონპროექტი, რომელიც ტრამპის შემდგომი აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან შეზღუდვებს დააწესებდა. ის შეიცავს დებულებას, რომელიც საგანგებო ზომების შესახებ დოკუმენტების კონგრესისთვის გამჟღავნებას მოითხოვს. თუმცა კანონპროექტს, სახელწოდებით „კანონი ჩვენი დემოკრატიის დაცვის შესახებ“, სავარაუდოდ, სენატი არ დაამტკიცებს, რადგან მას რესპუბლიკელები დაბლოკავენ. საგანგებო საპრეზიდენტო უფლებამოსილებებზე შეზღუდვების დაწესების მომხრეები, ორივე პარტიის მხარდაჭერის შემთხვევაში, თავდაცვის ხარჯების ყოველწლიურ კანონპროექტში მათ (ამ უფლებამოსილებების) „ჩართვას“ განიხილავენ. ეს კანონპროექტი, როგორც წესი, ორივე პალატაში უპრობლემოდ გადის. 
ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა რომელიმე კანონპროექტში პრეზიდენტის საგანგებო დირექტივების დებულება. თუმცა მასაჩუსეტსის დემოკრატი სენატორი ედუარდ მარკი თვლის, რომ კონგრესს აქვს შესაძლებლობა, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. „ჩვენი, როგორც კანონმდებლების მოვალეობაა, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მოვითხოვოთ გადმოგვცეს დოკუმენტები, რათა კონგრესმა, როგორც ამერიკელი ხალხის წარმომადგენელმა, შეძლოს შეაფასოს მომავალი პრეზიდენტის ნებისმიერი მცდელობის კონსტიტუციურობა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში საგანგებო უფლებამოსილების მიღებას გულისხმობს,“ - განაცხადა მან New York Times-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

მარკმა თავისი კანონპროექტი წარადგინა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Covid-19-ის პანდემიის დასაწყისში განაცხადა, რომ მას „აბსოლუტური“ ძალაუფლება ჰქონდა. გაცილებით მეტია ცნობილი 1950-იან და 1960-იან წლებში პრეზიდენტის საგანგებო უფლებამოსილებათა შესახებ - ზოგიერთი მათგანი მოხსენიებულია მემორანდუმებში, რომლებიც მას შემდეგ გასაიდუმლოებულია. კერძოდ, ისინი მოიცავდა დირექტივებს საომარი მდგომარეობის სხვადასხვა ვარიანტის შემოღების, უცხოეთიდან შემოსული ინფორმაციის ცენზურისა და დაკავებულთა სასამართლო სხდომების შეჩერების შესახებ. 

1950-იანი წლების კიდევ ერთი საგანგებო დირექტივა გარკვეული კატეგორიის პირთათვის დახურული სამხედრო ზონების შექმნას ითვალისწინებდა. ანალოგიური მეთოდით, იაპონელებსა და იაპონური წარმოშობის ამერიკელებს მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე რეგიონში შესვლა აეკრძალათ, რამაც მათი ინტერნირება გამოიწვია. როგორც 2019 წელს გასაჯაროებულმა მემორანდუმმა აჩვენა, ჯერ კიდევ 1967 წელს იუსტიციის სამინისტრომ ამ გეგმის გაუქმების რეკომენდაცია გასცა. "იაპონელთა განსახლების პროგრამის ფართო კრიტიკა კარგად არის ცნობილი და დასაბუთებული,"-  ნათქვამია 1967 წლის მემორანდუმში. "არსებობს სერიოზული შეშფოთება იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა ავტორიზებული რომელიმე ასეთი პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა ამერიკის მოქალაქეთა გაყვანას ან დაკავებას მხოლოდ მათი რასის, რელიგიის ან ნაციონალური წარმომავლობის საფუძველზე“, - წერია დოკუმენტში. 

იმ წლების სხვა დოკუმენტები ითვალისწინებდა საომარი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის გამოცემას, კონგრესის შეხვედრების უსაფრთხო ადგილზე გადატანის დირექტივასა და ისეთი სააგენტოს შექმნას, რომელსაც ეკონომიკაზე სრული კონტროლის  უფლებამოსილება ექნებოდა. პრეზიდენტის წინაშე პასუხისმგებელ ამ უწყებას კერძო საკუთრების რეკვიზიციისა და მასალების განაწილების, ხელფასებზე, ფასებსა და იჯარაზე კონტროლის დაწესების, საქონლის განაწილების ნორმირებისა და შრომითი დავების გადაწყვეტის უფლება  ექნებოდა. 

რამდენიმე წლის განმავლობაში, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, იუსტიციის სამინისტრომ კონგრესში წარდგენილ საბიუჯეტო დოკუმენტებში აღნიშნა, რომ პრეზიდენტის საგანგებო უფლებამოსილებების შესახებ 56 დოკუმენტის კანონიერების განხილვა 2012 წელს დაიწყო. 2017 წლის საბიუჯეტო მოთხოვნაში ეს ტრამპის პერიოდშიც აღინიშნა, რის შემდეგაც ფინანსურ დოკუმენტებში უკვე აღარ ფიგურირებს. 

სხვა თემები