06 ივნისი 2022 - 08:28

როგორ დასრულდება ომი უკრაინაში? რომელ ხუთ შესაძლო სცენარზეა საუბარი?

ფოტო: shutterstock.com

ნებისმიერი ომი თავისი მიქცევითა და მოქცევით ოკეანეს ჰგავს. შესაბამისად, გამონაკლისს არც უკრაინაში რუსეთის შეჭრა წარმოადგენს. სწრაფი და დამანგრეველი მარცხის საფრთხე კრემლის უკანდახევითა და კიევის წინააღმდეგობის გაზრდით შეიცვალა. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის უფრო კონცენტრირებული შეტევის წინაშე აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან ასი დღე გავიდა. შეიძლება თუ არა, რომ უკვე ვისაუბროთ, როგორ დასრულდება ის? ამ კუთხით, ერთმანეთის პარალელურად არსებობს ხუთი პოტენციური სცენარი, რომლებიც ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს და ამავდროულად, სავსებით რეალურია. მოვლენების განვითარების რა ვერსიებზე საუბრობენ სპეციალისტები, ეს BBC-მ გაარკვია.

სცენარი #1. გაჭიანურებული ომი

სანამ უკრაინისა და რუსეთის ჯარები ერთმანეთს სისტემატურად უტევენ, ომი შეიძლება  თვეები ან თუნდაც წლები გაგრძელდეს. ყველაფერი იცვლება იმის შესაბამისად, თუ რომელი მხარე განიცდის ტაქტიკურ მარცხს ან აღწევს წარმატებას. თუმცა უკან დახევას არცერთი მათგანი არ აპირებს. 

რუსეთის პრეზიდენტს სჯერა, რომ წარმატებას სტრატეგიული გამძლეობის დემონსტრირებით მიაღწევს. კრემლი ფსონს დებს ასევე იმაზე, რომ დასავლეთი უკრაინის დახმარებით დაიღლება და საკუთარ ეკონომიკასა თუ ჩინურ მუქარაზე კონცენტრირდება. თუმცა დასავლეთი ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს. ბრძოლის ველზე პრაქტიკულად ფრონტის ხაზები ჩამოყალიბდა და შექმნილი სიტუაცია თანდათან პოზიციურ „გაუთავებელ ომში“ გადაიზარდა. „მოკლევადიან პერსპექტივაში, მე ვერ ვხედავ ვერცერთი მხარის ტაქტიკური ან სტრატეგიული გამარჯვების შესაძლებლობას“, - ამბობს გადამდგარი ავსტრალიელი გენერალი მიკ რაიანი. „ომის არცერთ მხარეს გადამწყვეტი სტრატეგიული დარტყმის უნარი არ გამოუვლენია", - დასძენს ის. 

სცენარი#2. პუტინი დაზავების შესახებ განაცხადებს 

რა მოხდება, თუ პუტინი მთელ მსოფლიოს გააკვირვებს და ცეცხლის  ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადებს? ამით მას შესაძლებლობა ექნებოდა, რომ მიტაცებული ტერიტორიები შეენარჩუნებინა და ამავდროულად, გამარჯვება გამოეცხადებინა. პუტინს შეეძლებოდა იმის თქმა, რომ მისმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ მიზანს მიაღწია: კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები დონბასში კარგად არიან დაცული და ყირიმისკენ სახმელეთო დერეფანი გაიხსნა. ამის შემდეგ მას მორალური უპირატესობის პოზიციიდან ექნებოდა შესაძლებლობა, რომ უკრაინა ეიძულებინა, რათა ამ უკანასკნელს საომარი მოქმედებები შეეწყვიტა. 

„რუსეთს ამ ტაქტიკის გამოყენება ნებისმიერ დროს შეუძლია, თუ მას სურს, რომ ევროპამ დაარწმუნოს უკრაინა, რათა კიევმა დადოს იარაღი და პირობითი მშვიდობის სანაცვლოდ, თავისი ტერიტორიების ნაწილი დათმოს“, - ამბობს სამეფო ინსტიტუტის საერთაშორისო განყოფილების წარმომადგენელი რუსეთის საკითხებში კირ ჯაილსი. ეს თვალსაზრისი უკვე დაფიქსირდა პარიზში, ბერლინსა და რომში: რატომ უნდა გაგრძელდეს ომი, დროა ბოლო მოეღოს გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებს და მივაღწიოთ დაზავებას. 

თუმცა ამას ეწინააღმდეგება შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა, რომელთა პოლიტიკოსებიც დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის შეჭრა უნდა ჩავარდეს როგორც თავად უკრაინის, ასევე დანარჩენი ევროპისა და საერთაშორისო წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე. ასე რომ, რუსეთის მიერ ზავის ცალმხრივმა გამოცხადებამ შეიძლება სიტუაცია შეცვალოს, მაგრამ ეს საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ გამოიწვევს.

სცენარი#3. ჩიხური სიტუაცია ბრძოლის ველზე

რა მოხდება, თუ რუსეთიც და უკრაინაც მივლენ დასკვნამდე, რომ სამხედრო გზით ვერაფერს მიაღწევენ და კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მიზნით მოლაპარაკებებს დაიწყებენ? დავუშვათ, რომ მათი სამხედრო რესურსი ამოწურულია როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის კუთხით. შესაბამისად, მხარეებს ომის გაგრძელება აღარ უღირთ. რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური ზარალი აუნაზღაურებელია. უკრაინელი ხალხიც დაიღალა ომით, ადამიანებს მოჩვენებითი გამარჯვებისთვის სიცოცხლის გარისკვა აღარ სურთ.

რა მოხდება, თუ კიევის ხელმძღვანელობა, რომელსაც არ სჯერა, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, გადაწყვეტს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის დროა? ბოლოს და ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღიად ამბობს, ამერიკელების მიზანია დარწმუნდნენ, რომ უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან მაქსიმალურად ძლიერი პოზიციები ექნება. ბევრი ამბობს, რომ დასავლეთის სურვილი - რუსეთი დამარცხდეს, უკრაინის გამარჯვების სინონიმი სულაც არ არის. 

თუმცა ბრძოლის ველზე ჩიხური სიტუაციის შექმნა მხოლოდ ბევრი თვის შემდეგ არის მოსალოდნელი, კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევა კი უკიდურესად რთული იქნება. და რაც მთავარია, კიევი მოსკოვს არ ენდობა. უკრაინაში სჯერათ, რომ პუტინთან ნებისმიერ შეთანხმებას კრემლი ძალების მოსაკრებად და ახალი თავდასხმისთვის მოსამზადებლად  გამოიყენებს. ასე რომ, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს და საომარი მოქმედებები განახლებული ენერგიით ისევ დაიწყება. 

სცენარი #4. უკრაინა იმარჯვებს

შეუძლია თუ არა უკრაინას, მიუხედავად ყველაფრისა, რაიმე ფორმით გამარჯვებას მიაღწიოს? შეძლებს თუ არა ის, აიძულოს რუსეთი, ჯარები დააბრუნოს იმ საზღვრებთან, სადაც ისინი შეჭრამდე იმყოფებოდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ რვა წლის წინ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე? "უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰოლანდიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში. რა მოხდება, თუ რუსეთი დონბასს ვერ დაიკავებს? 

რუსეთის ომის მანქანა უკვე ისედაც დასავლეთის სანქციების ქვეშ არის მოქცეული. ამ ყველაფრის პარალელურად კი არის უკრაინა, დასავლეთის მიერ მისთვის მიწოდებული შორი მანძილის არტილერიითა და მისთვის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზალპური ცეცხლის სისტემებით. განახორციელებს თუ არა კიევი კონტრშეტევების სერიას და დაიკავებს თუ არა იმ ტერიტორიას, რომლის გასწვრივაც რუსული არმიის მომარაგების ხაზებია გადაჭიმული? 

რა მოხდება, თუ უკრაინა აღადგენს თავის არმიას და თავდაცვის ნაცვლად შეტევაზე გადავა? ასეთი სცენარი სავსებით რეალურია იმისთვის, რომ პოლიტიკოსები შესაძლო შედეგებზე უკვე დაფიქრდნენ. ბოლოს და ბოლოს, თუ პუტინს მარცხი დაემუქრება, მოუნდება თუ არა მას ქიმიური ან თუნდაც ბირთვული იარაღის გამოყენებით კონფლიქტის გამწვავება? "მე ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენება, რომ პუტინი ჩვეულებრივ ომში დამარცხებას აღიარებს, როდესაც მას ბირთვული იარაღი აქვს", - განაცხადა ცოტა ხნის წინ ისტორიკოსმა ნიალ ფერგიუსონმა ლონდონის სამეფო კოლეჯში გამართულ სემინარზე.

სცენარი#5. რუსეთი იმარჯვებს

რამდენად რეალურია რუსეთის შესაძლო "გამარჯვება"? დასავლეთი აგრძელებს იმის ხაზგასმას, რომ წარუმატებლობის მიუხედავად, რუსეთი კიევის აღებისა და უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობის იდეას მაინც არ თმობს. ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ეს პროგრამა-მაქსიმუმი არავის შეუცვლია. რუსეთს შეუძლია გამოიყენოს თავისი წარმატება დონბასში, რათა გამოათავისუფლოს ჯარები სხვა მიმართულებით მოქმედებისთვის, მაგალითად, კიევზე შეტევის განსახორციელებლად. 

დავუშვათ, რომ რუსული ჯარების რიცხობრივმა უპირატესობამ და სარდლობის მზადყოფნამ, თავისი ჯარისკაცების სიცოცხლის მარტივად გაწირვა გააგრძელოს, შედეგი გამოიღო. ამასობაში კი უკრაინული ძალების დანაკარგი გრძელდება. როგორც თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღიარა, ომში ყოველდღიურად ასამდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება, 500-მდე კი დაშავებულია. საზოგადოებაში მოსაზრებები შეიძლება გაიყოს: უკრაინელთა ნაწილს ომის გაგრძელება მოუნდება, ვიღაცას კი მშვიდობის სურვილი და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება ენდომება. ამასთანავე, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა შეიძლება უკრაინის დახმარებით დაიღალოს. 

მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ისინი დაინახავენ, რომ რუსეთი უპირატესობას იძენს, უკრაინის ზოგიერთ მოკავშირეს, შესაძლოა, კონფლიქტის შემდეგ ეტაპზე გადასვლა მოუნდეს. როგორც ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა BBC-ის ჟურნალისტს პირად საუბარში უთხრა, დასავლეთს წყნარ ოკეანეში უნდა გამოეცადა ბირთვული იარაღი, როგორც გაფრთხილება რუსეთისთვის. ასე რომ, ამ ომის მომავალი სულაც არ არის წინასწარ განსაზღვრული. 

სხვა თემები