11 ივნისი 2022 - 10:51

როგორი იქნება „ახალი ყაზახეთი“? ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები რეფერენდუმის შესახებ

ფოტო: shutterstock.com

2022 წლის იანვრის ტრაგიკული მოვლენებისა და ნურსულთან ნაზარბაევის ყველა ნათესავისა თუ ოჯახის წევრის ქვეყნის მმართველობიდან ჩამოშორების შემდეგ, ყაზახეთის ხელისუფლებამ, პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ხელმძღვანელობით, კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის გზით ქვეყანაში ძირეული რეფორმების გატარების შესახებ გამოაცხადა. მიიღებენ თუ არა აღნიშნულ ცვლილებებს, ეს მოქალაქეებმა რეფერენდუმზე უკვე გადაწყვიტეს.  

ყაზახეთში ჩატარებული სახალხო გამოკითხვის მონაწილეებმა საკონსტიტუციო ცვლილებები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. 2022 წლის 5 ივნისს მოქალაქეებმა დააფიქსირეს თანხმობა, რომ ქვეყანა სუპერსაპრეზიდენტო სახელმწიფოს ნაცვლად გახდეს საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელსაც ძლიერი პარლამენტი ეყოლება. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის,  კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მიერ შეთავაზებულ შესაბამის ცვლილებებს ამომრჩეველთა 77,18%-მა მისცა ხმა, - განაცხადა ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორშაბათს, 6 ივნისის დილას გამართულ პრესკონფერენციაზე. 

რატომ გაიმართა ყაზახეთში რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ? რა გავლენას იქონიებს ის ყაზახეთის ცხოვრებაზე და რა შეიცვლება ქვეყანაში 5 ივნისის შემდეგ? - ამ კითხვებს პასუხები Deutsche Welle-მ გასცა.

რატომ დაინიშნა რეფერენდუმი?

რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ეკუთვნის. ხალხისადმი მიმართულ გზავნილში მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი „ახალი ყაზახეთის“ ჩამოყალიბებაა. როგორც 30 მაისს, გერმანიაში ყაზახეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული და მოახლოებული რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ონლაინ რეჟიმში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აღნიშნეს, რეფორმების საჭიროება მიმდინარე წლის იანვარში ყაზახეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებით იყო ნაკარნახევი. მაშინ მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, რომელიც არეულობასა და შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა, ოფიციალური მონაცემებით, 230 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 სამხედრო პირი და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მომიტინგეებმა სამთავრობო შენობები და ალმათის აეროპორტი დაიკავეს და მაღაზიები გაძარცვეს და ა.შ.

კონკრეტულად რა სახის საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი?

ტოკაევის ინიციატივა ყაზახეთის კონსტიტუციაში 56 შესწორების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილებები ქვეყნის ძირითადი კანონის მუხლების მესამედს ეხება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეყნის პრეზიდენტისთვის რომელიმე პარტიის წევრობის აკრძალვა, პრეზიდენტის უახლოესი ნათესავებისთვის სახელმწიფო პოსტებისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა, ასევე - ნაციონალურ და რეგიონულ დონეზე არჩევნების ჩატარება შერეული საარჩევნო სისტემის მეშვეობით. 

ამასთანავე, პარლამენტის წევრთა 70%-ი პროპორციული სისტემით უნდა აირჩეს, 30%-ი კი - მაჟორიტარულით. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, არაპარტიულ მოქალაქეებს უნდა  ჰქონდეთ შესაძლებლობა, საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ამავდროულად, ზემოთ ხსენებული შესწორებები ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელახალი შექმნასაც ითვალისწინებს. 

რას უნდა ველოდოთ რეფერენდუმის შემდეგ?

როგორც მრგვალი მაგიდის დროს ყაზახეთის ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დაურენ კარიპოვმა აღნიშნა, „ახალი ყაზახეთის“ კონცეფცია ეფუძნება რეფორმებს, რომელთა მიზანია  ძლიერი პარლამენტის მქონე საპრეზიდენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბება. ცვლილებების შეტანა „მმართველობის სუპერ-საპრეზიდენტო სისტემის საპრეზიდენტო-საპარლამენტო სისტემად გადაქცევას ითვალისწინებს,“- განაცხადა, თავის მხრივ, კრისტოფ მორმა, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონალური დირექტორია ყაზახეთსა და უზბეკეთში. 

მორის განცხადებით, ყაზახეთში ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, მაგრამ ამით მხოლოდ ელიტურმა წრეებმა ისარგებლეს. სწორედ რესურსებისა და სოციალური კეთილდღეობის არათანაბარი განაწილება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იანვრის მასობრივი საპროტესტო აქციებისა, რომლებიც არეულობაში გადაიზარდა. „ახლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, არამედ ინოვაციების დანერგვა. ეს უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის ფონზე,“ - დასძინა კრისტოფ მორმა. 

ყაზახეთში მთელი ამ ხნის განმავლობაში ხისტი და დახურული პოლიტიკური სისტემა არსებობდა, - აღნიშნა ონლაინ შეხვედრაზე ყაზახმა პოლიტოლოგმა ანდრეი ჩებოტარევმა. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი იყო პარტიების რაოდენობის შემცირება - ამ ეტაპზე მხოლოდ  ხუთი მათგანია რეგისტრირებული. მისი თქმით, სისტემა გაიხსნა მხოლოდ 2018 წელს, როდესაც მშვიდობიანი შეკრებების შესახებ კანონი იქნა მიღებული და მიმდინარე რეფერენდუმიც სწორედ ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა. 

მისი ერთ-ერთი უპირატესობა იქნება რიგითი მოქალაქეებისთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და პარტიების განვითარების შესაძლებლობა, - განმარტა ჩებოტარევმა. ამგვარად, ყაზახეთის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პარტიებისთვის პარლამენტში შესვლის ბარიერი 7-დან 5%-მდე მცირდება, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა (რაც პარტიის რეგისტრაციისთვის არის საჭირო) 20-ის ნაცვლად 5 ათასი გახდება, ამასთანავე, მთლიანი რეგისტრაციის პროცედურა ზოგადად გამარტივდება.

რატომ აკრიტიკებენ ყაზახეთს?

ყაზახეთის კონსტიტუციაში ცვლილებები უკვე ოთხჯერ შეიტანეს - განაცხადა ონლაინ მრგვალი მაგიდის ფარგლებში პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა მურატ აბენოვმა. მისი თქმით, სამწუხაროდ, „ეს ცვლილებები ყოველთვის ცენტრალიზებული ხელისუფლების გაძლიერებისკენ იყო მიმართული და რეგიონებს თავისუფლება არ ჰქონდათ“. თუმცა ამჯერად პირველად იგეგმება საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციისკენ არის მიმართული, რათა ყაზახეთის  რიგითმა მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკაში როგორც რეგიონულ, ისე ნაციონალურ დონეზე, - ხაზგასმით აღნიშნა აბენოვმა. 

აბენოვის თქმით, რადგან ცვლილებები რეფერენდუმზე დამტკიცდა, ადგილობრივი ხელისუფლება უფრო დამოუკიდებელი გახდება, პარლამენტის პალატებს შორის ურთიერთობა და პრეზიდენტის კომპეტენცია კი შეიცვლება. ადრე ყველაფერი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილების გაფართოებას, მაგრამ ამჯერად - არა, - თვლის ყოფილი დეპუტატი. ბერლინის აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (ZOiS) ექსპერტის, ბეატე ეშმენტის თქმით, ამ შესწორებების იმპლემენტაციაა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს განსაკუთრებით ეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებას, რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობასა და ახალი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებას.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ცვლილებები დამტკიცდება. თუმცა მეეჭვება, რომ ისინი სრულად განხორციელდეს:  მაგალითად, პრეზიდენტის ახლობლებს ნამდვილად წაერთმევათ პოლიტიკაზე ზეგავლენის  შესაძლებლობა ან ყაზახეთში შეიცვლება სიტუაცია ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით,“  - განაცხადა ბეატე ეშმენტმა. მისი თქმით, იანვრის მოვლენების შემდეგ ტოკაევმა არ გადადგა "დიდი ნაბიჯი, რასაც მისგან ელოდნენ. თუმცა, შესაძლოა, მან შეძლოს რიგი პატარ-პატარა ნაბიჯის გადადგმა, რომლებიც ყაზახეთს აუცილებელ ცვლილებებამდე მიიყვანს".

კრიტიკოსთა ნაწილი ეჭვობს, რომ რეფერენდუმზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები რეალურად ვერ შეცვლის ძალაუფლების ავტორიტარულ სისტემას, რომელიც  ნაზარბაევის მმართველობის ათწლეულების განმავლობაში შეიქმნა. წარსულში ბევრი ამბობდა, რომ ტოკაევი ყაზახეთს ნაზარბაევის ჩრდილში მართავდა, მაგრამ ახლა ექსპერტები ამბობენ, რომ მან იანვრის საპროტესტო აქციების შემდეგ პოზიციების გამყარება შეძლო. ამის შემდეგ ტოკაევმა დახმარებისკენ მოუწოდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს და აჯანყების ჩახშობის შემდეგ ნაზარბაევსა და მის გარემოცვას ძალაუფლების ნარჩენებიც ჩამოართვა. ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის სამი სიძე, მისი ძმისშვილი და სხვა ნათესავები თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სხვა თემები