11 ივნისი 2022 - 10:20

რა ცვლილებები გამოიწვია უკრაინაში მიმდინარე ომმა მთელ მსოფლიოში?

ფოტო: shutterstock.com

მილიონობით ლტოლვილი, გლობალური შიმშილის საფრთხე, ენერგეტიკული კრიზისი - პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს, რომელიც სამ თვეზე მეტია გრძელდება, მთელ მსოფლიოში დრამატული შედეგები მოჰყვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს არის პირველი ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტაკება ევროპაში. რუსეთის აგრესიამ არა მხოლოდ უხეშად დაარღვია კანონისა და წესრიგის საერთაშორისო ნორმები, არამედ გამოიწვია საკმაოდ მძიმე შედეგები, რაც უკვე მთელ მსოფლიოში  იგრძნობა. თუ რომელ კონკრეტულ მიმართულებებზეა საუბარი, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

მილიონობით ლტოლვილი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 6,8 მილიონმა უკრაინელმა ქვეყანა დატოვა, კიდევ 7,7 მილიონი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. სამ მილიონზე მეტმა უკრაინელმა მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი. ესენია: პოლონეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი და უნგრეთი. როგორც მაისში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, პოლონეთმა უკრაინელი ლტოლვილების მაქსიმალური რაოდენობა - 3,5 მილიონი ადამიანი მიიღო, გერმანიამ - 727 ათასი და ჩეხეთის რესპუბლიკამ- 348 ათასი. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, დაახლოებით 2 მილიონი უკრაინელი სამშობლოში დაბრუნდა. მარტში ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე ბიუროკრატიული პროცედურები უნდა გამარტივებულიყო. ევროკავშირის საბჭომ ბრიუსელში გამართულ სხდომაზე რუსეთის აგრესიისგან გაქცეული უკრაინელების დროებითი დაცვის დირექტივის შემოღებას მხარი დაუჭირა. იმ ქვეყნებში, რომლებმაც უკრაინელი ლტოლვილების დიდი ნაკადი მიიღეს, თავშესაფრები ხშირად გადატვირთულია. შესაბამისად, უკრაინელებს ყველა საჭირო დოკუმენტის ან სოციალური დახმარების მისაღებად დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ლოდინი. 

გლობალური შიმშილის საფრთხე

უკრაინა მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელია და აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. კვლევითი კომპანია Mintec-ის მონაცემებით, მზესუმზირის ზეთის უკრაინული მარაგი, ომამდე მსოფლიო ბაზრის 47%-ს შეადგენდა. რუსეთის აგრესიამ უკრაინაში მზესუმზირის ზეთის გლობალური დეფიციტი და სხვა მცენარეულ ზეთებზე ფასების მატება გამოიწვია. მარტის ბოლოს აღნიშნულ პროდუქტზე მსოფლიო ფასები, გასულ წელთან შედარებით, 44%-ით გაიზარდა. 

თუმცა უკრაინას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოში არა მხოლოდ მზესუმზირის, არამედ- სიმინდისა (საერთაშორისო ვაჭრობის 15%-ი) და ხორბლის (10%-ი) ექსპორტის თვალსაზრისითაც. რუსეთის მიერ შავ ზღვაში უკრაინის პორტების დაბლოკვამ უკრაინული მარცვლეულისა და სიმინდის ექსპორტი მკვეთრად შეამცირა. ეს განსაკუთრებით მწვავედ იგრძნეს აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინის მიწოდებაზე უშუალოდ არიან დამოკიდებული. თუმცა შედეგები შეიძლება კიდევ უფრო დრამატული იყოს.ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ექსტრემალური ამინდის პირობებში და პოსტკორონავირუსული ეკონომიკური არეულობის ფონზე, გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხეს ბევრად გაზრდის. მაისში გაეროს უშიშროების საბჭომ საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა, რომ გლობალურმა შიმშილმა "ახალ მწვერვალს" მიაღწია და ისიც დასძინა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ათობით მილიონი ადამიანი შეიძლება გრძელვადიანი შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. მაისის ბოლოსთვის 23 ქვეყანამ სურსათის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რაც სასურსათო უსაფრთხოების გლობალური დონის შემცირებაზე  მიუთითებს.

ენერგეტიკული კრიზისი 

რუსეთი მსოფლიოში ბუნებრივი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი, ნედლი ნავთობის რიგით მეორე მიმწოდებელი და ნახშირის მესამე უდიდესი ექსპორტიორია. უკრაინაში შეჭრამდე, რუსული გაზის სამი მეოთხედი და ნედლი ნავთობის თითქმის ნახევარი ევროპაში მიდიოდა. 2020 წელს, რუსული ნავთობი, გაზი და ქვანახშირი ევროკავშირის ენერგომოხმარების მეოთხედს შეადგენდა. 

თუმცა 24 თებერვლიდან ევროკავშირმა გადაწყვიტა, რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან ეტაპობრივად გათავისუფლდეს. ”ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია დავეყრდნოთ მიმწოდებელს, რომელიც ღიად გვემუქრება,”- თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მარტში. ამავე თვეში ევროკომისიამ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირი რუსულ წიაღისეულ საწვავზე უარს სრულად იტყვის და მიმდინარე წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის ორი მესამედით შემცირება იგეგმება.

აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი პუნქტი გაზის საწყობებში საწვავის მარაგის გაზრდაა. კიდევ ერთი დროებითი ვარიანტია თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი - მაგალითად, ამერიკიდან. ამასთან, ზოგიერთი ექსპერტი გაზის დეფიციტს პროგნოზირებს და ენერგიის ნორმირების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. 

ფასების ზრდა და ინფლაცია

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სურსათისა და ენერგორესურსების ნაკლებობამ ფასების ფართომასშტაბიანი მატება და ინფლაცია  გამოიწვია. განსაკუთრებით მკვეთრი ნახტომი სასურსათო პროდუქციის მიმართულებით შეინიშნება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსმა, რომელიც  საკვები პროდუქტების კალათის საერთაშორისო ფასების ყოველთვიურ ცვლილებას ასახავს, მიმდინარე წლის მარტში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2021 წლის მარტიდან გლობალური ინფლაცია გაორმაგდა. გასულ თვეში, ევროზონაში ინფლაციამ რეკორდულ მაჩვენებელს - 8,1%-ს მიაღწია. ამავდროულად, ვარაუდობენ, რომ ეს დაბალშემოსავლიან ქვეყნებს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს. 

ნატოს გაფართოება

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გეოპოლიტიკა შეცვალა. ზოგიერთი ექსპერტი ელის განახლებულ განხეთქილებას, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ბლოკებად დაყოფას გულისხმობს. აქ ერთ მხარეს რუსეთი და ჩინეთი იქნებიან, მეორე მხარეს კი - ევროკავშირი და აშშ. 

უკრაინის ომმა ასევე გამოიწვია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რენესანსი. თუ ჯერ კიდევ 2019 წელს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნატოს „ტვინის სიკვდილზე“ ლაპარაკობდა, მისივე სიტყვებით, რუსული აგრესია უკრაინაში გახდა ელექტროშოკი, რომელმაც მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო ბლოკი გამოაფხიზლა. ომის დაწყების შემდეგ, ტრადიციულად ნეიტრალურმა შვედეთმა და ფინეთმაც კი ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადეს. 

ამის შედეგად, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას რუსეთისთვის საფრთხედ მიიჩნევს და რომელიც მთელი ძალით ცდილობდა, ალიანსში უკრაინის გაწევრიანება არ დაეშვა, საპირისპირო ეფექტს მიაღწია. ფინეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ, რუსეთთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საერთო საზღვრის სიგრძე ორჯერ გაიზარდა და 2600 კმ-ს მიაღწია.

სხვა თემები