13 ივნისი 2022 - 09:52

The Wall Street Journal: რუსული ნავთობის მწარმოებლები დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას მაინც ახერხებენ და რუსული ნავთობის ნაწილი შეერთებულ შტატებამდეც აღწევს

ფოტო: shutterstock.com

ევროპამ რუსულ ნედლ ნავთობზე ახლახან მკაცრი სანქციები დაააწესა. თუმცა როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ნავთობის გადამამუშავებლები და სატრანსპორტო კომპანიები ნედლეულის წარმოშობის დამალვას მაინც ახერხებენ. გამოცემის ინფორმაციით, საწვავი, რომელიც, სავარაუდოდ, ნაწილობრივ რუსული ნედლი ნავთობისგან არის  დამზადებული, გასულ თვეში ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში დაფიქსირდა.

როგორ აღწევს სანქცირებული რუსული ნავთობი აშშ-მდე?

აღნიშნული ტვირთი შეტანილია სუეცის არხისა და ატლანტის ოკეანის გავლით ინდოეთის გადამამუშავებელი ქარხნებიდან, რომლებიც რუსული ნავთობის მსხვილი შემსყიდველები იყვნენ. აღნიშნული ინფორმაცია ტრანსპორტირების ჩანაწერებს, რეფინიტივის მონაცემებსა და ჰელსინკში არსებული ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის ანალიზს  ეფუძნება. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და აშშ-სა და ევროკავშირის მიერ კრემლისთვის სანქციების დაწესების კვალდაკვალ, ტრეიდერები აქტიურად მუშაობენ რუსული ნავთობის წარმოშობის დამალვაზე, რათა პროდუქტის შემოდინების ნაკადი შეინარჩუნონ. ეს უკანასკნელი იმალება ისეთ შერეულ რაფინირებულ პროდუქტებში, როგორიცაა ბენზინი, დიზელი და ქიმიკატები.

ამავდროულად, ნავთობის ტრანსპორტირება ხდება გემებით სწორედ იმავე სცენარით, რომლის მიხედვითაც ყიდულობდნენ ან ყიდდნენ სანქცირებულ ირანულ და ვენესუელურ ნავთობს. გადამზიდავი კომპანიების ცნობით, ტრანსპორტირება ხორციელდება ხმელთაშუა ზღვაში, დასავლეთ აფრიკისა და შავი ზღვის სანაპიროებზე, შემდეგ კი ნავთობი ჩინეთის, ინდოეთისა და დასავლეთ ევროპისკენ მიემართება. 

ევროკავშირის ლიდერები სამშაბათს შეთანხმდნენ, რომ რუსული ნავთობის უმეტეს ნაწილზე ეტაპობრივი აკრძალვა დააწესონ, რაც  კრემლს საბოლოოდ ენერგორესურსების უმსხვილესი შემსყიდველების გარეშე დატოვებს.  გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ევროპელ მზღვეველებს რუსული ნავთობის გადამზიდავი გემების დაზღვევა აუკრძალონ. თუმცა სანქციების თავიდან აცილების გზებზე მუშაობა  უკვე დაწყებულია, რაც ამ შეზღუდვების ეფექტიანობას საფრთხეს უქმნის.

მარტიდან აშშ-ს მიერ დაწესებული ემბარგო რუსეთიდან ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტების, თხევადი ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს კრძალავს. თუმცა საწვავი ხშირად მზადდება სხვადასხვა პროდუქტის ნაზავიდან, მაგალითად, როგორიც არის დიზელი.

სავაჭრო სფეროს იურისტების თანახმად, აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის სააგენტო წარმოშობის განსაზღვრისთვის 25%-ს ან მეტს  იყენებს. ამასთანავე, ის არ მოიცავს იმ საქონელს, რომელიც გადამუშავების შედეგად არსებითად სხვა უცხოური წარმოშობის პროდუქტად გარდაიქმნა. სამი სხვადასხვა ფირმის იურისტების განცხადებით, OFAC-ი არ განმარტავს, არის თუ არა ამ შემთხვევაში გამონაკლისი ნედლი ნავთობის გადამუშავება ისეთ პროდუქტებად, როგორიცაა ბენზინი ან დიზელი.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთის სანქციების ძალაში შესვლისა და ამის შედეგად მარტში რუსული ნავთობის ექსპორტის შემცირების შემდეგ, აპრილში ნავთობის ექსპორტი კვლავ აღდგა. რუსული ნავთობის ექსპორტი დღეში 620 ათასი ბარელით  გაიზარდა და 8,1 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც ომამდელ ნიშნულთან მიახლოებულია. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდოეთზე მოდის. 

ინდოეთი რუსული ნავთობის შედინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰაბი გახდა. სასაქონლო ბაზარზე მომუშავე კომპანია Kpler-ის მონაცემებით, ინდოეთის დღიურმა იმპორტმა დღეში 800 ათას ბარელს  მიაღწია, მაშინ როდესაც ომამდე იგივე მაჩვენებელი მხოლოდ  30 ათას ბარელს შედგენდა.  

სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია ფასის საგრძნობ კლებასთან. კერძოდ, პოპულარული რუსული ნედლი ნავთობის, რომელიც „ურალის“ სახელით არის ცნობილი, ფასი 35 ამერიკული დოლარია, რაც უფრო იაფია, ვიდრე - „ბრენტი“. 

კომპანია Kpler-ის ინფორმაციით, ქარხანა ინდურ ენერგოგიგანტს - Reliance Industries Ltd-ს ეკუთვნის. მან მაისში შეიძინა შვიდჯერ მეტი რუსული ნედლი ნავთობი, ვიდრე - ომამდე, რაც მისი მთლიანი მოხმარების მეხუთედს შეადგენს.

21 აპრილს, Reliance-მა გადაიყვანა ნავთობის ტანკერი, რომელიც ალკილატით იყო დატვირთული. ეს უკანასკნელი ბენზინის შემადგენელი კომპონენტია. ტანკერი პორტიდან კონკრეტული მიმართულების მითითების გარეშე დაიძრა. სამი დღის შემდეგ, კომპანიამ  ჩანაწერი აშშ-ის პორტში გაანახლა და იქიდან უკან დაბრუნდა. იქამდე კი, 22 მაისს, ტანკერიდან ნედლეული ნიუ-იორკში ჩამოიტვირთა. 

”სავარაუდოდ, Reliance-მა შეიძინა ფასდაკლებული რუსული ნედლი ნავთობი,  გადაამუშავა და შემდეგ პროდუქტი გაყიდა მოკლევადიან ბაზარზე, სადაც ამერიკელი მყიდველი იპოვა”, - წერს ლაური მილივირტა, ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის მთავარი ანალიტიკოსი. ეს ორგანიზაცია თვალყურს ადევნებს რუსეთის საწვავი წიაღისეულის ექსპორტს და მის როლს უკრაინის ომის დაფინანსებაში. „როგორც ჩანს, რუსული ნედლი ნავთობის გადამუშავება ხდება ინდოეთში და შემდეგ მისი ნაწილი აშშ-ში იყიდება“, - აცხადებენ ცენტრში.

Reliance-მა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. ორგანიზაციის ფინანსურმა დირექტორმა, შრიკანტ ვენკატაჩარმა 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომპანიამ „არბიტრაჟული ბარელების“ შეძენით, ნედლეულის ღირებულება მინიმუმამდე შეამცირა.

ინდოეთიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი, რომელიც რუსული იაფი მომწოდებლებისგან მარაგდება, ომის დაწყების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. კვარტალური გამოთვლებით, ევროპისთვის დღიურმა მიწოდებამ მესამედით მოიმატა, აშშ-ისთვის კი- 43%-ით. 

“თუ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ინდურ გადამამუშავებელ ქარხნებს რუსული ნედლეული შემოაქვთ, დიახ, სავარაუდოდ, ევროპისა და ამერიკისთვის მიწოდებული პროდუქციის ნაწილი  ამ ნედლეულსაც შეიცავს,“- ამბობს კოენ ვესელსი, ნავთობპროდუქტების საკონსულტაციო ფირმა Energy Aspects-ის ნავთობპროდუქტების ანალიტიკოსი.

ეს ხდება მაშინ, როდესაც ბენზინისა და დიზელის ფასმა შეერთებულ შტატებში, ნედლეულის მაღალი ფასის გამო, რეკორდულად მოიმატა. ეს კი პირდაპირ აისახა მომხმარებლებზე იმის პარალელურად, რომ ინფლაციამ ბოლო 4 ათწლეულში ისტორიულ პიკს მიაღწია. სწორედ ამიტომ, დამატებითი მოწოდება საზღვარგარეთიდან შეიძლება ნაკლებად კონტროლდებოდეს, - ამბობენ ანალიტიკოსები. 

გასულ კვირას დასავლეთ აფრიკის სანაპიროებთან რუსული ნედლი ნავთობით დატვირთული გემი Zhen 1-ი შეხვდა გიგანტურ გადამზიდ Lauren II-ს,  რომელიც დაახლოებით 2 მილიონ ბარელ ნავთობს იტევს. სახომალდო ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ის, სავარაუდოდ, ტვირთისგან დაიცალა. ანალიტიკოსების თქმით, Lauren II გიბრალტარისკენ მიემართება და სავარაუდოდ,  შემდეგ ჩინეთისკენ აიღებს გეზს.

ევროპელი და აზიელი გადამამუშავებელი კომპანიებისთვის ირანული, ვენესუელური და რუსული ნავთობის შესყიდვა არალეგალური არ არის. თუმცა ვაჭრობას აფერხებს სანქცირებული ბანკები, გადამზიდავი კომპანიები და პოლიტიკური რისკები, რომლებიც ამ ქვეყნებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ისევე როგორც ირანული ნავთობის შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამზიდველებისა და მომხმარებლებისთვის, მისი წარმოშობის დამალვა საუკეთესო გამოსავალია.

გემების შესახებ მონაცემების კომპანია Windward-ის (ისრაელი) თანახმად, რუსული ნავთობის გადამზიდავმა ხომალდებმა გამორთეს GPS მოწყობილობები, რასაც ინდუსტრიულ ენაზე „სიბნელეში შესვლა“ ეწოდება. ეს კი მათი გადაადგილებისთვის თვალყურის დევნებას კიდევ უფრო ართულებს. 

ტრეიდერების ინფორმაციით, ჩინელი მყიდველები ცდილობენ, დამალონ ნავთობის რუსული წარმომავლობა, რათა ტრანსპორტირების მაღალი ხარჯები თავიდან აიცილონ. რამდენიმე გადამზიდავი და სადაზღვევო კომპანია მაინც არ მალავს ამ ინფორმაციას, ეს კი ნიშნავს სამ, ოთხ და ხუთჯერ მეტ გადასახადს, ვიდრე - ომამდე. 

ტრეიდერების თქმით, იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა  ჩინეთისკენ მიმავალ მთელ მონაკვეთზე გადაიხადონ, კომპანიები, მათ შორის - Unipec-ი (ჩინური ნავთობგიგანტის - Sinopec Group-ის სავაჭრო ფილიალი) მარკირებული რუსული ნავთობით დატვირთულ დიდ გემებს ზღვის მცირე მანძილზე აფიქსირებენ და შემდეგ მათ ჩამოტვირთავენ. Unipec-მა ამ საკითხთან დაკავშირებით The Wall Street Journal-ის კითხვაზე კომენტარი არ გააკეთა. 

სხვა თემები