16 ივნისი 2022 - 20:43

რა სიახლეებია მოგზაურებისთვის მსოფლიოში კოვიდ სტატუსთან დაკავშირებით

ფოტო: shutterstock.com

აშშ-მ განაცხადა, რომ 12 ივნისიდან ავიამგზავრებს ქვეყანაში შესვლამდე Covid-19-ის ტესტის უარყოფით პასუხს აღარ მოსთხოვს. იგივე სიტუაციაა კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში, თუმცა ტესტირება ზოგან ჯერ კიდევ საჭიროა. რა სიახლეებია მოგზაურებისთვის, BBC-მ გაარკვია. 

რომელ ქვეყნებშია Covid-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი ჯერ კიდევ სავალდებულო? 

აშშ-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში შემსვლელთათვის სავალდებულო ტესტები, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული უზარმაზარი პროგრესის გამო, უქმდება. თეთრ სახლს აღნიშნული ნაბიჯისკენ უბიძგა ტურისტულმა ინდუსტრიამაც, რადგან ტესტის გაკეთების ვალდებულება  აშინებდა მოგზაურებს, რომელთაც საზღვარგარეთ ჩარჩენის ეშინოდათ. თუმცა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ამ მიდგომის გადახედვას 90 დღის შემდეგ გეგმავს. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სავალდებულო ტესტირების სისტემას დაუყოვნებლივ აღადგენენ, თუ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამები გამოჩნდება.

”ჩვენ შეგვიძლია ეს ნაბიჯი უდიდესი პროგრესის გამო გადავდგათ: ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინები შევქმენით და მკურნალობის მეთოდი ფართოდ ხელმისაწვდომი გავხადეთ. სწორედ ეს მეთოდები მუშაობს დაავადების სერიოზული გართულებისა და ახალი კოროვირუსისგან ლეტალური შედეგის თავიდან ასაცილებლად”, - განმარტა აშშ-ის მაღალჩინოსანმა, რომელსაც ამერიკული მედია ციტირებს.

2021 წლის იანვარში შეერთებულმა შტატებმა შემოიღო წესი, რომელიც ავიამგზავრებს ფრენამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში გაკეთებული  ტესტის უარყოფით პასუხს ან ვირუსისგან ახლად გამოჯანმრთელების ცნობას სთხოვდა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2021 წლის დეკემბერში წესები გაამკაცრა - ქვეყანაში შესვლის მსურველებს ახალი კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ყოფილიყო ფრენამდე არაუგვიანეს 24 საათის ხანგრძლივობის, რადგან ინფიცირების შემთხვევებმა „ომიკრონის“ შტამის გამო მოიმატა. 

თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აშშ-ს არამოქალაქეებს, რომელთაც ქვეყანაში შესვლა სურთ, აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი ჯერ კიდევ სჭირდებათ. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი აშშ-ში 2022 წლის იანვრიდან მკვეთრად დაეცა, თუმცა ბოლო კვირებში აღნიშნულმა მაჩვენებელმა მატება კვლავ დაიწყო. ამასთანავე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ეტაპზე გაცილებით დაბალია, ვიდრე - შუა პანდემიის პერიოდში. 

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ტესტირების პოლიტიკის გადაფასების მიმართულებით, აშშ სხვა ქვეყნებს ჩამორჩებოდა. დიდმა ბრიტანეთმა Covid-19 ტესტირების ყველა მოთხოვნა მოგზაურებისთვის ჯერ კიდევ მარტში  გააუქმა. იმავე პერიოდში მიიღო ეს გადაწყვეტილება კანადამაც. აშშ-ის მოგზაურთა ასოციაციის პრეზიდენტმა, როჯერ დოუმ განაცხადა, რომ პოლიტიკის ცვლილება ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას  დააჩქარებს. თავის მხრივ, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში კი განმარტეს, რომ ეს ძალიან კარგი ამბავია, რადგან სავსებით არაეფექტიანი შეზღუდვა მოიხსნა. ავიაკომპანია Virgin Atlantic-იც მიესალმა ამ ნაბიჯს და როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, ეს მიმდინარე ზაფხულში ტრანსატლანტიკური მოგზაურობის განახლებას ხელს შეუწყობს. 

აშშ-ის მოგზაურთა ასოციაციის კვლევის თანახმად, ტესტირების მოთხოვნის მოხსნა წელს ქვეყანაში დამატებით, დაახლოებით 5.4 მილიონ ვიზიტორს ჩაიყვანს. ეს კი, თავის მხრივ, მოგზაურობისთსვის განკუთვნილ ხარჯებს 12%-ით გაზრდის.  სავალდებულო ტესტირების გაუქმების შესახებ კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებაც  გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით, ავიამიმოსვლისა და ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის იმედით იყო განპირობებული. 

ტურისტებისთვის იაპონიაც იხსნება

იაპონიამ, რომელსაც პანდემიის დროს ყველაზე მკაცრი შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული, ტურისტული განაცხადების მიღება 98 ქვეყნიდან დაიწყო. მათ შორის  არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და სამხრეთ კორეა. პირველი ტურისტები ქვეყანაში, სავარაუდოდ, ივლისში ჩავლენ. ჯერჯერობით იაპონიაში შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ ორგანიზებულ ტურისტულ ჯგუფებს ეძლევათ. ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გარკვეული დროა საჭირო, სანამ უცხოელი ვიზიტორები იაპონიაში ინდივიდუალური ტურისტული მიზნით ჩასვლას შეძლებენ. 

ქვეყანაში მოქმედი წესების მიხედვით, ტურისტებს უმეტეს ადგილებში ნიღბების ტარება მოეთხოვებათ. მათ ასევე დასჭირდებათ დაზღვევა, რომლის მიხედვითაც კოვიდ ინფიცირების შემთხვევაში, მათი სამედიცინო ხარჯები დაიფარება. ტურისტული ჯგუფებისთვის რაოდენობრივი შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა ტურის განმავლობაში ჯგუფს მუდამ თან უნდა ახლდეს გიდი. 

თურქეთსა და საბერძნეთშიც ტესტის გარეშე იმოგზაურებთ

თურქეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და ტაილანდში ტურისტებისთვის სავალდებულო ტესტირება უკვე გაუქმებულია. საბერძნეთმა ეს გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონისთვის მიიღო -  2022 წლის 1-ლი მაისიდან 31 აგვისტომდე. ტაილანდში, იტალიასა და ესპანეთში კი მხოლოდ აცრილებს არ სჭირდებათ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი.

სამაგიეროდ, ჩინეთი ტურისტებისთვის კვლავ დახურულია

ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაცია კვლავ მოქმედებს ჩინეთში, სადაც კოვიდ პანდემია დაიწყო. აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო მოგზაურობა სრულად აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ მოქალაქეები, რეზიდენტები და ის პირები, რომელთაც მოქმედი ვიზა აქვთ. გარდა ამისა, მათ, ვინც ქვეყანაში შესვლას მოახერხებს, ესაჭიროებათ 14-დღიანი კარანტინი მთავრობის მიერ დადგენილ საცხოვრებელში საკუთარი ხარჯებით და განმეორებითი ტესტირება - ასევე თვითდაფინანსებით. 

სხვა თემები