24 ივნისი 2022 - 10:32

მძიმე შეიარაღება უკრაინისთვის და სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ - რას ფიქრობენ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნები?

ფოტო: shutterstock.com

ნატოს ოთხი ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა უკრაინისთვის სამხედრო მიწოდების მოცულობა უნდა გაზარდონ და არ დაემორჩილონ პუტინის შანტაჟს, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. 

რა ხდება?

რა შეუძლია და რა უნდა გააკეთოს ნატომ უკრაინის დასახმარებლად რუსეთის წინააღმდეგ ომში? რა პოლიტიკური და სამხედრო ვარიანტები აქვს ალიანსს? შეუძლია თუ არა ნატოს დახმარება გაუწიოს უკრაინას ისე, რომ რუსეთთან ღია კონფლიქტში ჩათრეული არ აღმოჩნდეს? ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოთხმა ყოფილმა გენერალურმა მდივანმა - ანდერს ფოგ რასმუსენმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა, ჯორჯ რობერტსონმა და ხავიერ სოლანამ აღნიშნული თემები 15 ივნისს, ონლაინ დისკუსიის დროს განიხილეს. აღნიშნული შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივით, სკოუკროფტის სტრატეგიისა და უსაფრთხოების ცენტრში გაიმართა. რა თემებზე ისაუბრეს ონლაინ დისკუსიის დროს, Deutsche Welle-მ გააანალიზა.

დასავლეთმა უკრაინას „ცუდი მშვიდობისკენ“ არ უნდა უბიძგოს

ნატოს მოკავშირეებმა უკრაინის სამხედრო დახმარება უნდა გაზარდონ და მიაწოდონ „ყველაფერი, რაც უკრაინელებს სჭირდებათ, მათ შორის - მძიმე ტექნიკა და შორი მოქმედების არტილერია“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ის ნატოს გენერალური მდივნის პოზიციაზე 2009-2014 წლებში მუშაობდა. „უკრაინელებს ბრძოლის ნებისყოფა აქვთ. ჩვენ უნდა მივცეთ მათ ომისთვის საჭირო საშუალებები. ისინი იბრძვიან ყველა ჩვენგანის სახელით, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, - განმარტა რასმუსენმა.

ნატოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინაზე ზეწოლა არ უნდა განახორციელონ და არ აიძულონ კიევი, რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესს დაუბრუნდეს, რაც გარკვეულ ტერიტორიულ დათმობას გულისხმობს. "ნატომ უკრაინას "ცუდი მშვიდობისაკენ" არ უნდა უბიძგოს. უკრაინელებმა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მისმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტონ, რა პირობებში იქნება შესაძლებელი ცეცხლის შეწყვეტაზე ან სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბარი", - დარწმუნებულია რასმუსენი. 

ნატოსა და ევროკავშირის საკვანძო ფრაზა -  „პოლიტიკური ერთიანობა“

ამ მოსაზრებას იზიარებს იაპ დე ჰოოპ სხეფერი, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 2004-დან 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნა, რომ ზოგჯერ ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების კომენტარებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით ერთიან მკაფიო ხაზს ყოველთვის არ იცავენ. მან  დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა,  „აბსოლუტური პოლიტიკური ერთიანობა" გამოიჩინონ. "სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელსაც უკრაინა ჰქვია, ჰყავს პრეზიდენტი. მისი სახელია ვოლოდიმირ ზელენსკი და სწორედ მას უკავია წამყვანი პოზიცია, როდესაც საქმე ეხება რა არის მისაღები და რა მიუღებელი მისი ქვეყნისთვის", - დარწმუნებულია დე ჰოოპ სხეფერი. უკრაინის დასავლელი მოკავშირეების ამოცანაა „სოლიდარობის უპრეცედენტო ფორმის“ ჩვენება. 

 "ეს საშინელი ომია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ის გადავიდეს ინფლაციის მეხუთე, მეექვსე ან მეშვიდე გეგმაზე, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი და სხვა დისკუსიები ახლავს", - გვაფრთხილებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი. "ჩვენ იმავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ. იარაღის მიწოდება? დიახ. მძიმე შეიარაღება? დიახ. სანქციები [რუსეთის წინააღმდეგ]? დიახ. თუმცა მხოლოდ პოლიტიკური სოლიდარობის საფუძველზე. მეჩვენება, რომ ჩვენ ამას ჯერ ბოლომდე ვერ მივაღწიეთ", - განაცხადა დე ჰოოპ სხეფერმა.

პოლონეთში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში მცხოვრებნი რუსულ საფრთხეს განსხვავებულად აღიქვამენ, ვიდრე - ჰააგის, მადრიდის ან რომის მოსახლეობა, - ამბობს დე ჰოოპ სხეფერი. ამიტომაც რუსული აგრესიისადმი დასავლეთის დამოკიდებულების მთავარი ფრაზა, მისი თქმით, „პოლიტიკური ერთიანობა“ უნდა იყოს. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მიმართვა ეხება არა მხოლოდ ნატოს, არამედ, ევროკავშირსაც. დე ჰოპ სხეფერმა ბრიუსელს  მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი მიიღოს. 

თავის მხრივ, ნატოს კიდევ ერთი ყოფილი გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი თვლის, რომ 24 თებერვლიდან - უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან - ნატოს ქვეყნები "ერთიან პოზიციას" იჩენენ. "შეერთებულმა შტატებმა ლიდერობა გამოიჩინა, მადლობა მათ ამისთვის. თუმცა ევროპელმა მოკავშირეებმა საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ გეოპოლიტიკური არდადეგები დასრულდა და ჩვენ ნატოში უპრეცედენტო სოლიდარობის მოწმე გავხდით", - ამბობს ალიანსის ყოფილი ლიდერი, რომელიც ნატოს 1999-2003  წლებში ხელმძღვანელობდა. მან ნატოსა და ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინას სრული სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინონ, ოღონდ ფაქტობრივად და არამხოლოდ სიტყვებით. „ჩვენ უნდა ვაჩვენოთ უკრაინელებსა და პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ნატო და ევროკავშირი პოლიტიკურად ერთიანები არიან არა მხოლოდ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებებში, არამედ - ქმედებებშიც“, - განაცხადა რობერტსონმა.  

ნუ დანებდებით კრემლის მუქარას!

15 ივნისს, ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის "რამშტაინის ფორმატში" დაგეგმილი შეხვედრის წინა დღეს, რუსულმა მედიამ განაცხადა, რომ დასავლეთ უკრაინაში არსებულ იარაღის საცავებზე თავდასხმა დასავლური საბრძოლო მასალის გამოყენებით განხორციელდა. ზემოთ ხსენებული შეხვედრის ძირითადი თემა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა იყო. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხი „უნდა იყოს უკრაინისთვის იარაღის ახალი ნაკადის მიწოდება. მათ შორის უნდა იყოს შორი მანძილის არტილერია და ომის ახალ პირობებთან ადაპტაცია“.

"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში პუტინის სისასტიკე და ამბიცია სათანადოდ ვერ შევაფასეთ. ამიტომაც უკრაინელების წინაშე არსებული გამოწვევების შეფასებისას იგივე არ უნდა დაგვემართოს. არასდროს უნდა დავიხიოთ უკან პუტინის მუქარის, გამაფრთხილებელი გასროლისა თუ სხვა ქმედების წინაშე, რათა მისი თამაში არ ვითამაშოთ. ჩვენი გზავნილი მისთვის ძალიან მკაფიო უნდა იყოს: პუტინს სურდა ნატოს დასუსტება, მაგრამ მან მიიღო ალიანსის გაძლიერება“, - ამბობს რასმუსენი. 

რამდენად რაციონალურია პუტინი?

რამდენად სავარაუდოა, რომ პუტინი უკრაინისადმი ნატოს სამხედრო მხარდაჭერის საპასუხოდ ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანებას გასცემს? იაპ დე ჰოოპ სხეფერი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული დარტყმის მუქარით მანიპულირებას ცდილობს. მის აზრით, დემოკრატიულ ქვეყნებს არ უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მათი ქმედებები თვითშეკავების მექანიზმით არის შეზღუდული. 

"პუტინი რაციონალურია. მას ესმის, რომ ერთი არასწორი ნაბიჯიც რომ გადადგას ან ოდნავ მაინც რომ დადგას ფეხი ნატოს ტერიტორიაზე, მას სერიოზული პრობლემები შეექმნება. თუმცა, მისი რაციონალიზმი შემოიფარგლება მსოფლმხედველობით, რომელიც კიდევ უფრო აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც მან საკუთარი თავი პეტრე პირველს შეადარა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის შემდეგ, პუტინის მენიუში ბევრად მეტია და გაცილებით მეტი გაჩნდება, თუ მას ახლა დავუთმობთ,“ - გვაფრთხილებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი. 

ხავიერ სოლანამ, რომელიც  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 1995-1999 წლებში ხელმძღვანელობდა, ვლადიმერ პუტინის რაციონალურობა ეჭვქვეშ დააყენა. „თუ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს დააკვირდებით, ეჭვი შეგეპარებათ, რომ ის რაციონალურად მოქმედებს“, - ამბობს სოლანა. „მან კიევის დაპყრობა  სცადა და ვერ შეძლო. უკრაინაში მთელი არმია შეიყვანა და მარცხდება. ის ბევრ შეცდომას უშვებს და არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც დაუშვას",- დასძენს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ნატო და ევროკავშირი სწორი სტრატეგიით ხელმძღვანელობენ, - დარწმუნებულია ხავიერ სოლანა. "მე მრავალი წელია ჩართული ვარ პოლიტიკაში  როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის დონეზე. შემიძლია ვთქვა, რომ ამჯერად ალიანსსაც და ევროკავშირსაც უფრო მკაცრი, გადამწყვეტი და სწრაფი რეაგირება ჰქონდათ, ვიდრე - ოდესმე", - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა. 

სხვა თემები