23 ივნისი 2022 - 15:30

ვახტანგ მახარობლიშვილი: ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ მოხდება. ეს იქნება გრძელი და დამღლელი გზა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მის გასავლელად, რადგან ვიცით, რა არის სასწორზე და რისი აშენება გვინდა

ვახტანგ მახარობლიშვილი

ვახტანგ მახარობლიშვილი

ფოტო: Facebook

      

ინტერვიუ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩსა და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელ ვახტანგ მახარობლიშვილთან

- ბატონო ელჩო, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება ბრიუსელზე და გაგვაცნოთ თქვენი, როგორც ელჩის პრიორიტეტები? 

ალბათ ყველაზე მოკლე გზა, რომლითაც შემიძლია ამ ყველაფრის აღწერა, არის ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომპუის ჰაიკუ [ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე კლასიკური პოეტური ფორმა]: განსხვავებული ფერები, ენები, კოშკები და ღმერთები. მე ჩემს გზას ვეძებ. ამ თანამდებობაზე ჩემი ყოფნის ვადა  2021 წლის ზაფხულში დაიწყო, მაგრამ ბრიუსელში მუშაობა პირველად არ მიწევს. ჯერ კიდევ 2005 წელს წარმოვადგენდი საქართველოს, როგორც ახალგაზრდა დიპლომატი. საქართველო ახლახან ჩაერთო ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში (ENP) და ჩვენ ვდგამდით პირველ, მაგრამ გადამწყვეტ ნაბიჯებს ჩვენი ამბიციური ევროპული დღის წესრიგისკენ. 

დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველომ ევროინტეგრაციისკენ ძალიან დიდი გზა გაიარა. ჩემი, როგორც ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, პრიორიტეტია საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირთან და დავეხმარო ჩემს ქვეყანს, რომ ევროპულ ოჯახში თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.

როგორც ორმაგი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, ასევე ვმუშაობ საქართველოსა და ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. საქართველოს, ბელგიასა და ლუქსემბურგს საერო აქვთ ის, რომ ჩვენ ყველანი პატარა ქვეყნები ვართ. მინდა ჩემმა ქვეყანამ ევროპულ ოჯახში თავისი ნიშა  იპოვოს და ბელგიისა და ლუქსემბურგის მსგავსად, მის მშვიდობასა და კეთილდღეობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. რეალურად, საქართველოს ადვოკატირება არც ისე რთული საქმეა, რადგან ჩემს ქვეყანას ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. მისი ისტორია, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ღირებულებები, ისევე, როგორც ევროკავშირის მიერ ინიცირებული დემოკრატიული ტრანსფორმაციის კიდევ ერთი მაგალითი, საქართველოს სოლიდურ შემთხვევად აქცევს. ჩემი ამოცანაა, ეს სხვებმაც დაინახონ და ქვეყნებს შორის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კავშირები გავაუმჯობესო. 

- ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადზე თავისი მოსაზრება ევროკომისიამ ახლახან გამოაქვეყნა. კვირის ბოლოს ევროპული საბჭო ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებას მიიღებს. რა მოლოდინები აქვს საქართველოს ისტორიულ ევროპის საბჭომდე ერთი დღით ადრე? 

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საბჭოს, მისცეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც ევროკავშირის ჟარგონზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ღია შესაძლებლობას ნიშნავს. ასოცირებული ტრიოს (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) განაცხადების შესახებ კომისიის მოსაზრებების გამოქვეყნებისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ამავე კომისიის დასკვნაში ასევე მითითებულია ის პრიორიტეტები, რომლებიც საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმაც აღნიშნა, ჩვენ მზად ვართ, კომისიის დასკვნაში ჩამოთვლილი პრიორიტეტების მისაღწევად ევროკავშირის ინსტიტუტებთან ვიმუშაოთ. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც ქვეყნის საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკისთვისაც. ეს მტკიცედ არის დაკავშირებული თითქმის ყველაფერთან, რასაც საქართველო თავისი დემოკრატიის გასაძლიერებლად და ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად  აკეთებს. ამიტომ კომისიის რეკომენდაციისთვის ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ. 

თუმცა ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო მუდმივად იყო ევროკავშირის საიმედო და ერთგული პარტნიორი. ეს პარტნიორობა აისახა იმ ვალდებულებების შესრულების მიმართულებით აღიარებულ პროგრესში, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს დაკისრებული. ამის გათვალისწინებით და ასევე ევროკავშირის დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად, ჩვენ მოველოდით, რომ სამივე ასოცირებული პარტნიორი კომისიისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით ერთნაირ რეკომენდაციას მიიღებდა. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტი საქართველოს ევროინტეგრაციას ემხრობა. აღსანიშნავია, რომ ქართველებს არასოდეს  აურჩევიათ მთავრობა, რომელსაც მკაფიო ევროპული ორიენტაცია არ ჰქონდა. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ევროპის საბჭო კვირის ბოლოს კომისიის რეკომენდაციას დაეყრდნობა და გადაწყვეტს, რომ საქართველოს, ტრიოს სხვა წევრებთან ერთად, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.  


- თქვენი უფლებამოსილების პერიოდში საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე პრივილეგიად და ამავდროულად, გამოწვევად უნდა ჩაითვალოს. რატომ უნდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რატომ ახლა? 


ეს ნამდვილად არის პრივილეგია და გამოწვევაც. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენა ისტორიული მოვლენაა და რა თქმა უნდა, ვგრძნობ პრივილეგიას, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. მეორე მხრივ, ეს არის გამოწვევა, რადგან ჩვენ ევროინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვან და მომთხოვნ ფაზაში შევდივართ. ოღონდ ჯერ ნება მომეცით, ვრცლად ვისაუბრო, თუ როგორი იყო ამ გადამწყვეტი ნაბიჯისკენ მიმავალი გზა ჩვენთვის და რატომ შევიტანეთ განაცხადი სწორედ ახლა.  

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადებით გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობამ 2020 წელს განაცხადა, რომ ყველა საჭირო ზომას მივიღებდით, რათა 2024 წელს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარსადგენად მზად ყოფილიყო. თუმცა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, მთელი რეგიონის დაუცველობა კიდევ ერთხელ და  უფრო დიდი მასშტაბით გამოავლინა. ეს ომი ბევრისთვის გამომაფხიზლებელი აღმოჩნდა. თუმცა ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს არის ჩვენი საკუთარი ომების ტრაგიკული გახსენება და მათგან უახლესი 2008 წელს იყო. ჩვენ გავხდით რუსეთის ახლად აღორძინებული ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის პირველი მსხვერპლი, როდესაც 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმია საქართველოში შემოიჭრა. რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებულ ომებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა,  3,7-მილიონიან ქვეყანაში კი ნახევარი მილიონი ადამიანი დევნილად იქცა. 

თუმცა ამას დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის ხელი არ შეუშლია. ასოცირების შეთანხმებით, რომელსაც ხელი  2014 წელს მოვაწერეთ, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ევროკავშირის კანონმდებლობის თითქმის 70%-ი საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში დავნერგოთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ყოველწლიურად სწორედ ამ ამბიციური და ყოვლისმომცველი ვალდებულებების მიხედვით ვფასდებით. ჩვენ გვაქვს გაძლიერებული პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან, რომელიც  თანამშრომლობის ყველა სექტორს მოიცავს. 

ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო მისიებში. საქართველო ევროკავშირის სააგენტოებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობს. ეს ყველაფერი, ევროკავშირში ინტეგრაციისადმი საზოგადოების უდიდეს მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენი განაცხადისთვის კარგი საფუძველია. 

უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ჩვენი მიკუთვნებულობის შესახებ განცხადების გადაუდებლობა განაპირობა. მართალი გითხრათ, საქართველომ თავისი ევროპული მისწრაფებისთვის მნიშვნელოვანი ფასი თავადვე გადაიხადა. ახლა კი დროა დავაფიქსიროთ, სად ვხედავთ ჩვენს მომავალს და განვაცხადოთ, რომ მაშინ, როდესაც ევროპის კონტინენტზე ირღვევა ის ფასეულობები, რომლებზეც EU 3 დგას, ჩვენ ამ ღირებულებების ერთგული ვრჩებით. უკრაინის ომის მასშტაბებმა გეოპოლიტიკური სტატუს კვო შეცვალა და აიძულა ყველა - პატარა და დიდი ქვეყნები-  თავიანთი საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი მიმართულება ეჭვქვეშ დააყენონ. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარვადგინეთ, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ევროპული მომავალი სასწორზეა და ახლა გადამწყვეტი ნაბიჯების დროა. 

- რატომ არიან ქართველები ასე ენთუზიაზმით განწყობილი ევროკავშირის მიმართ? ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობისკენ სწრაფვა თუ რაღაც უფრო მეტი? 

ევროპული იდეის მიმართ ენთუზიაზმი არ არის მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისკენ სწრაფვა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მოტივაციის ნაწილია. თუმცა ევროკავშირი, რომელშიც ჩვენ გვსურს გაწევრიანება, არ არის ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოება. ეს არ არის მხოლოდ ბაზარი, სადაც გვინდა ვივაჭროთ. ეს ყველაზე მეტად იდეების, ღირებულებებისა და სტანდარტების კავშირია, რომელშიც ჩვენ მზად ვართ ვიცხოვროთ. 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართალია, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფორმალური განაცხადი პროცედურული ნაბიჯი იყო, მაგრამ ეს არის ქართველი ხალხის ხანგრძლივი, დაუღალავი და ურყევი ძალისხმევის შედეგი, რომელიც ევროპელ ხალხთა ოჯახში დამსახურებული ადგილის დაბრუნებისკენ იყო მიმართული. დემოკრატიისადმი ერთგულება და ევროპულ ძალებთან ალიანსის ძიება წინა პლანზე წამოვიდა ჯერ კიდევ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, ასზე მეტი წლის წინ, როდესაც 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალი თვალსაზრისით გამორჩეული იყო. მათ შორის იმით, რომ ევროპაში პირველად, მთავრობა სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან იყო ჩამოყალიბებული. სწორედ იმ დროს შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია, რომელიც აწესებდა თანაბარ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, რწმენისა თუ სქესისა. ასი წლის წინ, საქართველოს ახალი პარლამენტი აირჩიეს საყოველთაო კენჭისყრით, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც კაცები, ისე - ქალები. საკანონმდებლო ორგანოს 5 წევრი იყო ქალი, მათ შორის ერთი- მუსლიმთა თემს წარმოადგენდა. 

აქედან გამომდინარე, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობასა და იდენტობაში, ამასთანავე - იმ მომავალში, რომელშიც საკუთარ თავს ვხედავთ. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში ვერ მოხდება. ეს იქნება გრძელი და დამღლელი გზა, მაგრამ ჩვენ ეს გვსურს და ამისთვის მზად ვართ, რადგან ვიცით, რა დევს სასწორზე და რისი აშენება გვინდა. ჩვენ ვიცით, რომ იქნება ვრცელი საშინაო დავალება, მაგრამ გვესმის, რომ ეს რეფორმები საქართველოს უკეთესს, უფრო თავისუფალსა და ძლიერს გახდის. 

- კავშირი ჩვენი დროის მთავარი სიტყვაა. საქართველო თავისი ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდებარეობით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდს წარმოადგენს. როგორ შეუძლია საქართველოს, ისარგებლოს კავშირის ახალი სტრატეგიით, რომელსაც „გლობალური კარიბჭე“ ჰქვია? 


ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველო სულ უფრო აძლიერებს თავის როლს, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ გრძელ ჯაჭვს გულისხმობს. როგორც ენერგეტიკული თანამეგობრობის მხარე, რომელიც ევროკავშირთან მაღალი დონის სატრანსპორტო დიალოგში არის ჩართული და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელით არის მოცული, ჩვენ, ევროკავშირთან ერთად,  უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ეს გულისხმობს TEN-T საინვესტიციო მოქმედების გეგმას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმებსა და სხვა ინსტრუმენტებს. 

საქართველო აქტიურად მუშაობს თავისი ამბიციების მისაღწევად, რაც რეგიონში ციფრული, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ჰაბის სტატუსის მიღწევას გულისხმობს. მის გეოსტრატეგიულ მდებარეობას აქვს სრული პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული კავშირის სტრატეგიაში, განსაკუთრებით კი აზიასთან მიმართებით. როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას უმაღლესი სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით, რაც ევროპულ წესებსა და რეგულაციებს ეფუძნება. 

ჩვენ ციფრული ბაზრის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესში ვიმყოფებით. ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი კი ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე საქართველოს ინტეგრაცია, ეკონომიკისა და სამთავრობო სერვისების დიგიტალიზაცია, ასევე - ევროკავშირთან საერთო როუმინგის სივრცის მიღწევაა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომით გამოწვეული მიმდინარე კრიზისი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ახდენს. 

ევროკავშირის გადაწყვეტილება, რაც რუსეთისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მაჩვენებლის ზრდას გულისხმობს, არსებით გამოწვევებსა და ალტერნატიული ენერგიის მიწოდების მარშრუტების განვითარების აუცილებლობას ქმნის. საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი ენერგიის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების განვითარების კუთხით სამხრეთის გაზის დერეფნის, TAP-ისა და TANAP-ის მეშვეობით. კასპიის ზღვის გავლით ენერგეტიკული მარშრუტების გაფართოებამ გაზითა და ნავთობით მდიდარი ცენტრალური აზიის ქვეყნებამდე ევროპის ენერგომომარაგების სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ავითარებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს აკავშირებს. ამ პროექტს შეუძლია მწვანე ენერგიით ელექტრომომარაგების დივერსიფიკაციას ხელი შეუწყოს.

- წელს საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი შესრულდა. როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის? 

დიახ, ნამდვილად. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, ორმხრივი თანამშრომლობა სტაბილურად განვითარდა. მაღალი დონის რეგულარული ორმხრივი ვიზიტები ჩვენი ურთიერთობების დინამიკურობას ადასტურებს. ბელგია იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი, მათ შორის, ის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოსადმი მუდმივი მხარდაჭერით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ბელგიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდებოდა, ჯერ კიდევ არის სხვადასხვა სფეროში გამოუყენებელი პოტენციალი, რომელიც უნდა იქნეს ათვისებული. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი საელჩო ცდილობდა, ბრიუსელამდე რაც შეიძლება მეტი ქართული კულტურა მოეტანა. 2023 წელს, ერთ-ერთი უდიდესი ბელგიური კულტურული ფესტივალი - "ევროპალია" მოეწყობა საქართველოსთან ერთად და მის შესახებ. ჩვენ ჩამოვიტანთ ყველაზე საინტერესო კულტურულ პროექტებს, მათ შორის - ვიზუალურ ხელოვნებას, საშემსრულებლო ხელოვნებას, კინოს, მუსიკას, ლიტერატურას როგორც ბელგიაში, ასევე - ლუქსემბურგში, მოვაწყობთ დებატებს თანამედროვე კულტურის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე. ჩვენი ბელგიელი მეგობრებისადმი საჩუქრის სახით, ჩვენ შემოგთავაზებთ უნიკალურ კულტურულ გამოცდილებას ევროპის უკიდურესი წერტილიდან. 

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ცნობილია თავისი ისტორიით, მეღვინეობის უძველესი ტრადიციით, ბრწყინვალე მთებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლით, თოვლიანი მწვერვალებით, უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, სამკურნალო მინერალური წყლებით, ეროვნული პარკებითა და დაცული ტერიტორიებით. საქართველო მდიდარია 6 ათასი ისტორიული და კულტურული ძეგლით, რომელთაგან სამი (გელათის მონასტერი, მცხეთის ისტორიული ძეგლები და ზემო სვანეთი) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი. ჩვენ ასევე ვამაყობთ, რომ იუნესკომ საქართველოს ოფიციალურად უწოდა ღვინის აკვანი. 

დაბოლოს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, საქართველო მიმზიდველი ადგილია არა მხოლოდ ტურისტული ინვესტიციებისთვის, არამედ ისეთი სექტორისთვისაც, როგორიცაა საავტომობილო და ელექტრონიკის სფერო, ფარმაცევტული პროდუქტები, უძრავი ქონება, ენერგეტიკა, პორტები და ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა და ა.შ. ქვეყანას აქვს ენერგიის წარმოების მნიშვნელოვანი პოტენციალი ქარის, მზისა და სხვა განახლებადი ენერგიების წყაროებისგან, რაც ქმნის ხელსაყრელ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციები ჩაიდოს. ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმები და დავნერგეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, იმპორტის დაბალ ტარიფებსა და მინიმალურ არასატარიფო რეგულაციას, ღია კონკურენციას ბაზარზე და საკუთრების უფლების სათანადო დაცვას. როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს პოპულარიზაცია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში რთული არ არის, რადგან ევროპულ ოჯახში ჩვენ ბევრი რამის შეტანა შეგვიძლია. 

სხვა თემები