04 ივლისი 2022 - 09:52

რა სახის დახმარებას მიიღებს უკრაინა ნატოსგან?

ფოტო: shutterstock.com

ნატოს სამიტმა დაამტკიცა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ღირებულების იქნება. აღნიშნული ინიციატივა მოკლევადიან და გრძელვადიან მხარდაჭერას გულისხმობს. რას მოიცავს დახმარების ახალი პაკეტი, Deutsche Welle-მ გაარკვია.  

სახელმწიფოთა მეთაურები მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე

ნატო უკრაინის მხარდაჭერას გააფართოებს. ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციის 30 სახელმწიფოს ლიდერები მადრიდში, 29 ივნისს გამართულ სამიტზე  უკრაინის დახმარების ახალ, ყოვლისმომცველ პაკეტზე შეთანხმდნენ. „დღეს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მიღებით,“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. 

„ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ჩვენი ახლო პარტნიორის - უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ის რუსული აგრესიისგან თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას აგრძელებს,“ - ნათქვამია ნატოს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში. „ეს დააჩქარებს არალეტალური თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებას, გააძლიერებს უკრაინის კიბერუსაფრთხოებასა და მდგრადობას, ხელს შეუწყობს მისი თავდაცვის სექტორის მოდერნიზებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორ უჭერს მხარს ნატო უკრაინას ამ ეტაპზე?

2014 წლის შემდეგ, ალიანსმა უკრაინისთვის დახმარების გაწევა  სატრასტო ფონდების დახმარებით აქტიურად დაიწყო. 2016 წლის სამიტზე კიევის დახმარების ყოვლისმომცველი პაკეტი პირველად დამტკიცდა. როდესაც 24 თებერვალს,  რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ნატომ ეს დახმარება გააძლიერა. მას შემდეგ ალიანსი კიევს აწვდიდა საწვავს, პირველადი დახმარების მედიკამენტებსა და სხვა საშუალებებს, პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოაქტიური საფრთხეებისგან. 

ეს მხარდაჭერა ახლა კიდევ უფრო გაფართოვდება. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ახალი პაკეტით გეგმავენ, უკრაინა უსაფრთხო საკომუნიკაციო აღჭურვილობით, ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით, განაღმვის საშუალებებითა და დრონებით  უზრუნველყონ.

ნატო ხაზს უსვამს, რომ ისინი უკრაინას ექსკლუზიურად არალეტალურ დახმარებას უწევენ. ლეტალურ იარაღს კიევს მოკავშირე ქვეყნები მხოლოდ ორმხრივი ან მრავალმხრივი წესრიგის ფარგლებში აწვდიან. ახალი პაკეტით როლების ეს განაწილება სავსებით არ შეიცვლება, რადგან ნატო მიზანმიმართულად გაურბის ყველაფერს, რამაც შეიძლება ალიანსი რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრიოს.

არის თუ არა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი რუსეთისთვის ნატოს მხრიდან ერთგვარი სიგნალი?

„დახმარების ახალი, ყოვლისმომცველი პაკეტი ნატოში განიხილება როგორც "ნათელი და აშკარა" სიგნალი, უკრაინის წინაშე გრძელვადიანი ვალდებულების დემონსტრირება როგორც ახლა, ისე - წლების შემდეგ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავის - არც უკრაინელ ხალხს, არც უკრაინის ხელისუფლებას, არც რუსეთის ფედერაციას და ჩვენს არცერთ პარტნიორს არ შეეპაროს ეჭვი უკრაინის მიმართ ჩვენს ურყევ ერთგულებაში“, - განაცხადა ნატოში DW-ს წყარომ. 

კიევი დაპირებული დახმარების ახალი პაკეტით კმაყოფილია. მადრიდში გამართულ სამიტს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე იგორ ჟოვკვა დაესწრო. „ასეთი მიწოდების მიმართულებით, დღეისათვის ნატო აკეთებს იმას, რაც შეუძლია. შემიძლია დაგიდასტუროთ: დიახ, ეს ჩვენს მოლოდინებს შეესაბამება. რა თქმა უნდა, იარაღის მიწოდების კუთხით, ჩვენ გვსურს უფრო მეტი და უფრო სწრაფად. თუმცა ამაზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ჟოვკვამ. 

რა თანხას გამოყოფს ნატო უკრაინის მხარდასაჭერი პაკეტისთვის?

მოსალოდნელია, რომ ალიანსის ქვეყნები დახმარების ახალი პაკეტისთვის რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს გამოყოფენ. ზუსტი ციფრი ჯერჯერობით უცნობია, რადგან ზოგიერთი პროექტი ახლა მზადდება. DW-ის წყაროს ცნობით, 24 თებერვლის შემდეგ, ნატოში უკრაინის დასახმარებლად 22 მილიონი ევრო გამოიყო. აღნიშნული დახმარება ან უკვე მიწოდებულია, ან მიწოდების პროცესშია. ამასთანავე, დამტკიცდა კიდევ 40 მილიონი ევროს დახმარება და ახლა მის გადაცემაზე მუშაობენ. ახალი პაკეტი კიდევ 330 მილიონი ევროს პროექტებს ითვალისწინებს. ისინი დამუშავების პროცესშია და მათთვის საჭირო თანხა სატრასტო ფონდის მეშვეობით ჩაირიცხება.

ნატო უკრაინას დასავლური სტანდარტების იარაღზე გადასვლაში დაეხმარება

არალეტალური დახმარების გარდა, ახალი პაკეტი კიდევ ერთ, გრძელვადიან ფაქტორს ითვალისწინებს. ამის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ომის მიმდინარეობის პროცესში როგორც უკრაინაში, ისე - ალიანსის ქვეყნებში სულ უფრო ნაკლები საბჭოთა ტიპის იარაღი რჩება. ახალი მიწოდების შედეგად კი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს  ნატოს სტანდარტების შესაბამისი სულ უფრო მეტი იარაღი ექნება. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში, ნატო დაეხმარება კიევს, ახალი ტიპის შეიარაღებაზე გადავიდეს. 

ამ მიზნით, ალიანსი უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატოს ქვეყნების ჯარებს შორის ოპერატიული კავშირის მისაღწევად საგზაო რუკას შეიმუშავებს. "ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ უკრაინას ამჟამინდელი, საბჭოთა ტექნიკიდან თანამედროვე, დასავლურ აღჭურვილობასა და იარაღზე გადასვლის საგზაო რუკის შემუშავებაში. ეს აუცილებლად გრძელვადიანი პროცესი  იქნება", - განაცხადა ნატოს ჩინოვნიკმა. რამდენი დრო დასჭირდება საბოლოო ცვლილებას? "ეს იქნება მრავალწლიანი პროცესი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამას, სულ ცოტა, ხუთიდან ექვს წლამდე დასჭირდება", - დასძინა DW-ს წყარომ. 

ნატოს სტანდარტების იარაღზე გადასვლის პარალელურად, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება. ეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეხება. როგორც ცნობილია, უკრაინული ტექნოლოგიები, ძირითადად, საბჭოთა იარაღის მიღწევების გაგრძელებაა. თანდათან ესეც შეიცვლება. "ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ უკრაინა რუსეთთან ბრძოლებში მიღებულ გამოცდილებას გაგვიზიარებს. ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან, რათა მისი თავდაცვის ინდუსტრიის ტრანსფორმაცია მოხდეს", - განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა. აღსანიშნავია, რომ ორივე პროექტი - საგზაო რუკა და იარაღის წარმოების ტრანსფორმაცია - წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს.

სხვა თემები