04 ივლისი 2022 - 09:39

ბრძოლა კუნძულ ზმეინისთვის. როგორ და რატომ ცდილობდა რუსეთი ხმელეთის ამ მცირე მონაკვეთის შენარჩუნებას?

ფოტო: shutterstock.com

ზმეინი ძალიან პატარა კუნძულია, რომელიც მხოლოდ 0,2 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. კრემლზე პატარა ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი შავ ზღვაში, უკრაინის სანაპიროდან სულ რაღაც 35 კილომეტრის დაშორებით  მდებარეობს. ბრტყელი, კლდოვანი ზედაპირი, რამდენიმე ნაგებობა, ანტენები, შუქურა - ოთხი თვის განმავლობაში ეს პატარა კუნძული იყო ნამდვილი ბრძოლის სცენა, რომელშიც ათობით ადამიანი დაიღუპა და მის მახლობლად ჩაძირული გემების საერთო ტონაჟი საზღვაო შეტაკების შედეგებს აღწევს. რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ პატარა კუნძულს და რატომ ცდილობდა რუსეთი მის შენარჩუნებას, BBC-მ გაარკვია. 

რატომ არის კუნძულის სტრატეგიული მნიშვნელობა დღევანდელ პირობებში საკამათო?

ერთი მხრივ, ეს არის "ჩაუძირვადი კრეისერი", რომელიც მდებარეობს იმ რაიონში, სადაც, როგორც ვარაუდობენ, რუსეთი უკრაინის სანაპიროზე დესანტის დაშვებას აპირებდა. კრემლს რომ მოეხერხებინა ამ კუნძულზე საჰაერო თავდაცვის სისტემების, სარაკეტო გამშვებებისა და რადარების განთავსება, მაშინ ის შეიძლებოდა მართლა გამხდარიყო ცენტრი და ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ისეთი ოპერაციის დროს, რომლის ფარგლებშიც დესანტის დაშვების პროცესს ჰაერიდან დაიცავდნენ და ეს სარაკეტო არტილერიის მეშვეობით მოხდებოდა. 

მეორე მხრივ, ის რესურსები და ძალისხმევა, რაც ასეთი „კრეისერის“ დასაცავად არის საჭირო, შესაძლოა, მის სტრატეგიულ სარგებლობას ბევრად აღემატება. ეს მართლაც ძალიან პატარა კუნძულია, სადაც ბუნებრივი თავშესაფრები, ფაქტობრივად, არ არის. სანაპიროს სიახლოვე კი საშუალებას იძლევა, რომ ზმეინის მიმართულებით გაისროლონ თვითმავალი ჰაუბიცებიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, რომელთა წინააღმდეგაც კუნძულის საჰაერო თავდაცვა ეფექტიანი სულაც არ არის. აქ მოწინააღმდგეების მიერ გახსნილი ცეცხლისგან დამალვა ძალიან რთულია, მისი მცირე ფართობი კი აღჭურვილობისა და გარნიზონის განსათავსებლად ძალიან მოუხერხებელია. 

კუნძულის შესანარჩუნებლად საჭირო იქნებოდა იმავე ტერიტორიაზე სამხედრო გემების ჯგუფის განთავსება, რათა ზმეინი ხმელეთიდან დაბომბვისგან დაეცვათ ან მის ახლოს მდებარე სანაპირო ტერიტორიაც უნდა ჩაეგდოთ ხელში, რათა "უსაფრთხო ზონა" შეექმნათ. მიუხედავად ამისა, რუსეთს არ შეუწყვეტია კუნძულის ხელში ჩაგდებისა და მისი შენარჩუნების მცდელობები, რამაც დიდი დანაკარგი გამოიწვია. 

რუსული საბრძოლო ხომალდი

კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლის ყველაზე ცნობილი ეპიზოდი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა იყო. ხომალდი 2022 წლის 14 აპრილს მას შემდეგ ჩაიძირა, რაც მას უკრაინის სანაპირო ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექს „ნეპტუნიდან“ ნასროლი ორი რაკეტა მოხვდა. გემი კუნძულიდან დასავლეთით, დაახლოებით ორმოცდაათი კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა. რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ „მოსკვა“ ბორტზე გაჩენილი ხანძრით გამოწვეული აფეთქების შედეგად ჩაიძირა. 

„მოსკვას“ ჩაძირვა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სტრატეგიული თვალსაზრისით, რადგან ის ამ ტერიტორიაზე მყოფი გემებისთვის ერთგვარ დამცავ ფარს წარმოადგენდა. რუსული სამხედრო ხომალდის ჩაძირვის შემდეგ, შავი ზღვის ფლოტის დარჩენილმა გემებმა სანაპიროდან უფრო დიდ მანძილზე დაიხიეს. ამის შემდეგ კუნძულის, როგორც საჰაერო თავდაცვის პლატფორმის, მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. „მოსკვას“ ჩაძირვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაც იყო. კრეისერი ცნობილი გახდა ჯერ კიდევ კონფლიქტის დასაწყისში განვითარებული მოვლენებით, როდესაც რუსეთის ძალებმა ზმეინი აიღეს. 

24 თებერვალს, კრეისერიდან უკრაინელ დამცველებს დანებება მოსთხოვეს. ამ უკანასკნელთ კი უპასუხეს უარით, რომელიც უცენზურო გამონათქვამს შეიცავდა. ამის შემდეგ კრეისერიდან ზმეინის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. როგორც შემდეგ გაირკვა, კუნძულის დამცველი უკრაინელი სამხედროები რუსებმა ტყვედ აიყვანეს. მოგვიანებით კი ისინი რუს ტყვეებში გაცვალეს. რუსი მეზღვაურების მოთხოვნაზე უკრაინელი სამხედროების პასუხი მალევე მემად იქცა. უკრაინის ფოსტამ გამოუშვა მარკა, რომელიც სწორედ ამ მოვლენებს ეძღვნება.

საზღვაო დანაკარგები

კრეისერ „მოსკვას“ გარდა, ზმეინის კუნძულთან კიდევ რამდენიმე გემი ჩაიძირა. უკრაინელი სამხედროების ცნობით, 2 მაისს, ბაირაქტარის უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ორი საპატრულო კატარღა (03160 "რაპტორი") და ერთი სადესანტო ხომალდი (11770 "სერნა") გაანადგურეს. დრონის მიერ განხორციელებული ეს დარტყმები საბორტო კამერამ დააფიქსირა და მოგვიანებით ინტერნეტში გამოქვეყნდა. ამ დარტყმების ზუსტი რაოდენობა და საბოლოო შედეგის დადგენა რამდენიმე კვირის შემდეგაც კი რთულია. ინტერნეტში სხვადასხვა ციფრები ფიგურირებს, მაგრამ ორი "რაპტორისა" და ერთი "სერნას" განადგურება უკვე დოკუმენტურად დადასტურებულია. 

გარდა ამისა, 17 ივნისს, კუნძულის მიდამოებში უკრაინის საზღვაო ძალებმა Harpoon-ის ორი რაკეტით დაარტყეს ბუქსირს - „მაშველი ვასილი ბეხი“. ჩაიძირა თუ არა სამაშველო გემი, არ დადასტურებულა. ამის შემდეგ, "ტელეგრამზე" გამოქვეყნდა ფოტო, რომელშიც ის, სავარაუდოდ, ბუქსირით პორტში გადაჰყავდათ. აქაც კარგად ჩანს, ხომალდი სრულად განადგურებულია. თუმცა რუსი სამხედრო ბლოგერი, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ სტრელკოვი (გირკინი), რომელიც ომის ზონიდან საინფორმაციო ცნობებს რეგულარულად აქვეყნებს, ბუქსირს "ჩაძირულს" უწოდებს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომაც 21 ივნისს ბუქსირს განადგურებული უწოდა. უკრაინელები აცხადებდნენ, რომ გემს კუნძულზე საბრძოლო მასალა გადაჰქონდა. 

სიმტკიცე, გამძლეობა და სიჯიუტე

რუსული არმია კუნძულის შენარჩუნებას ცდილობდა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული არმია ზმეინის ხშირად უტევდა. კონფლიქტის მიმდინარეობისას კუნძულის ირგვლივ სიტუაცია ოთხჯერ გამწვავდა. პირველად 24 თებერვალს, როდესაც ზმეინი რუსეთის ჯარებმა დაბომბეს და დაიპყრეს. მეორედ სიტუაცია დაიძაბა 13 აპრილს, როდესაც თავდასხმა მოხდა კრეისერ „მოსკვაზე“, რომელიც მეორე დღეს ჩაიძირა. უკვე მესამედ, ბრძოლის ინტენსივობა მაისის დასაწყისში გაძლიერდა. 4 მაისს, ბაირაქტარებმა დააზიანეს „რაპტორის“ კატარღები და „სერნას“ სადესანტო ხომალდი. უკრაინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც უპილოტო საფრენი აპარატი ურტყამს ვერტმფრენს, რომლიდანაც კუნძულზე რუსი ჯარისკაცები ცდილობდნენ დაშვებას. მაისის ბრძოლების შემდეგ რუსეთმა ზმეინზე განათავსა მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის ორი სისტემა - „პანცირი“ და „ტორი“. 

„ვასილი ბეხის“ ბუქსირზე თავდასხმიდან ოთხი დღის შემდეგ, ზმეინი კვლავ მასობრივი დაბომბვის ობიექტი გახდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა, მაგრამ განაცხადა, რომ ჩამოაგდეს 13 თვითმფრინავი, ოთხი რაკეტა „ტოჩკა-უ“ და 21 რეაქტიული სისტემა „ურაგანი“. ამის შედეგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კუნძულს არც ჭურვები და არც რაკეტები არ მოხვედრია. თუმცა 23 ივნისს, ჯგუფ OSINT-88 Twitter-ის არხზე გამოქვეყნდა სატელიტური სურათები, რომლებიც, სავარაუდოდ, ზმეინზე თავდასხმის შედეგებს ასახავს. აქ ჩანს შავი ლაქები, რომლებიც შეიძლება ხანძრის შედეგად წარმოიქმნა. 

გაქცევა თუ „კეთილი ნება“? 

30 ივნისს, კუნძულ ზმეინიდან რუსული გარნიზონის ევაკუაცია, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად განაცხადა, "კეთილი ნების გამოვლინება" იყო. „ამით მსოფლიო საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ რუსეთის ფედერაცია წინააღმდეგობას არ უქმნის გაეროს ძალისხმევას ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებისთვის, რაც უკრაინის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტს გულისხმობს,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

თუმცა დილით უკრაინის გაერთიანებულმა სარდლობამ სახელწოდებით - „სამხრეთი“ განაცხადა, რომ ღამით ზმეინის კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს, რის შემდეგაც რუსული გარნიზონის ნაჩქარევი ევაკუაცია განხორციელდა. ამავდროულად, ეს გზავნილი ილუსტრირებული იყო კუნძულის ამსახველი ფოტოსურათით, რომელზეც კვამლის რამდენიმე სვეტია დაფიქსირებული. რუსეთში ეს იმით ახსნეს, რომ ევაკუაციის დროს სამხედროებმა საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა გაანადგურეს. აღნიშნული გზავნილი პრორუსულმა ტელეგრამ არხმა, სახელწოდებით „ყალბ ამბებთან ომი“ გაავრცელა. თუმცა შემდეგ ის თავის არხზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხელახლა გამოაქვეყნა. „ობიექტს სტრატეგიული მნიშვნელობა მართლაც აქვს. თუმცა მან საჰაერო სივრცის კონტროლის მიმართულებით თავისი როლი ამ დროისთვის უკვე შეასრულა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი თავდასხმების გათვალისწინებით, მის შენარჩუნებაზე დიდი რესურსები დაიხარჯა,“ - ნათქვამია ზემოთ ხსენებულ განცხადებაში. 

სხვა თემები