08 ივლისი 2022 - 11:47

ზაფხულის შვებულებების სეზონი და ქაოსი ევროპის აეროპორტებში: რა არის შექმნილი გაუგებრობის მიზეზი?

ფოტო: shutterstock.com

ფრენების გაუქმება და რიგები აეროპორტებში: ეს ნამდვილად არ არის ის, რისი იმედიც პანდემიის გამო გადადებული შვებულების მომლოდინე ადამიანებს ჰქონდათ. რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება ევროპაში?- ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა. 

რა ხდება?

ბოლოს და ბოლოს, ევროპელებს ზაფხულის შვებულების საზღვარგარეთ გატარება შეუძლიათ, რადგან ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა. თუმცა ის, რაც ახლა, სეზონის პიკში, ევროპის აეროპორტებში ხდება, მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს და ეს არის -  ქაოსი. ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, კადრების ნაკლებობაა, რაც პანდემიის პერიოდში აეროპორტის თანამშრომელთა გათავისუფლებას უკავშირდება. 

ტურისტები იძულებულნი არიან რიგში  საათობით იდგნენ, რის გამოც ბევრ მათგანს თავის რეისზე აგვიანდება. "აღშფოთებულები ვართ, რადგან ეს ჩვენი შვებულებაა. ყველაფერი წინასწარ დავგეგმეთ და აეროპორტში 5 საათით ადრე მივედით. ეს უბრალოდ ჩვენი დროის ფლანგვაა. შეგვეძლო, ეს დრო სხვა რამეზე დაგვეხარჯა", - განუცხადა DW-ს დიუსელდორფის აეროპორტში რიგში მდგომმა მგზავრმა. 

"ჩემი მეზობელი აეროპორტში  მუშაობს და ამბობს, რომ მიზეზი აეროპორტის დაცვის თანამშრომელთა ნაკლებობაა. ეს კი სრული სისულელეა. ფრენაში კოლოსალურ თანხას იხდით და რეისზე გაგვიანდებათ, ეს გამაღიზიანებელია", - ამბობს სხვა მოგზაური. აეროპორტებში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგზაურებს ურჩევენ, ფრენამდე, სულ ცოტა, ორსაათნახევრით ადრე მივიდნენ აეროპორტში, შეეცადონ ონლაინ რეგისტრაციის გავლას და დარწმუნდნენ, რომ ხელბარგი სტანდარტებს აკმაყოფილებს, რათა კონტროლის დროს შეფერხებები თავიდან აიცილონ. 

არის თუ არა შექმნილი ქაოსის მიზეზი კადრების ნაკლებობა?

ბოლო კვირების განმავლობაში ავიაკომპანიებმა პერსონალის გადატვირთვის გამო ბევრი ფრენა გააუქმეს. მაგალითისთვის, მხოლოდ Lufthansa-ს თითქმის 3000 რეისის გაუქმება მოუწია. როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, ივნისის ბოლოს, Lufthansa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კარსტენ სპორმა შექმნილი ქაოსისთვის თავის თანამშრომლებსა და მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა. „ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს შეცდომებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დავუშვით, რათა კომპანია და 100 000-ზე მეტი თანამშრომელი გადაგვერჩინა“, - ციტირებს Reuters-ი ავიაკომპანიის წარმომადგენელს. 

”ჩვენ ძალიან შორს წავედით, როდესაც პანდემიის ზეწოლისა და 10 მილიარდი ევროს ზარალის გამო ხარჯები შევამცირეთ? დიახ, ეს ასეა და მე არ ვკამათობ”, - დასძინა კარსტენ სპორმა. მისი განმარტებით, კომპანია ქირაობს ახალ პერსონალს, მათ შორის - ათასობით ადამიანს ევროპაში, მაგრამ ეს ზომები მხოლოდ ზამთრისთვის გამოიღებს შედეგს. იმავდროულად, ევროპის ძირითად აეროპორტებში (მაინის ფრანკფურტი, ლონდონი და პარიზი) შექმნილმა პრობლემებმა შეიძლება შეაფერხოს ავიახაზების ინდუსტრიის აღდგენა, რომელმაც „ლოქდაუნისა“ და მოგზაურობის შეზღუდვების გამო 219 მილიარდი ევრო დაკარგა.  

ბევრი ვაკანსია და ცოტა მსურველი

პანდემიის პერიოდში სამსახური ავიახაზების ინდუსტრიაში დასაქმებულმა ათასობით ადამიანმა დაკარგა. თუმცა ახლა თანამშრომლებზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ სხვა პრობლემა წარმოიქმნა: როგორ უნდა დაიქირავონ ოპერატიულად ავიაკომპანიებმა საჭირო პერსონალი. მდგომარეობას ის ფაქტი ართულებს, რომ პანდემიის შედეგად ადამიანები სამუშაოს არჩევისას უფრო ფრთხილობენ: ისინი ცუდ სამუშაო პირობებსა და დაბალ ხელფასს აღარ თანხმდებიან. 

ხანგრძლივი რიგების პრობლემის მოსაგვარებლად გერმანიის აეროპორტები დროებით უცხოელ პერსონალს აიყვანენ. "გერმანიის შრომის ბაზარზე, თანამშრომლებზე მოთხოვნა მიწოდებას კვლავ აჭარბებს. მათ, ვინც ჩვენს სფეროში სამსახურს ეძებს, ვაკანსიების ფართო სპექტრი აქვთ, დამსაქმებლებმა კი არ იციან ვაკანტური ადგილები როგორ შეავსონ", - განუცხადა  DW-ს მაინის ფრანკფურტის აეროპორტის წარმომადგენელმა. „უფრო მეტიც, აეროპორტებში პერსონალის დასაქმების პროცესი ძალიან რთული და ხანგრძლივია. ამის მიზეზი არის ის, რომ თანამშრომლებს ხშირად უწევთ მუშაობა შეზღუდული დაშვების ადგილებში და მათთვის უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია“, - დასძენს ის. 

ზაფხულის არდადეგების დროს კრიტიკული სიტუაციის შესამსუბუქებლად გერმანიამ განაცხადა, რომ აეროპორტებში სამუშაოდ თანამშრომლებს დროებით საზღვარგარეთიდან მოიწვევს. ეს ძირითადად თურქეთს ეხება. როგორც 29 ივნისს, გერმანიის შრომისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, გერმანიის მთავრობა დააჩქარებს ვიზების გაცემის პროცესს სამუშაო ნებართვით რამდენიმე ათასი უცხოელი თანამშრომლისთვის. გერმანიის აეროპორტების ასოციაცია ADV-ის თანახმად, უსაფრთხოების, სარეგისტრაციო და ავიატრანსპორტის მომსახურების თანამშრომელთა დაახლოებით 20%-ი ვაკანტური რჩება. 

უსაშველო რიგები ევროპის აეროპორტებში

ანალოგიური ვითარებაა ევროპის სხვა აეროპორტებშიც. ზაფხულის შვებულებების სეზონზე ავიამგზავრთა ნაკადი გაიზარდა, აეროპორტებში კი საკმარისი პერსონალი არ არის. ამ მიზეზით, პორტუგალიის მთავრობამ 4 ივლისიდან ქვეყნის 6 აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის თანამშრომელთა რაოდენობა გააორმაგა. 

ესპანეთის პოლიციამ დამატებით 500 ადამიანი დაიქირავა და ისინი მადრიდისა და ბარსელონას ყველაზე დატვირთულ აეროპორტებში მგზავრთა გრძელი რიგების პრობლემის მოსაგვარებლად გაგზავნა. იქამდე კი ესპანურმა ავიაკომპანია Iberia-მ განაცხადა, რომ მადრიდის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის შეფერხების შედეგად, 1 მარტიდან დაახლოებით 15 ათასმა მგზავრმა თავის რეისზე დაიგვიანა. 

ირლანდიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში შემდგომი შეფერხებების შემთხვევაში, დუბლინის აეროპორტში უსაფრთხოების ზომების დაცვის პროცესში სამხედროები ჩაერთვებიან. გასული თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთ დღეში 1000-ზე მეტმა ადამიანმა დუბლინის აეროპორტიდან  გაფრენა ვერ შეძლო და ამის მიზეზი, მხოლოდ და მხოლოდ, უსაშველო რიგები იყო. 

სხვა თემები