25 ივლისი 2022 - 11:40

რატომ ფიქრობენ არაბულ სამყაროში, რომ დემოკრატია სუსტი ეკონომიკის სინონიმია?

ფოტო: Facebook

საზოგადოებრივი აზრის უახლესი ფართომასშტაბიანი გამოკითხვის თანახმად, არაბული სამყაროს ქვეყნების მოქალაქეებს სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ დემოკრატიას ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია. თუ რა არის ამის მიზეზი, BBC-მ გაარკვია.

რა ხდება?

აღნიშნულ გამოკითხვაში ცხრა ქვეყნიდან და პალესტინის ტერიტორიებიდან 23 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ორგანიზაცია Arab Barometer-მა (ის აშშ-ის პრინსტონის უნივერსიტეტის ბაზაზეა შექმნილი) BBC News Arabic-ისთვის ჩაატარა. პროექტის ავტორებმა ინტერვიუები 2021 წლის ბოლოდან 2022 წლის გაზაფხულამდე, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სოციოლოგიური გამოკითხვის ცენტრებთან თანამშრომლობით ჩაწერეს.

რესპონდენტთა უმეტესობა დაეთანხმა მოსაზრებას, რომ დემოკრატია ძლიერ ეკონომიკას სულაც არ უზრუნველყოფს. აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ იმ მოვლენიდან, რომელიც ისტორიაში „არაბული გაზაფხულის“ სახელით შევიდა. ამ პროცესების მიზანი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების დემოკრატიული ტრანსფორმაცია იყო. საპროტესტო აქციებიდან უკვე ორი წლის შემდეგ ამ ქვეყნებიდან მხოლოდ ერთში - ტუნისში დარჩა დემოკრატიული მმართველობა. თუმცა ახლა იქაც განიხილება ახალი კონსტიტუცია, რომლის მიღების შემთხვევაშიც ტუნისი ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადაიქცევა. 

როგორც „არაბული სამყაროს ბარომეტრის“ დირექტორმა მაიკლ რობინსმა აღნიშნა, 2018-2019 წლების ბოლო გამოკითხვის შემდეგ, დემოკრატიის შესახებ შეხედულებებში აქ შესამჩნევი ცვლილება შეინიშნება. „სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ დემოკრატია არც მმართველობის იდეალური ფორმაა და არც პანაცეა. ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონის ყველა ქვეყანაში ხალხი შიმშილობს. მათ, ფაქტობრივად, პურის ფული არ აქვთ და არ მოსწონთ მათი მმართველობის სისტემები“, - ამბობს ის. 

გამოკითხული ქვეყნების უმეტესობაში, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ დემოკრატია ხელს არ უწყობს ძლიერ ეკონომიკას. თითოეულ ამ სახელმწიფოში კვლევის მონაწილეთა ნახევარზე მეტი სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა იმ აზრს, რომ მათთვის ხელისუფლების საქმიანობის ეფექტიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - მისი მმართველობის ტიპი. 

დემოკრატიის ინდექსის თანახმად, რომელსაც Economist Intelligence Unit-ი (ბრიტანულ ჟურნალ Economist-ის ქვეგანყოფილება) ადგენს, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა აღნიშნულ მაჩვენებელში ჩართულ რეგიონებს შორის ყველაზე დაბალ პოზიციებს იკავებს. კერძოდ, დემოკრატიის ინდექსში ისრაელი კლასიფიცირებულია, როგორც „არასრულყოფილი დემოკრატია“, ტუნისი და მაროკო - „ჰიბრიდული რეჟიმები“,  რეგიონის ყველა სხვა ქვეყანა კი „ავტორიტარულად“ ითვლება.  

რეგიონის შვიდ ქვეყანაში და პალესტინის ტერიტორიებზე მცხოვრებ რესპონდენტთა ნახევარზე მეტი თანხმდება, რომ მათ ქვეყანას სჭირდება ლიდერი, რომელიც მზად იქნება,  „წესებს გვერდი აუაროს“, თუ ეს მიზნის მისაღწევად აუცილებელია. მაროკო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ მოსაზრებას გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარზე ნაკლები ემხრობა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პალესტინის ტერიტორიებზე, იორდანიასა და სუდანში ზემოთ ხსენებულ განცხადებას ასევე საკმაოდ ბევრი ადამიანი არ ემხრობა, მაგრამ ისინი უმრავლესობას ვერ ქმნიან.

რა არის არაბული ქვეყნების მოქალაქეთა მთავარი პრობლემა?

სწორედ ეკონომიკაა არაბული ქვეყნების მცხოვრებთა მთავარი პრობლემების სათავეში და ის წინ უსწრებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კორუფცია, არასტაბილურობა და კორონავირუსის ეპიდემია. მხოლოდ ორ ქვეყანაში არ აღმოჩნდა ეკონომიკური მდგომარეობა პირველ ადგილზე. ერთი მხრივ, ეს არის ერაყი, სადაც მთავარ პრობლემად კორუფცია განიხილება. მეორე მხრივ კი, ამავე კატეგორიაშია ომით განადგურებული ლიბია, სადაც არასტაბილურობაა მოქალაქეთა მთავარი პრობლემა. თუმცა ყველა ამ ქვეყანაში გამოკითხული ყოველი მესამე ადამიანი მაინც აღიარებს, რომ გასულ წელს მას ან მის ოჯახს ჰქონდა პერიოდები, როდესაც საკვები ამოეწურათ და სურსათის მარაგის შესავსებად ფული არ ჰქონდათ. 

ეგვიპტესა და მავრიტანიაში, საკვები პროდუქტების საყიდელი ფულის უქონლობას გამოკითხულთა ორი მესამედი აღიარებს. ეს კვლევა ძირითადად ჩატარდა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, რამაც რეგიონში არსებული სურსათის პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა. ეს განსაკუთრებით შეეხოთ ეგვიპტეს, ლიბიასა და ტუნისს, რომლებიც რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის ექსპორტზე დიდწილად არიან დამოკიდებულნი. იმ რესპონდენტებს, რომლებსაც საკვებისთვის საკმარისი ფული თითქმის არასდროს აქვთ, თავიანთ ქვეყანაში დემოკრატიის იდეის მიმართ უარესი დამოკიდებულება აქვთ. ეს კორელაცია განსაკუთრებით აშკარაა სუდანში, მავრიტანიასა და მაროკოში. 

რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივა არც ისე დამაიმედებელია: გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლები ამბობს, რომ მათი ქვეყნის ეკონომიკა კარგ ფორმაშია. უმძიმესი ვითარებაა ლიბანში, სადაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას კარგი გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლებმა უწოდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკმა ლიბანის ეკონომიკურ კრიზისს მე-19 საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი უწოდა. ზოგადად, რესპონდენტთა უმრავლესობას არც აქვს მოლოდინი, რომ მათ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაუმჯობესდება. თუმცა არიან ოპტიმისტებიც: ექვს ქვეყანაში გამოკითხულთა მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ მომდევნო ორ-სამ წელიწადში სიტუაცია დალაგდება ან უკეთესობისკენ შეიცვლება. 

მიუხედავად ტუნისში არსებული ეკონომიკური სირთულეებისა, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ყველაზე მეტად აქვთ უკეთესი სიტუაციის იმედი. აქ გამოკითხულთა 61%-ს მიაჩნია, რომ რამდენიმე წელიწადში ყველაფერი ან ბევრად უკეთ ან გარკვეულწილად უკეთ მაინც იქნება. რეგიონის მოსახლეობას მომვლის რწმენა არ აქვს, - ამბობს დოქტორი რობინსი Arab World Barometer-დან. შესაბამისად, ისინი ეძებენ დემოკრატიის ისეთ ალტერნატიულ მოდელებს, როგორიც არის ჩინეთი: ავტორიტარული ერთპარტიული სისტემა, რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებასთან თანაარსებობს. როგორც დოქტორი რობინსი განმარტავს, ამ რეჟიმმა გასული 40 წლის განმავლობაში სიღარიბიდან უამრავი ადამიანი დაიხსნა. „სწრაფი ეკონომიკური განვითარების ტიპი არის ის, რაც ბევრ ადამიანს სურს“, - დასძენს ის.

სხვა თემები