28 ივლისი 2022 - 11:49

რა განსხვავებაა Covid 19-ის BA.4-სა და BA.5 შტამებს შორის? უნდა გვეშინოდეს თუ არა მათი?

ფოტო: shutterstock.com

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ 19-ის შემთხვევათა რაოდენობის ზრდით სერიოზულად არის შეშფოთებული. ეს კი ისედაც გადატვირთული სამედიცინო სექტორის მუშაობას მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო ართულებს. თუ რას პროგნოზირებენ სპეციალისტები, BBC-მ გაარკვია. 

რა ხდება?

”ვირუსის ახალი ტალღები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ Covid-19 ჯერ კიდევ სულაც არ დასრულებულა,” - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ვირუსი მთელ მსოფლიოში თავისუფლად ცირკულირებს. შესაბამისად, ბევრი ქვეყანა მწვავე ფორმით პაციენტების ჰოსპიტალიზაციასა და პოსტ-COVID გართულებების მკურნალობას ვერ უმკლავდება.

გასულ პარასკევს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა კოვიდთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრაზე დაასკვნა, რომ პანდემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საფრთხედ  რჩება. როგორც ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. ეს კი ძირითადად ომიკრონის BA.4 და BA.5 შტამებით არის გამოწვეული. ამავდროულად, ჯანმოს კომიტეტი აღიარებს, რომ ვირუსის ევოლუციის ტრაექტორია და შტამების მახასიათებლები „გაურკვეველი და არაპროგნოზირებადია“. 

რა არის BA.4 და BA.5?

კორონავირუსის BA.4 და BA.5 შტამები პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გასულ წელს გამოვლინდა და მას შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სწორედ ამიტომ ექსპერტები ამბობენ, რომ მალე ორივე მათგანი ევროპასა და აშშ-ში დომინანტური გახდება. 

Covid 19-ი, ისევე როგორც ყველა ვირუსი, საკუთარი რნმ-ის კლონირებით მრავლდება. თუმცა ამ მექანიზმს არ შეიძლება იდეალური ეწოდოს. მუტაციის ხარვეზები იწვევს იმას, რომ ახალი ვირუსი მატრიცისგან გენეტიკურად გარკვეულწილად განსხვავებულია. თუ ასეთი ცვლილებები მას სარგებელს მოუტანს, ახალი შტამი, ძველთან შედარებით, უპირატესობას იძენს და განვითარების პროცესშია მომდევნო წარმატებულ მუტაციამდე. კორონავირუსის ყველაზე ცნობილ გენეტიკურ ვერსიებს შორის იყო ალფა და დელტა, რამაც ინფიცირების მასობრივი ტალღები გამოიწვია. 

BA.4 და BA.5 „ომიკრონის“ ვარიანტის ახლო ნათესავები არიან. ამ უკანასკნელმა შარშან ზამთარში ინფექციის ტალღა გამოიწვია, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ნაკლებად სახიფათო აღმოჩნდა. ჯერ კიდევ მარტში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო ამ BA.4 და BA.5 შტამების თვალყურის დევნება, რადგან ისინი სხვებზე უფრო სწრაფად გავრცელდნენ. დღეს კი სწორედ ეს ვარიანტებია ევროპის უმეტეს ქვეყანაში წარმოდგენილი და ისინი კორონავირუსის ყველა სხვა დანარჩენ სახეობას ჩრდილავენ. მაგალითად, პორტუგალიაში ეს უკვე მოხდა BA.5 ვარიანტით. ანალოგიური ტენდენციები შეინიშნება აშშ-სა და ავსტრალიაში.

რამდენად საშიშია ეს ვარიანტები? 

ითვლება, რომ „ომიკრონის“ ქვევარიანტები - BA.4 და BA.5, Covid-19-ის სხვა ტიპებთან შედარებით, უფრო ლეტალური არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობას აცრის ან უკვე გადატანილი ინფექციის წყალობით გარკვეული იმუნიტეტი უკვე აქვს. ეს კი, ზოგადად, დაავადების გართულების რისკს ამცირებს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ახალი შტამები (უფრო ზუსტად - ქვევარიანტები, რადგან თავად „ომიკრონი“ უკვე კორონავირუსის ვარიანტია) უფრო ვირულენტურია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათით დაინფიცირება უფრო ადვილია. 

ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ კორონავირუსის მიმართ ჩვენი იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება, მაგრამ ბევრი რამ თავად მუტაციაზეა დამოკიდებული. შექმნილი სიტუაციის მიზეზი ისიც არის, რომ ბევრმა ქვეყანამ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები  გააუქმა, შემსუბუქდა კონტროლი, გაიზარდა ადამიანთა შორის კონტაქტები და ვირუსს გავრცელების ახალი შანსი მიეცა. 

გარდა ამისა BA.4-სა და BA.5-ს აქვთ უნარი დააინფიცირონ ადამიანები, რომლებმაც „ომიკრონი“ სულ ახლახან გადაიტანეს. "ჩვენ გვაქვს ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც „ომიკრონით“ უკვე დაინფიცირდნენ, BA.5 ვარიანტითაც დაავადდნენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით," - განუცხადა სააგენტო „როიტერსს“ ამერიკელმა ვირუსოლოგმა გრეგორი პოლონდმა. 

არსებობს თუ არა რაიმე სახის საიმედო დაცვა ამ შტამებისგან?

როგორც კორონავირუსის სხვა ვარიანტების შემთხვევაში, ხანდაზმულები და დასუსტებული იმუნური სისტემის ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ BA.4-ი და BA.5-ი შტამებთან მიმართებით.

ექსპერტების შეფასებით, დღეისათვის საუკეთესო დაცვა (თუმცა - არა იდეალური) არის ისევ და ისევ აცრა და დამატებითი ბუსტერ-დოზები. ისინი მნიშვნელოვნად ამცირებენ დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკს კოროვირუსის ძირითადი ვარიანტების - „ალფასთან“, „ბეტასთან“, „გამასა“ და „დელტასთან“ მიმართებით. ექიმები ამტკიცებენ, რომ ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ ვაქცინის საჭირო დოზები, რათა კორონავირუსის როგორც არსებული, ასევე შესაძლო ახალი ვარიანტებისგან თავი დავიცვათ. 

სხვათა შორის, ახალი შტამების საწინააღმდეგო ვაქცინების ახალი ვერსიები უკვე შემუშავებულია და ტესტირების პროცესიც დაწყებულია. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში,  მწარმოებლებს შეუძლიათ მკვეთრად გაზარდონ მათი წარმოება, რეგულატორები კი ამზადებენ ახალ წესებს, რათა ვაქცინების დამტკიცების პროცესი დაჩქარდეს.

სხვა თემები