18 ივლისი 2022 - 17:00

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები – დიაგნოსტირება და მკურნალობა

გიგა ტორაძე

გიგა ტორაძე

ფოტო: თოდუას კლინიკა

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მომუშავე სახსარია – ის დღეში დაახლოებით 2 ათას მოძრაობას ასრულებს. შესაბამისად, ყბის შემადგენლობაში შემავალი ძვლოვანი თუ ხრტილოვანი ქსოვილების, მყესებისა თუ კუნთების ნებისმიერი დაზიანება მნიშვნელოვან დისკომფორტსა და პრობლემას უქმნის პაციენტს. 

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რა პათოლოგიებია გავრცელებული? რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რატომაა მნიშვნელოვანი პრობლემის დროულად გამოკვლევა და მკურნალობა? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ყბა-სახის ქირურგს, გიგა ტორაძეს მივმართეთ.

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რა პათოლოგიებია ფართოდ გავრცელებული?

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაზიანების ორი ძირითადი ჯგუფი გამოიყოფა – დაავადებები, რომლებიც სახსრის ქსოვილის დაზიანებითაა განპირობებული და დაავადებები, რომლებსაც საღეჭი კუნთების პათოლოგია და ყბა-კბილთა სისტემის აგებულება იწვევს. პირველ ჯგუფში შედის ართრიტები ანუ სახსრის ანთება, სახსარშიდა მოშლილობები, ოსტეოართროზები, სიმსივნეები და ა.შ. ხოლო მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ბრუქსიზმი ანუ კბილების კრაჭუნი, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მტკივნეული დისფუნქცია, საღეჭი კუნთების კონტრაქტურა და სხვა. 

რა იწვევს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიებს?

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი სუსტი აგებულებისაა და ის შეიძლება ბევრი მიზეზით დაზიანდეს. მათ შორის, სახსარში ინფექციის შეჭრით, ტრავმით, სტომატოლოგთან ვიზიტისას პირის დიდხანს ღია მდგომარეობაში ყოფნით, არასწორი თანკბილვითა და ა.შ. 
 
რა ნიშნებით ვლინდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებები?

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიებზე შეიძლება მიანიშნებდეს ქვედა ყბის მოძრაობისას ტკივილი სახსრისა და საღეჭი კუნთების არეში, დაჭიმულობისა და შებოჭილობის შეგრძნება, პირის გაღება-დახურვის დროს ხმაური – ტკაცუნი, ხრაშუნი და შრიალი. ტკივილი ზოგჯერ გადაეცემა ყურს, საფეთქლის მიდამოს, კისერსა და თვალს. 

როგორია საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დიაგნოსტირების პროცესი?

დიაგნოსტირება იწყება სიმპტომების დეტალური გამოკითხვით, შემდეგ კი ვატარებთ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის 3D კვლევას. საჭიროების შემთხვევაში, ვნიშნავთ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც.

რა მეთოდებით მკურნალობთ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიებს?

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიების სამკურნალოდ ხშირად ვიყენებთ სახსარშიდა ინექციებსა და მივმართავთ ფიზიოთერაპიას. ქირურგიული ჩარევისგან მაქსიმალურად ვიკავეთ თავს. ოპერაციას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ვატარებთ, მაგალითად, მაშინ, როდესაც პაციენტს სასახსრე თავების მკვეთრი დეფორმაცია და დესტრუქცია აღენიშნება. 

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დაავადება ყბის მუდმივი მოძრაობით კიდევ უფრო არ დავამძიმოთ. ამასთან ერთად, ადრე აღმოჩენილი დაზიანების მკურნალობა გაცილებით მარტივი და მართვადია.
 

სხვა თემები