03 აგვისტო 2022 - 10:28

მართალია თუ არა, რომ ბავშვებში ჰეპატიტის მასობრივი გავრცელების მიზეზი „ლოქდაუნია“?

ფოტო: shutterstock.com

როგორც ჩანს, ბრიტანელმა ექსპერტებმა აღმოაჩინეს მიზეზი, რის გამოც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამდენ მცირეწლოვან ბავშვს ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები მოულოდნელად უვითარდებათ. კონკრეტულად რაზეა საუბარი, BBC-მ გაარკვია.

რა ხდება?

Covid-19-ის მთელი პანდემიის განმავლობაში, ჰეპატიტის ორი ყველაზე მეტად ცნობილი ვირუსი, პრაქტიკულად, აღარავის ახსოვდა. როგორც ბრიტანელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, უმეტეს ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ის „დაბრუნდა“ და ბავშვთა დაწესებულებებში აქტიურად დაიწყო გავრცელება. ამის მიზეზი კი „ლოქდაუნის“ შედეგად დასუსტებული იმუნიტეტია. საბოლოო ჯამში, 35 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი ბავშვი ჰეპატიტით უკვე დაავადდა. პატარა პაციენტების უმრავლესობას 5-წლამდე ასაკისაა. 

ზოგიერთ მათგანში ინფექცია იმდენად მძიმედ განვითარდა, რომ ბავშვის გადარჩენის ერთადერთი გზა დაზიანებული ორგანოს გადანერგვა იყო. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ღვიძლის გადანერგვის 12 ასეთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ლონდონსა და გლაზგოში მომუშავე მკვლევართა ორის ჯგუფის დასკვნის მიხედვით, კოროვირუსული შეზღუდვების გამო, ბავშვების უმეტესობას ორი წლის განმავლობაში ნაკლებად ან საერთოდ არ ჰქონდათ თანატოლებთან  კონტაქტი. სწორედ ამიტომ, ისინი მოგვიანებით შეეჯახნენ ორ ინფექციას, რომელთა მიმართაც იმუნიტეტი, როგორც წესი, ჩვილობის ასაკში ვითარდება.  ერთი მხრივ, ეს არის ადენოვირუსი, რომელიც გაციებასა და საჭმლის მონელების დარღვევას იწვევს, მეორე მხრივ კი - ადენოასოცირებული ვირუსული სეროტიპი 2 (AAV2). ეს უკანასკნელი, როგორც წესი, თავისთავად დაავადებას არ იწვევს, რადგან მისი გამრავლება უჯრედებში ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი "დამხმარე" ადენოვირუსით არის ინფიცირებული. მეცნიერთა აზრით, ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ უვითარდება ზოგიერთ ბავშვს ღვიძლის იშვიათი გართულებები.

ერთ-ერთი ბავშვი, რომელსაც ჰეპატიტი სრულიად მოულოდნელად განუვითარდა და ამან დაზიანებული ორგანოს გადანერგვის საჭიროება გამოიწვია, არის სამი წლის ნოა. მისი ოჯახი ესექსის საგრაფოში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ცხოვრობს. დედის, რებეკა კემერონ-მაკინტოშის თქმით, ის ბავშვის ავადმყოფობამ სრულად გაანადგურა. „მანამდე მას ცუდი არაფერი შემთხვევია, იხსენებს მშობელი - ეს ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა და ინფექცია ისე სწრაფად განვითარდა, რომ გონს მოსვლაც კი ვერ მოვასწარით. თავიდან გვეგონა, რომ ეს იყო რაღაც პატარა პრობლემა, რომლის გამოსწორებაც ადვილი იქნებოდა, მაგრამ პრობლემა სულ უფრო იზრდებოდა და ზვავდებოდა“.

თავდაპირველად, რებეკა გეგმავდა ბავშვისთვის საკუთარი ღვიძლის ნაწილი გაეზიარებინა, მაგრამ მის ორგანიზმს იმდენად მკვეთრი რეაქცია ჰქონდა დონორისთვის დანიშნულ პრეპარატებზე, რომ რეანიმაციაში თავად აღმოჩნდა. ამის შემდეგ ნოა ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა სიაში შეიყვანეს. საბედნიეროდ, მას ლოდინი დიდხანს არ მოუწია: ბავშვს ახალი ღვიძლი მალევე გადაუნერგეს. ბიჭის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის, მაგრამ გადატანილი ოპერაციის გამო, მას იმუნოდეპრესანტების მიღება მთელი ცხოვრება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ორგანიზმი უცხო ორგანოს უარყოფას დაიწყებს. "არის ამაში გარკვეული სულისგამგლეჯი ირონია", - ამბობს რებეკა.“გგონია, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ: იცავ შეზღუდვებს, რათა სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები დაიცვა. საბოლოოდ კი, რაღაც ირიბი გზებით, მთელი ცხოვრების მანძილზე დასუსტებული იმუნიტეტით რჩება შენი საკუთარი შვილი. ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლების მითითებებს ასრულებდი“, - დასძენს დედა. 

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. ამ ტიპის ვირუსებით დაავადებული ბავშვების უმეტესობა (დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაშიც კი) სწრაფად გამოჯანმრთელდება. არც ისე ნათელია, თუ რატომ იწვევს ზოგიერთ ადამიანში ადენოვირუსული ინფექცია ღვიძლის ანთებას. როგორც ჩანს, აქ შეიძლება მთავარი როლი გენეტიკამ შეასრულოს. ამავდროულად, მეცნიერები  ჰეპატიტის განვითარებასა და თავად COVID-19-ს ან მის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის რაიმე სახის კავშირს სრულად გამორიცხავენ. 

„კარანტინის განმავლობაში, სანამ ბავშვები სახლებში ისხდნენ და ერთმანეთს მხოლოდ ვირტუალურად ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის ვირუსების გადაცემა უბრალოდ შეუძლებელი იყო“, - განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ვირუსოლოგიის პროფესორი, ჯუდით ბრეიერი. „ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ მოხდა იმუნიტეტის ჩამოყალიბება მრავალი გავრცელებული ინფექციის მიმართ, რომლებსაც, როგორც წესი, ადრეულ ბავშვობაში ვხვდებით", - დასძენს ის. 

”როდესაც შეზღუდვები მოიხსნა, ბავშვებმა კვლავ დაიწყეს ერთმანეთში დიდი დოზით პირადი კომუნიკაცია, ვირუსებიც ერთი ბავშვიდან მეორეზე თავისუფლად ვრცელდებოდა. შესაბამისად, იმუნიტეტის ნაკლებობამ ახალი ინფექციების მთელი ტალღა  გამოიწვია“, - ასკვნის ექსპერტი. ექიმები იმედოვნებენ, რომ ასეთი შემთხვევების რიცხვი თანდათან შემცირდება. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ გვიან ჩამოყალიბებული იმუნიტეტი მომავალში მაინც იჩენს თავს. 

როგორც გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, ემა ტომსონი ამბობს, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება. „აუცილებელია მეტი მასშტაბური კლევა, რათა ბავშვებში ჰეპატიტის განვითარების მიმართულებით AAV2-ის როლი შევისწავლოთ”,- ამბობს სპეციალისტი. ”ამასთანავე, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი გავიგოთ AAV2-ის სეზონური მიმოქცევის შესახებ. ახლა ამ ვირუსს მუდმივ რეჟიმში არავინ აკონტროლებს. შესაძლოა, ადენოვირუსული ინფექციის სეზონური პიკი AAV2-ის გავრცელების პიკს დაემთხვა, რამაც მცირეწლოვან ბავშვებში ჰეპატიტის უჩვეულო გამოვლინებები გამოიწვია“, - ასკვნის ექსპერტი. 

სხვა თემები