03 აგვისტო 2022 - 09:44

რუსეთი თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების შეძენას ირანისგან აპირებს. რატომ?

ფოტო: shutterstock.com

რუსეთი და ირანი საავიაციო სექტორში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, თეირანი მოსკოვისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებასა და რუსული ავიალაინერების შეკეთებასაც კი შეძლებს. თუმცა თავად ირანი უკვე რამდენიმე ათეული წელია სანქციების ქვეშ იმყოფება. როგორ და რამდენად შეუძლია ირანს კრიზისში მყოფი რუსული საავიაციო ინდუსტრიის დახმარება? ამ კითხვაზე პასუხები BBC-მ მოიძია.

რა ხდება? 

რუსეთმა და ირანმა ავიაციის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება გადაწყვიტეს. აღნიშნული დოკუმენტი ირანში წარმოებული თვითმფრინავის ნაწილებისა და შესაბამისი აღჭურვილობის რუსეთში ექსპორტს ითვალისწინებს. უფრო მეტიც, შეთანხმება ირანული კომპანიების მიერ რუსული ავიალაინერების შეკეთებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობს. ამ ინფორმაციას ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (CAO) წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო Mehr-ი ავრცელებს. 

რუსეთის საავიაციო ინდუსტრია კრიზისში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო დაწესებული სანქციების შედეგად აღმოჩნდა. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული თვითმფრინავების შეკეთება საზღვარგარეთ აღარ შეიძლება, მათთვის საჭირო დეტალების ქვეყანაში იმპორტირება კი შეუძლებელია. ირანთან შეთანხმება გაკვირვებას იწვევს იმ ფონზე, რომ თავად ეს ქვეყანა 1970-იანი წლების ბოლოდან დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.  ეს კი, სხვა საკითხებთან ერთად, ირანში თვითმფრინავებისა და მათი ნაწილების შეტანას კრძალავს. 

როგორია ირანის საავიაციო სექტორის მდგომარეობა?

ასე თუ ისე, ირანის მიმართ სანქციები 1979 წლიდან  არის დაწესებული. სწორედ ამ დროს მოხდა  ქვეყანაში ისლამური რევოლუცია. 2015 წელს ე.წ. ბირთვული შეთანხმება დაიდო ირანსა და ხუთ ქვეყანას - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს შორის (ამ ჩამონათვალშია აშშ და რუსეთი). ირანმა აიღო ვალდებულება, რომ თავის ბირთვულ პროგრამას შეაჩერებდა, რის შემდეგაც ქვეყანას სანქციები თანდათანობით ეხსნებოდა.

ამ მოკლე პერიოდში ირანმა ორასი იმპორტირებული თვითმფრინავის მიწოდების შესახებ შეთანხმება მოახერხა, მაგრამ მხოლოდ 10-მდე მათგანის მიღება შეძლო (ამის შესახებ ირანული პორტალი Financial Tribune-ი წერს). იმავდროულად, 2017 წელს, შეძენილი იმპორტირებული თვითმფრინავებისთვის საჭირო ნაწილების წარმოებას ირანი თავად გეგმავდა. თუმცა 2018 წლის მაისში, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა. ამის შემდეგ ირანში სანქციები თანდათან დაბრუნდა. 

ამ ეტაპზე ქვეყანაში სამოქალაქო ფლოტის უმეტესი ნაწილი Boeing-ის, Airbus-ისა და ATR-ის იმპორტირებული თვითმფრინავებისგან შედგება. ბევრი მათგანი 20-30 წლის წინ და უფრო ადრეც არის წარმოებული. მაგალითად, ვებგვერდ Planespotters-ის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავიაკომპანია Iran Air-ის თვითმფრინავების საშუალო ასაკი 19 წელია. საჭირო დეტალების ნაკლებობას თავად ირანის ავიაცია განიცდის. მაგალითად, 2021 წელს, ქვეყნის ავიახაზების ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ ირანის სამოქალაქო ავიაციის შემადგენლობის ნახევარზე მეტი სათადარიგო ნაწილების (განსაკუთრებით, ძრავების) დეფიციტის გამო გაჩერდა. 

მიუხედავად ამისა, ირანს სანქციების შედეგად თვითმფრინავების ნაწილებისა და დეტალების მიწოდების მიმართულებით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, - ამბობს თანამედროვე ირანის კვლევის რუსული ცენტრის გენერალური დირექტორი რაჯაბ  საფაროვი. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Tasnim News Agency ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (CAO) ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი "თვითმფრინავის კომპონენტებისა და ნაწილების შეკეთებასა და მიწოდებას თავადვე ახერხებს". 

საიდან აღმოჩნდა ირანში თვითმფრინავების ნაწილები?

დოკუმენტის ანგარიშებში, რომელსაც ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, არ არის დაკონკრეტებული,  კერძოდ რა ნაწილებს მიაწვდის ირანი რუსეთს. ოფიციალურად, რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გარიგება არ დაადასტურა. საფაროვის თქმით, იმპორტირებული თვითმფრინავების ზოგიერთი კომპონენტი და სათადარიგო ნაწილები ირანის რამდენიმე ტექნოპარკში მართლაც იწარმოება.

"მათ აწარმოებენ კერძო კომპანიები, მაგრამ ისინი ნახევრად სახელმწიფოებრივ სტრუქტურებთან არიან ასოცირებული. შესაბამისად, დაფინანსება ძირითადად სახელმწიფოსგან მოდის. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სახელმწიფო ნომენკლატურა, მაგრამ მენეჯმენტი პრაქტიკულად კერძოა“, - განმარტავს საფაროვი. მისი თქმით, Boeing-ისა და Airbus-ის ნაწილები ირანში "პარალელური იმპორტის" საფუძველზეა შეტანილი. „ირანს იურიდიული ხასიათის განსაკუთრებული პრობლემები არ აქვს“, - განაცხადა მან. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ასეთი არხებით იმპორტის განხორციელება რუსეთში სავსებით შესაძლებელია. 

თუმცა ამ ოპტიმიზმს ყველა ექსპერტი არ იზიარებს. ახლა ამ გარიგებასთან დაკავშირებით მთლიანობაში უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე- პასუხი, - აღნიშნავს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი ალექსეი მალაშენკო. მისი აზრით, თანამშრომლობის უმეტესი ნაწილი არაფორმალური არხებით  - კომპანიების დონეზე მიმდინარეობს. ოფიციალური დასტური კი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება. 

რაში სჭირდება რუსეთს ირანული დეტალები?

თებერვლის ბოლოს, ომის დაწყებისთანავე, ევროკავშირმა რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ყველაზე თვალსაჩინო იყო ევროპული კომპანიებისადმი დაწესებული აკრძალვა, რუსეთის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავების იჯარით გაცემაზე, დაზღვევასა და მომსახურებაზე უარი ეთქვათ. 

რუსულმა ავიაკომპანიებმა არ დააბრუნეს უცხოური სალიზინგო კომპანიების 515 თვითმფრინავიდან 400-ზე მეტი, რომელთაც სანქციების დაწესების მომენტში გადამზიდველები იყენებდნენ. ამის შესახებ Washington Post-ი ანალიტიკურ კომპანია Cirium-ზე დაყრდნობით წერს.

უცხოელმა მეიჯარეებმა მხოლოდ 80 ლაინერის დაბრუნება შეძლეს. სანქციების დაწესების შემდეგ, გარკვეულმა ქვეყნებმა, სადაც თვითმფრინავები დარეგისტრირებული იყვნენ, გააუქმეს მათი ფრენისუნარიანობის სერთიფიკატები. ეს არის დოკუმენტი, რომელიც თვითმფრინავს აფრენის უფლებას აძლევს. 

თავის მხრივ, რუსეთმა მფლობელთა თანხმობის გარეშე ასეთი თვითმფრინავების რეესტში გატარება  დაუშვა და მათზე ქვეყნის შიდა სივრცეში შესაბამისი დოკუმენტებიც გასცა. შესაბამისად, უცხოური თვითმფრინავების მომსახურება ახლა შესაძლებელია ფედერაციის შიგნით.  მათ შორის, ვინც ასეთი სერთიფიკატი მიიღო, არის S7 Technics (S7 ჯგუფში შედის), ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა და სხვა. 

ასეთ პირობებში რუსული თვითმფრინავების გადაადგილება რამდენად უსაფრთხოა?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. ფორმალურად, ფრენის უსაფრთხოება დამოკიდებულია დოკუმენტებზე, რომლებიც საერთაშორისო დაწესებულების- კერძოდ, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ არის აღიარებული. თუმცა ამ დროისთვის, რუსეთში დარჩენილ უცხოურ თვითმფრინავებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება კრემლსა და სხვა ქვეყნებს შორის დავის საგანია.

მაშინაც კი, თუ თვითმფრინავები რუსეთის შიდა სივრცეში ტექნიკურ მოთხოვნებს  აკმაყოფილებენ, საერთაშორისო ორგანიზაციები მათ სტანდარტებთან შესაბამისობაში მაინც არ განიხილავენ. თავად ICAO-მ ორმაგ რეგისტრაციას ჩიკაგოს საერთაშორისო კონვენციის დარღვევა უწოდა და მოუწოდა რუსეთს, დარღვევები აღმოფხვრას. რა თქმა უნდა, რუსეთს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს. 

რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გათვლებით, სანქციების ფარგლებში უცხოური Boeing-სა და Airbus-ის თვითმფრინავების უსაფრთხო ექსპლუატაცია რუსეთში ხუთ წელს გაგრძელდება, - ამის შესახებ ივნისში ისაუბრა იური ბორისოვმა, რომელიც მაშინ ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა.

უსაფრთხოების ნორმებზე კი შეიძლება სწორედ ირანის გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების აზრით, ამ სფეროში ვითარება უმჯობესდება, 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (2014 წლამდე) ირანული თვითმფრინავების მონაწილეობით 200-ზე მეტი ავიაკატასტროფა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სხვა თემები