30 ივლისი 2022 - 19:59

დარტყმა ელენოვკაში მდებარე უკრაინელი სამხედრო ტყვეების კოლონიაზე - რა არის ამ დროისთვის ცნობილი? 

ფოტო: MIKHAIL TERESHCHENKO/TASS

ფოტო: MIKHAIL TERESHCHENKO/TASS

დასახლება ელენოვკაში მდებარე კოლონიის დაბომბვის შედეგად, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ (მათ შორის - მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის მცველები), 53 ადამიანი დაიღუპა, - აცხადებენ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები. მათივე ინფორმაციით, დამატებით 75 ადამიანი დაშავდა. უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ კოლონიას მიზანმიმართულად დაარტყა, რათა სამხედრო დანაშაულის ჩადენა კიევისთვის დაებრალებინა. რა არგუმენტები აქვს მოსკოვს და რას პასუხობს კიევი?- BBC-მ მოიძია. 

რუსული ვერსია 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილის მოხსენებაში განაცხადა, რომ დონეცკის მახლობლად, ელენოვკაში  მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის - „აზოვის“ პოლკის წევრები იმყოფებოდნენ. მათი განმარტებით, ამ ადგილს სწორედ მრავალჯერადი ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-დან დაარტყეს. "40 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა, 75 კი - დაიჭრა. გარდა ამისა, წინასწარი დაკავების იზოლატორის რვა თანამშრომელმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში. თუმცა იქამდე, ზემოთ ხსენებული დარტყმის შესახებ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. 

ამის შემდეგ, სახელმწიფო ტელეარხმა „რუსეთი 24"-მა აჩვენა კადრები, რომლებითაც მტკიცდება, რომ კოლონიის შენობა დანგრეულია და შესაბამისად, აქ არსებული „ინფრასტრუქტურა“ სრულად განადგურებულია. სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიომაუწყებლობის კომპანიის წარმომადგენლმა, ანდრეი რუდენკომ თავის „ტელეგრამ- არხზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც დაღუპულთა დამწვარი სხეულები და მათი კიდურების ფრაგმენტებია ასახული. „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტმა კი აჩვენა რაკეტის ნარჩენები, რომელთაც სააგენტო ამერიკული HIMARS-ის ფრაგმენტებს უწოდებს და დასძენს, რომ ისინი კოლონიაზე თავდასხმის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი. 

უკრაინული ვერსია 

უკრაინული მხარე ამ ბრალდებებზე კომენტარს დიდი ხნის განმავლობაში არ აკეთებდა. ამის შემდეგ გავრცელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება. თავის მხრივ, კიევში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინელი სამხედრო ტყვეების კოლონია მიზანმიმართულად დაბომბეს, რათა ომის დანაშაულში უკრაინა დაედანაშაულებინათ და მეორე მხრივ, მათ მიერ ჩადენილი მკვლელობისა და წამების ფაქტები მიეჩქმალათ. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები არ ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მითუმეტეს, იმ ადგილებს, სადაც სამხედრო ტყვეები იმყოფებიან, - ნათქვამია პრესრელიზში. გენერალური შტაბის ცნობით, ელენოვკის მიმართულებით საარტილერიო დარტყმები უკრაინელ სამხედროებს არ განუხორციელებიათ. ამასთანავე, დაღუპულთა შესაძლო რაოდენობაზე უკრაინული მხარე კომენტარს არ აკეთებს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თავის „ტელეგრამ- არხზე“ განაცხადა, რომ "კოლონიაზე თავდასხმა საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი". "უკრაინის შეიარაღებული ძალების სიზუსტე ხერსონის რეგიონში რუსულ საწყობებზე, ლოგისტიკურ პუნქტებზე, სამეთაურო ცენტრებსა და ხიდებზე მიტანილი არაერთი იერიშით დადასტურდა. როდესაც უკრაინა რაღაცას ანადგურებს, სხვადასხვა ფიქსაციის ხელსაწყოები ამას ავტომატურად ადასტურებენ", - წერს პოდოლიაკი. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა“ დაგმონ და „რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ“. ოფიციალურ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი „უკრაინული სიმართლე“ წერდა, რომ დაფიქსირდა საარტილერიო დარტყმები ელენოვკის მიმართულებით მაგრამ არა უკრაინელი, არამედ რუსი სამხედროების მონაწილეობით. 

გამოცემა „მედიაზონა. ბელარუსის“ ინფორმაციით, ყოფილმა პატიმრებმა - კონსტანტინ ველიჩკომ და რუსლან ახმეტოვმა დაადასტურეს, რომ რუდენკოს მიერ გავრცელებულ კადრებში ნამდვილად კოლონიის ტერიტორიაა ნაჩვენები. თუმცა ველიჩკოს თქმით, როდესაც ის ელენოვკის იზოლატორში იმყოფებოდა, კოლონიის ამ ნაწილში პატიმრებს არ აჩერებდნენ. "ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღით ადრე ტყვეების ნაწილი გადაიყვანეს ბარაკში, რომელზეც განხორციელდა თავდასხმა. ეს არის კლასიკური, ცინიკური და კარგად მოფიქრებული false flag operation (ოპერაცია სხვისი დროშის ქვეშ - რედ.)“, - დასძენს პოდოლიაკი. 

კოლონია ელენოვკაში

ომის დაწყების შემდეგ სოფელ ელენოვკაში მოეწყო ბანაკი უკრაინელი ტყვეებისთვის, მათ შორის - მოხალისეებისთვისაც. მოგვიანებით გათავისუფლებულმა მოხალისეებმა განაცხადეს, რომ ყოფილი კოლონია, სადაც ისინი მიიყვანეს, რამდენიმე ორსართულიანი შენობისგან შემდგარი მიტოვებული ტერიტორია იყო. "ჩვენამდე ელენოვკის გამოსასწორებელი კოლონია დაკონსერვებული იყო. ის სპეციალურად გაიხსნა, რათა იქ "ფილტრაციის ბანაკი" მოეწყოთ", - განუცხადა „რეალურ დროს“ მარიუპოლელმა მეწარმემ, ევგენია მალიარჩუკმა.

"თავდაპირველად ბევრი პატიმარი არ იყო. შემდეგ დაიწყო დიდი ნაკადები ჯერ ილიჩის სახელობის კომბინატიდან, შემდეგ - „აზოვსტალიდან“. კოლონიის ტერიტორიაზე ერთდროულად დაახლოებით სამი ათასი ადამიანი იმყოფებოდა. არ იყო საკმარისი საკვები, წყალი საერთოდ არ გვქონდა. კოლონიის ტერიტორიაზე ყველა სახის სამუშაოს ტყვეები ასრულებდნენ- იქნებოდა ეს საკვების მომზადება, დაწესებულების დასუფთავება, წყლის განაწილება. ძირითადად იყო ტექნიკური წყალი, რომლის დალევაც არ შეიძლებოდა“, - ჰყვება ყოფილი ტყვე მალიარჩუკი.

სხვა თემები