09 აგვისტო 2022 - 11:49

რა ხდება მთიან ყარაბაღში? დაიწყება თუ არა მორიგი ომი ამჯერად კავკასიაში?

ფოტო: shutterstock.com

მთიან ყარაბაღში ვითარება ივლისის ბოლოდან დაიძაბა. აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალურად, აქტიური საომარი მოქმედებები 2020 წლის შემოდგომაზე რუსი სამშვიდობოების შეყვანით დასრულდა. ახლა კი არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში ნაწილობრივი მობილიზაციაა გამოცხადებული. აზერბაიჯანი ითხოვს, მისი კონტროლის ქვეშ დაბრუნდეს ქალაქი ლაჩინი, რომელზედაც სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალი ერთადერთი გზა გადის. რა ხდება კონფლიქტის ზონაში და შეიძლება თუ არა მორიგი ომის საფრთხეზე ვისაუბროთ? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას BBC  შეეცადა.

მხარეთა ვერსიები
1 აგვისტოს, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ „დილით სცადა გამყოფი ხაზის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის ზონების გარკვეული მონაკვეთების გადაკვეთა, მაგრამ ეს მცდელობები აღკვეთილ იქნა.“ ერთი დღით ადრე კი ისინი აცხადებდნენ, რომ სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ინციდენტი უარყო და ამ ინფორმაციას „მცდარი, პროვოკაციული და შეცდომაში შემყვანი“ უწოდა. ამავდროულად, 2 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის სამი შემთხვევა“ დაფიქსირდა. 

უკვე 3 აგვისტოს დილით, აზერბაიჯანის სამხედრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ლაჩინის რაიონში (მთიან ყარაბაღს სომხეთისგან გამოჰყოფს) „ინტენსიური დაბომბვის შედეგად“ აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. დაახლოებით ამავე დროს, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ორი ჯარისკაცი დაიღუპა და 14 დაიჭრა. ამასთანავე, რეგიონში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

რუსი სამხედროების განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა "ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს" სარიბაბას მაღლობის რაიონში, რომელიც ლაჩინის დერეფანთან მდებარეობს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ბაქომ გააფრთხილა რუსი სამშვიდობოები, რომ სომეხი სამხედროების ყოფნა მათ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე „საფრთხეს შეიცავს“.

რატომ ხდება ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახლა?

2 აგვისტოს, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მათ მოსთხოვა, სომხეთთან დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტი შეადგინონ ისე, რომ არსებულს გვერდი აუარონ. საქმე იმაშია, რომ ე.წ. "ლაჩინის დერეფანი" ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს . ეს არის გზა, რომელსაც რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ და რომელიც ქალაქ ლაჩინზე გადის. ეს უკანასკნელი იყო აზერბაიჯანული ქალაქი, რომელიც მთიან ყარაბაღში პირველი ომის დროს სომხეთის ძალებმა დაიკავეს. 

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ადგილობრივ გაზეთ „არმენპრესს“ განუცხადა, რომ აზერბაიჯანის მოთხოვნა ლაჩინის დერეფანზე უკანონოა. მისი თქმით, სომხური მხარე ჯერ არცერთ სხვა გეგმას არ დასთანხმებია, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. საქმე ისაა, რომ ლაჩინის რეგიონის დანარჩენი ნაწილი (გარდა თავად ქალაქისა და გზისა) სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს 2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმებით დაუბრუნა, რამაც ომი დაასრულა. ამავე შეთანხმების მიხედვით, უნდა აშენდეს ახალი გზა ქალაქ ლაჩინის გვერდის ავლით, რომელიც ყარაბაღელ სომხებს სომხეთთან დააკავშირებს. აზერბაიჯანმა აღნიშნული გზის თავისი კუთვნილი წილი უკვე ააშენა, სომხეთმა კი - ჯერ არა. ამიტომაც, აზერბაიჯანი სომხეთს სამმხრივი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ 3 აგვისტოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა, ილგარ ველიზადემ კონტრტერორისტული ოპერაცია უწოდა ყველაფერ იმას, რაც ახლა ყარაბაღში ხდება . მისი თქმით, აზერბაიჯანისთვის ყარაბაღში მყოფი შეიარაღებული ადამიანები „ბანდიტები“ არიან. “ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იშენებენ თავდაცვით ნაგებობებს სომხური შეიარაღებული ფორმირებები და აზერბაიჯანული მხარის შეშფოთება სწორედ ამან გამოიწვია. დაგვპირდნენ, რომ სიტუაციას გააკონტროლებდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა“, - ამბობს პოლიტოლოგი.

სომეხი პოლიტოლოგი ალექსანდრე ისკანდარიანი მსგავს ესკალაციას სომხურ მხარეზე აზერბაიჯანის ზეწოლად მიიჩნევს, რათა მოლაპარაკებებში დათმობას მიაღწიოს. ”ეს კონკრეტული ესკალაცია… შეიძლება ორი რამით იყოს გამოწვეული. პირველი მიზეზი არის ის, რომ რუსეთი ახლა უკრაინაშია დაკავებული და ყარაბაღისთვის არ სცალია. სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანი ცდილობს, წითელი ხაზები მოსინჯოს და შეამოწმოს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა. მეორე მიზეზია ის, რომ მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და აზერბაიჯანი ამ მიმართულებით ზეწოლას ცდილობს“, - აცხადებს ექსპერტი. 

დაიწყება თუ არა ახალი ომი?

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა გასულ თვეს "არმენპრესს" განუცხადა, რომ სომეხი სამხედროები ყარაბაღში აღარ იმსახურებენ და იქ დარჩებიან მხოლოდ ადგილობრივი ჯარისკაცები არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკიდან. გარდა ამისა, მან დასძინა, რომ ყარაბაღის თემა ჩვენთვის ტერიტორიული საკითხი არ არისო. „ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებასა და უფლებებს“, - განაცხადა გრიგორიანმა.

ოფიციალურმა პირმა მთიანი ყარაბაღის საკითხის სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობებისგან გამოყოფის შესახებ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სიტყვები გაიხსენა. „ახლა ჩვენ აქტიურად უნდა განვიხილოთ ეს ვარიანტი და გადავწყვიტოთ, მომავალში როგორ ვიმოქმედოთ“, - განაცხადა გრიგორიანმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმების ხუთ პუნქტში „მიუღებელი არაფერია“. მიუხედავად ამისა, დაძაბულობა კვლავ რჩება და ორივე ქვეყანაში ვრცელდება ჭორები, რომ შესაძლოა, ახალი ომი დაიწყოს.

ალექსანდრე ისკანდერიანს მიაჩნია, რომ ახალი შეტაკებები სავსებით შესაძლებელია. თუმცა 2020 წლის კონფლიქტის ანალოგიური რეალური ომი გამორიცხულია. „ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ამ ომს შეუძლებელს ხდის, სწორედ სამშვიდობოების ყოფნაა. ომის შემთხვევაში, აზერბაიჯანელ სამხედროებს მოუწევთ, რუს სამშვიდობოებს ესროლონ და რუსეთი ამას რეაქციის გარეშე არ დატოვებს. ჯერჯერობით კი ეს მხოლოდ დაბალი ინტენსივობის დაძაბულობაა, რომელსაც ძნელია ომი უწოდო“, - ასკვნის ისკანდერიანი.

ილგარ ველიზადეს კი მიაჩნია, რომ ფართომასშტაბიანი ომი არ იქნება, რადგან სომხურ მხარეს ამისი არც საშუალება აქვს და არც ადამიანური რესურსი. გამოცემა Eurasianet-ის კავკასიის განყოფილების რედაქტორი ჯოშუა კუცერა აღნიშნავს, რომ რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მხოლოდ 2000 რუსი ჯარისკაცია, რომლებიც სამხედრო შეტაკებების თავიდან აცილებას ამიტომ ვერ ახერხებენ. ის გარკვეული სიფრთხილით ვარაუდობს, რომ შეიძლება სომხები „რუს სამშვიდობოებს ყურადღებას აღარ აქცევენ  და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებენ“. „თუმცა მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ისინი [სამშვიდობოები] სანამ იქ არიან, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას ხელს შეუშლიან. აზერბაიჯანი ვერ განახორციელებს დიდ შეტევას რუსეთის გარდაუვალი ჩარევის გარეშე“, - დასძენს ჯოშუა კუცერა. 

სხვა თემები