17 აგვისტო 2022 - 13:34

როგორ ცხოვრობენ უცხოეთში საკუთარი ქვეყნიდან განდევნილი ყოფილი ლიდერები?

გოტაბაია რაჯაპაქსა

გოტაბაია რაჯაპაქსა

ფოტო: REUTERS

შრი-ლანკამ ახალი პრეზიდენტი აირჩია, მაგრამ რა ბედი ეწევა მის წინამორბედს გოტაბაია რაჯაპაქსას? ის მალდივის კუნძულებზე 13 ივლისს გაიქცა, შემდეგ კი გაფრინდა სინგაპურში, სადაც გადადგომის შესახებ განაცხადა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა რაჯაპაქსა მალდივებზე. სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ქვეყანაში ხანმოკლე "პირადი ვიზიტის ფარგლებში" იმყოფებოდა. შრი-ლანკის მინისტრთა კაბინეტის სპიკერმა კი თქვა, რომ რაჯაპაქსა სამშობლოში დაბრუნდება.

თუმცა უფლებადამცველებმა სინგაპურის გენერალურ პროკურორს  მიმართეს და მოითხოვეს რაჯაპაქსას დაპატიმრება, რათა მან შრი-ლანკაზე გაჩაღებულ სამოქალაქო ომში „შეტანილი წვლილისთვის“ პასუხი აგოს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის, შესაძლოა, საუდის არაბეთში ან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავროს. აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორების - აბელ ესკრიბ-ფოლჩისა და დანიელ კრკმარიჩის ინფორმაციით, 1946-2012 წლებში 180-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური გახდა იძულებული, ქვეყანა დაეტოვებინა. რა ბედი ელის რაჯაპაქსას, თუ ისიც იძულებით ემიგრაციაში მყოფი ყოფილი ლიდერების გრძელ სიაში  აღმოჩნდება? BBC-მ რამდენიმე ისტორიული მაგალითი გაიხსენა.

დალაი ლამა, რომელიც 1959 წლიდან დღემდე საკუთარი ქვეყნიდან არის განდევნილი

ინდოეთის 1959 წლის გადაწყვეტილებამ, ჩინეთის მიერ ტიბეტის აჯანყების სასტიკი ჩახშობის შემდეგ დალაი ლამასთვის თავშესაფარი მიეცა, მსოფლიოს ორ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ სახელმწიფოს შორის გაჭიანურებული კონფლიქტი გამოიწვია. ინდოეთის მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ჯავაჰარლალ ნერუმ უგულებელყო თავისი ჩინელი კოლეგის - ჩჟოუ ენლაის მოწოდება, რომ ტიბეტის სულიერი ლიდერი ქვეყანაში არ შეეშვა. 

„დელის მიმართ პეკინის უნდობლობის საფუძველი რეალურად არის ბერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინდოეთის საპატიო სტუმარი იყო. ნერუს მიერ ჩინელი კოლეგის თხოვნის იგნორირების გადაწყვეტილება საბედისწერო აღმოჩნდა, ბუდისტი ლიდერის მიღებამ კი ინდოეთსა და ჩინეთს შორის წარმოქმნა განხეთქილება, რომელიც დღემდე გრძელდება“, - ამბობს ინდოელი პოლიტოლოგი მადჰავ ნალაპატი.

აიათოლა ხომეინი (1964 - 1979) და ირანის შაჰი (1979 - 1980)

რუჰოლა ხომეინი იყო ირანის წამყვანი რელიგიური სწავლული, რომელიც შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლევის პროდასავლურ რეჟიმს ეწინააღმდეგებოდა. მან ამ პროცესში შექმნა ისლამური რესპუბლიკა. იდენტობასა და ქვეყნისთვის ორიენტაციაზე განსხვავებული შეხედულების გამო ორივე მათგანი ემიგრაციაში  აღმოჩნდა. ის სირთულეები, რომლებსაც შაჰი უსაფრთხო თავშესაფრის ძიების პროცესში წააწყდა, შეიძლება ერთგვარი გაფრთხილება აღმოჩნდეს უცხოეთში თავშესაფრის მაძიებელი სხვა პოლიტიკოსებისთვისაც. 

1964 წელს, არსებული რეჟიმის აშკარა და სასტიკი მოწინააღმდეგე ხომეინი ქვეყნიდან გააძევეს. ის ჯერ თურქეთში წავიდა, შემდეგ - ერაყში და ბოლოს - საფრანგეთში, საიდანაც თავის მომხრეებს შაჰის ჩამოგდებისკენ მოუწოდებდა. პარალელურად, ფეჰლევი ირანში პოპულარობას კარგავდა. არეულობა იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით - იმართებოდა დემონსტრაციები და ეწყობოდა გაფიცვები. 1979 წლის იანვარში შაჰის მთავრობა დაემხო. შესაბამისად, ის და მისი ოჯახი ქვეყნიდან გაიქცნენ. 

1979 წლის 1 თებერვალს, ხომეინი ირანში ტრიუმფით დაბრუნდა. ჟურნალისტებმა, რომლებიც მასთან ერთად მიფრინავდნენ (მათ შორის იყო BBC-ის კორესპონდენტი ჯონ სიმპსონი), მოგვიანებით განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების რეალური საფრთხე არსებობდა. ამის შემდეგ ჩატარდა ეროვნული რეფერენდუმი, რომელშიც ხომეინმა დიდი გამარჯვება მოიპოვა. ის სიცოცხლის ბოლომდე ირანის პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერად დაინიშნა.

შაჰი და მისი მეუღლე თავდაპირველად ეგვიპტეში გაფრინდნენ. მაშინ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ შაჰი "შვებულებაში" და სამკურნალოდ წავიდა. ამის შემდეგ ის ცხოვრობდა მაროკოში, ბაჰამის კუნძულებზე, მექსიკაში, შეერთებულ შტატებსა და პანამაში.   1980 წლის 27 ივლისს კი ირანის შაჰი ფეჰლევი კაიროში, კიბოთი გარდაიცვალა. იმ ფაქტმა, რომ ირანის ჩამოგდებული მონარქი სამკურნალოდ აშშ-ში იმყოფებოდა, თეირანში გამოიწვია აშშ-ის საელჩოს შტურმი და მძევლების კრიზისი, რომლის დროსაც ირანელებს ამერიკელი დიპლომატები 400 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ. აიათოლა ხომეინი კი უზენაესი ლიდერის რანგში ირანს სიკვდილამდე -  1989 წლის 4 ივნისამდე მართავდა. 

იდი ამინ დადა (1979-1993)

იდი ამინი იყო სამხედრო ლიდერი, რომელმაც 1971 წელს უგანდაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში სასტიკი დიქტატურა დაამყარა. მისი მმართველობა მასობრივი მკვლელობებითა და ქვეყნიდან აზიური წარმომავლობის მოსახლეობის სრული განდევნით გამოირჩეოდა. 1979 წელს ამინის დიქტატურა ტანზანიის ჯარების მხარდაჭერით დაემხო. თუმცა ასეთმა მმართველმაც კი მოახერხა ეპოვა სხვა ქვეყნისკენ მიმავალი გზა. "დიქტატორები ყველაზე ხშირად გარბიან ქვეყნებში, რომლებთანაც მათ აქვთ ღრმა ისტორიული, პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური კავშირები," - განმარტავს პროფესორი ესკრიბა-ფოლჩი. სწორედ ამიტომ შეიფარა საუდის არაბეთმა მუსლიმი ლიდერი მიუხედავად იმისა, რომ ის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 400 000-მდე უგანდელის დახოცვაში იყო ბრალდებული. უფრო მეტიც, აფრიკის ყოფილი ლიდერი საუდის არაბეთში ფუფუნებაში ცხოვრობდა. 

ისაბელ პერონი (1981 წლიდან დღემდე)

არგენტინელი ისაბელ პერონი იყო მსოფლიოში პირველი ქალი პრეზიდენტი, მაგრამ 1981 წლიდან ის ესპანეთში, იზოლირებული ცხოვრების წესით ცხოვრობს. ის არგენტინის პრეზიდენტი 1974 წელს, მეუღლის - ხუან დომინგო პერონის გარდაცვალების შემდეგ  გახდა. ამ უკანასკნელს ეს პოსტი სამჯერ ეკავა. ისაბელი ხუანის მესამე ცოლი იყო. ისინი ევა პერონის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაქორწინდნენ. 

მისი პრეზიდენტობა მრავალი გაფიცვითა და ასობით პოლიტიკური მკვლელობით გამოირჩეოდა. 1976 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ისაბელ პერონს პრეზიდენტის პოსტი დაატოვებინეს და რამდენიმე წელი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ის საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. 2007 წელს არგენტინამ მემარჯვენე გასამხედროებულ ჯგუფთან სავარაუდო კავშირისა და ორი ადამიანის გაუჩინარების გამო ისაბელ პერონის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გამოსცა. ესპანეთმა მისი ექსტრადიციის მოთხოვნა უარყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ პერონის წინააღმდეგ არასაკმარისი მტკიცებულება იყო. 

და რა ხდება, როდესაც ერთადერთი გამოსავალი დარჩენაა

პროფესორი ესკრიბა - ფოლჩი აღნიშნავს, რომ დამხობილი ლიდერები, რომლებიც უსაფრთხო თავშესაფარს ვერ პოულობენ, ძალაუფლებას ნებისმიერ ფასად ეჯაჭვებიან. მას მაგალითად ლიბიის ყოფილი პრეზიდენტი მუამარ კადაფი მოჰყავს. 2011 წელს, ლიბიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ტრიპოლის დაცემის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ სცადა ძლიერი ზეწოლა კადაფზე - მოსთხოვა, ქვეყანა დაეტოვებინა და ამგვარად საბრძოლო მოქმედებებიც დაესრულებინა.

ამის ნაცვლად, ლიბიის დიქტატორი თვეების განმავლობაში იმალებოდა და საბოლოოდ, ბრბომ მის მშობლიურ ქალაქ სირტეში მოკლა. ”მან ემიგრაციაში წასვლას სიკვდილამდე ბრძოლა არჩია. თუმცა ზოგიერთი ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება, სხვა მიზეზებთან ერთად, ეფუძნებოდა იმას, რომ მან ვერ შეძლო ეპოვა ქვეყანა, რომელსაც სურდა და შეეძლო მისთვის გრძელვადიანი უსაფრთხო თავშესაფრის მიცემა”, - წერდნენ ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევრები 2017 წელს.

სხვა თემები