15 აგვისტო 2022 - 10:54

როგორ ხდება მარცვლეულის ექსპორტი რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში?

ფოტო: shutterstock.com

აგვისტოში, შავი ზღვის გავლით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი აღდგა. თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი საომარი მოქმედებების ფონზე, Deutsche Welle-მ გაარკვია.       

რა როლს ასრულებს უკრაინა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაში?

უკრაინა მთელ მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწარმოებელია. ძირითადად, ქვეყანაში მოჰყავთ და ექსპორტზე გააქვთ ხორბალი, სიმინდი და ქერი. ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინაზე მოდის ხორბლის მსოფლიო ბაზრის 10%-ი, სიმინდის 15%-ი და ქერის 13%-ი. მზესუმზირის ზეთის ბაზარზეც ის ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს. უკრაინულ მზესუმზირის ზეთზე მოდის მსოფლიო ბაზრის 50%-ზე მეტი. 

სიმინდი და ხორბალი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული მარცვლეული კულტურებია. თუ მათ ექსპორტიორ ქვეყნებში უკრაინა აღარ იქნება, ამან შეიძლება გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე სერიოზული გავლენა იქონიოს. 

ვინ არის ხორბლის, სიმინდისა და ქერის ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში?

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021-2022 წლებში ხორბლის წარმოების მიმართულებით, უკრაინა მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებდა. მისმა მაჩვენებელმა 33 მილიონი ტონა შეადგინა. უკრაინას უსწრებდნენ ავსტრალია, აშშ, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი. პირველ ადგილზე კი იყო ევროკავშირი, თუ გავითვალისწინებთ ხორბლის მთლიან წარმოებას მის ყველა წევრ ქვეყანაში. 

სიმინდის წარმოების მხრივ, უკრაინა მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. 2021 წლის შუა პერიოდიდან 2022 წლის ამავე პერიოდამდე, სიმინდის მეტი მოსავალი მიიღეს არგენტინაში, ევროკავშირში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში. ქერის წარმოებით კი უკრაინა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. მას ამ მიმართულებით უსწრებენ მხოლოდ ავსტრალია, რუსეთი და ევროკავშირი, რომელიც ქერის წარმოებით პირველ ადგილზეა. 

ვინ ყიდულობს უკრაინისგან მარცვლეულს?

ეკონომიკური მონაცემების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორები იყვნენ:  ეგვიპტე (5,2 მილიარდი აშშ დოლარი), ჩინეთი (3,47 მილიარდი აშშ დოლარი), თურქეთი (2,44 მილიარდი აშშ დოლარი), ნიგერია (2,15 მილიარდი აშშ დოლარი) და ინდონეზია (2,08 მილიარდი აშშ დოლარი). კონკრეტულად უკრაინისგან ხორბლის ყველაზე დიდი რაოდენობა ეგვიპტემ შეიძინა.

2018 წელს სიმინდის მთავარი იმპორტიორები იყვნენ: მექსიკა (3,14 მილიარდი აშშ დოლარი), იაპონია (2,94 აშშ მილიარდი დოლარი), სამხრეთ კორეა (1,92 მილიარდი აშშ დოლარი), ვიეტნამი (1,85 მილიარდი აშშ დოლარი) და ესპანეთი (1,72 მილიარდი აშშ დოლარი). უფრო ახალი ინფორმაცია ეკონომიკური მონაცემების მონიტორინგის ცენტრში ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. უკრაინისგან სიმინდის ძირითადი მყიდველები იყვნენ ნიდერლანდები, ესპანეთი და ჩინეთი. 

2020 წელს ქერის შემსყიდველი ქვეყნები იყვნენ: ჩინეთი (1,77 მილიარდი აშშ დოლარი), საუდის არაბეთი (1,38 მილიარდი აშშ დოლარი), ნიდერლანდები (512 მილიონი აშშ დოლარი), ბელგია (369 მილიონი აშშ დოლარი) და გერმანია (307 მილიონი აშშ დოლარი). უკრაინული ქერის ყველაზე დიდი მომხმარებელი კი ჩინეთი იყო. 

როგორ აისახება რუსეთ-უკრაინის ომი მსოფლიო მარცვლეულის ბაზარზე?


რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადის გამო, მარცვლეულის მიწოდება შეწყდა. ამან კი მთელ მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შიში გააჩინა და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მაისის შუა რიცხვებისთვის, ხორბლისა და სიმინდის საექსპორტო ფასმა აქამდე უპრეცედენტო დონეს მიაღწია. გაეროს ცნობით, ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფის მდგომარეობა COVID-19-ის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაუარესდა. 

თუმცა მას შემდეგ მარცვლეულის ბაზარი დასტაბილურდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის მიუხედავად, მსოფლიო მარცვლეულის მოსავალი წელს, სავარაუდოდ, შარშანდელთან შედარებით, მხოლოდ ოდნავ ნაკლები იქნება. იმ პერსპექტივამ კი, რომელიც კიევსა და მოსკოვს შორის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების შემდეგ წარმოიქმნა,  უწყვეტი და სისტემატური ექსპორტის იმედიც გააჩინა.  

რას ნიშნავს უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული "მარცვლეულის შეთანხმება"?


22 ივლისს სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის პორტების ბლოკადის დასრულება და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენა იყო. ამ შეთანხმების მიხედვით, 20-25 მილიონი ტონა მარცვლეული, რომელიც ამჟამად უკრაინაშია ბლოკირებული, საბოლოოდ შეიძლება ექსპორტზე გავიდეს. კერძოდ, ეს შეთანხმება უკრაინის სანაპიროდან ბოსფორამდე, შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნების შექმნას ითვალისწინებს. შესაბამისად, ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე გემებსა და პორტებზე თავდასხმა აკრძალულია. მარცვლეულის ექსპორტზე მონიტორინგს სტამბოლის საკოორდინაციო ცენტრში ახორციელებენ. მასში, გაეროს მეთვალყურეობით, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ექსპორტი ხორციელდება უკრაინის სამი პორტიდან - ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და იუჟნიდან. 

1 აგვისტოს, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესა დატოვა, ორი დღის შემდეგ ის სტამბოლში შეამოწმეს და ლიბანისკენ  აიღო გეზი. 5 აგვისტოს, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ სამი უკრაინული გემი გავიდა შავ ზღვაში. საერთო ჯამში, ეს გემები 58 ათას ტონაზე მეტი სიმინდით არის დატვირთული.

სხვა თემები