02 სექტემბერი 2022 - 21:28

დასრულდა თუ არა ეპოქა? 60 წლის განმავლობაში პირველად, კუბა თავის სავაჭრო სექტორში უცხოელ ინვესტორებს შეუშვებს

ფოტო: Twitter

60 წლის განმავლობაში პირველად, კუბა უცხოელ ინვესტორებს ქვეყნის საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში შეუშვებს. მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც პანდემიითა და აშშ-ის სანქციებით იყო გამოწვეული, აიძულა მთავრობა,  ფიდელ კასტროს მემკვიდრეობაზე (1960-იან წლებში კუბის ეკონომიკის ნაციონალიზაცია) ნაწილობრივ მაინც უარი ეთქვა. თუმცა ეკონომისტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი და თვლიან, რომ ეს არის ღონისძიება, რომელიც სიტუაციას ვერ შეცვლის. აღნიშნული ინიციატივების მოლოდინები და გამოწვევები BBC-მ გაარკვია.

რა ხდება?

კუბის ხელისუფლება საშუალებას მისცემს უცხოელებს, საბითუმო კომპანიებს სრულად ფლობდნენ ან ბაზარზე კუბელებთან ერთობლივი საწარმოების მეშვეობით  შევიდნენ. თუმცა საცალო ვაჭრობაში ინვესტორებს ნაკლები შესაძლებლობები ექნებათ, რადგან სახელმწიფო ამ სექტორში დომინანტობის შენარჩუნებას აპირებს. აღნიშნული რეფორმები ასევე საშუალებას მისცემს უცხოურ ორგანიზაციებს, ინვესტიციები განახორციელონ სასაწყობო და ლოგისტიკურ კომპანიებში, რომლებიც საცალო სექტორს ამარაგებენ. ამასთანავე, მთავრობა აცხადებს, რომ ინვესტორები შეირჩევიან იმის მიხედვით, დაეხმარება თუ არა მათი ფული და შრომა ქვეყანას „სოციალისტური მიზნების“ მიღწევასა და არსებული ფასების შემცირებაში. 

გაზეთი Miami Herald-ი კუბის საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ანა ტერეზა გონსალეს ფრაგას ციტირებს, რომ კუბის მთავრობამ გადაწყვიტა ეს ნაბიჯი  გადაედგა, რათა ადგილობრივი ინდუსტრია გადარჩეს და მაღაზიებში სურსათისა თუ სხვა პირველადი დანიშნულების პროდუქციის ხელმისაწვდომობა სწრაფად გაიზარდოს. ”ჩვენ გვინდა, რომ ამ ზომებმა დეფიციტი დაუყოვნებლივ შეამციროს და თაროებზე საკვები გამოჩნდეს,”- განაცხადა გონსალეს ფრაგამ. 

თავის მხრივ, შიდა ვაჭრობის მინისტრმა, ბეტსი დიას ველასკესმა კი პირობა დადო, რომ მთავრობა პრიორიტეტს მიანიჭებს იმ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც კუბაზე და მეგობარ ქვეყნებში უკვე იმყოფებიან. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი პრიორიტეტს მიანიჭებენ გარიგებებს იმ კომპანიებთან, რომლებიც სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობაზე არიან ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს შიდა წარმოების გაძლიერებას.

რა სიტუაციაა კუბაზე?

ქვეყანა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. პანდემიის წლებმა ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიები, პრაქტიკულად, გაანადგურა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა სანქციებმა კი საბიუჯეტო შემოსავლების შესაძლო წყაროების რაოდენობა და სუბსიდიები მეგობარი ქვეყნებიდან (მაგალითად, ვენესუელა) კიდევ უფრო შეამცირა. 

მიმდინარე წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები შეამსუბუქა, მაგრამ ეკონომიკას დრო დასჭირდება, რათა ამის შედეგი იგრძნოს. ქვეყანაში სურსათის მხრივ იმდენად ცუდი მდგომარეობაა, რომ სახელმწიფო იძულებულია, დააწესოს ნორმირება არა მხოლოდ ერთ დღეზე, არამედ კვირის დღეებზეც, როდესაც მოქალაქაეებს შეუძლიათ მაღაზიაში წავიდნენ და რამე იყიდონ. თუმცა ასეთი რაციონირების პირობებშიც კი ადამიანებს უწევთ რიგში დგომა საათობით, დღეობით თუ არა და ყველასთვის საკმარისი საკვები მაინც არ არის. 

თუმცა პრობლემები მხოლოდ საკვებთან დაკავშირებით არ არის - კუბაზე წამლებისა და საწვავის დეფიციტიც არის. პირველადი საჭიროების ნივთების მოძიება  შავ ბაზარზე ხდება, ფასები კი 70%-ით მომატებულია.

როგორ აფასებენ შექმნილ სიტუაციას ეკონომისტები და ინვესტორები?

როგორც Deutsche Welle კუბელ ეკონომისტ მაურიციო მირანდა პარონდოს ციტირებს, შიდა ბაზარზე სამომხმარებლო საქონლის დეფიციტის მთავარი მიზეზი სწორედ საგარეო და საცალო ვაჭრობაზე სახელმწიფო მონოპოლია გახდა. ფიდელ კასტრომ, რომელიც ხელისუფლებაში 1959 წლის რევოლუციის შემდეგ  მოვიდა, 1960 წელს საცალო და საბითუმო კომპანიების ნაციონალიზაცია მოახდინა და 1968 წელს ყველა დარჩენილი მცირე კერძო ბიზნესი დახურა. 

BBC-ის კორესპონდენტი ცენტრალურ ამერიკასა და კუბაზე - უილ გრანტი ამბობს, რომ დღევანდელ მთავრობაში მყოფი ფიდელ კასტროს რადიკალური მიმდევრები უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკის გახსნას ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა მისივე განმარტებით, იმან, რასაც ახლა კუბის ხელისუფლება აპირებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს. ჟურნალისტის თქმით, კუბის ეკონომიკა, რომელსაც სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს, უცხოელი ინვესტორების უმეტესობისთვის მიმზიდველი სულაც არ არის. ”ეს არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მაგრამ - ძალიან მცირე და ძალიან დაგვიანებული,” - განუცხადა კუბელმა ეკონომისტმა ომარ ევერლენიმ სააგენტო „Reuters”-ს. მან განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ბიუროკრატიითა და ბევრი სამთავრობო შეზღუდვით არის გაჟღენთილი.

ეკონომისტები ასევე ვარაუდობენ, რომ ერთობლივი საწარმოები უცხოელებთან MLC-ში ივაჭრებენ. ეს არის ვალუტა, რომელიც მისი მაღალი ღირებულების გამო, კუბელთა უმეტესობისთვის მიუწვდომელია. სახელმწიფო მინიმალური თვიური პენსია დაახლოებით 1,5 ათასი კუბური პესოა, ხოლო ერთი MLC-ს ამჟამინდელი ღირებულება 130 პესოა. თავად ინვესტორებმა, ანონიმურობის დაცვით, Reuters-ს  განუცხადეს, რომ ისინი კუბის მთავრობას არ ენდობიან და დიდი სიფრთხილით უდგებიან რეჟიმის გულუხვობას, რომელთანაც თანამშრომლობამ შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს.

სხვა თემები