19 სექტემბერი 2022 - 11:33

რატომ არ უნდა მიიღოთ არასდროს ანტიბიოტიკები „ყოველი შემთხვევისთვის“

ფოტო: shutterstock.com

ექსპერტების შეფასებით, 2019 წელს ბაქტერიული ინფექციებით, რომელთაც ანტიბიოტიკები ვერ უმკლავდებოდნენ, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ბაქტერია პრეპარატისადმი რეზისტენტობას გამოიმუშავებს, მედიკამენტის არამიზნობრივი გამოყენებაა. 

ანტიბიოტიკები პროფილაქტიკის მიზნით არ მიიღოთ (გამონაკლისი იშვიათია)

არსებობს არც თუ ისე ბევრი სიტუაცია, როდესაც პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკების მიღება დაშვებულია. მაგალითად: 

  • ქირურგიული ჩარევის წინ (არა ყველა შემთხვევაში);
  • თუ თქვენ საშიში ბაქტერიული ინფექციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ ხართ (მაგალითად, თუ ადამიანს, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ, მენინგოკოკური ინფექცია აქვს);
  • თუ ცხოველმა გიკბინათ (არა ყველა შემთხვევაში);
  • გარკვეული სერიოზული დაავადების დროს, რომელიც იმუნურ სისტემაზე გავლენას ახდენს. ამასთანავე, მკურნალობის ზოგიერთი ტიპი, რომელიც ამავე შედეგს იწვევს. მაგალითად, ეს ეხება აივ ინფექციას, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასა (ლეიკემიის სამკურნალოდ)  და სხვა;
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების იშვიათ მძიმე შემთხვევებში, რათა გამწვავება თავიდან იყოს აცილებული.

სხვა შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში, პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკების გამოყენება არაგონივრული და სახიფათოა. ყოველ მეათე ადამიანში ანტიბიოტიკებმა შეიძლება სხვადასხვა არასასურველი რეაქცია გამოიწვიოს. მაგალითად, ამ კატეგორიის მედიკამენტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, ალერგიული რეაქცია ანაფილაქსიურ შოკამდეც კი (ყველაზე ხშირად - პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების ჯგუფი), კანის მგრძნობელობა ულტრაიისფერი სხივების მიმართ (ტეტრაციკლინების ჯგუფი) და გულის პრობლემები (ფტორქინოლონების ჯგუფი).

გარდა ამისა, ანტიბიოტიკების ნებისმიერი გამოყენება ხელს უწყობს მათდამი რეზისტენტული ბაქტერიების განვითარებას. ამან კი შეიძლება შემდგომში გამოიწვიოს ინფექცია, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობას აღარ ექვემდებარება. უფრო მეტიც, მათ ასევე შეუძლიათ ზოგიერთი გენი სხვა ბაქტერიებს გადასცენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ხანდახან ეხმარებიან სხვა ბაქტერიებსაც, რათა ისინი ანტიბიოტიკების მიმართ უფრო რეზისტენტული გახდნენ. ამიტომაც პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკების მისაღებად, ძალიან მყარად არგუმენტირებული მიზეზია საჭირო. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ისევე როგორც მსუბუქად ან ზომიერად მიმდინარე COVID-19, ეს შემთხვევა სულაც არ არის. 

მიმართეთ ექიმს, რათა გაიგოთ, რა სახის ინფექცია გაქვთ (მაგრამ არა ნებისმიერი ხველების დროს)

ჩვეულებრივ, როდესაც ადამიანები ანტიბიოტიკებზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ იმ წამლებს, რომლებიც მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციებზე მოქმედებს და არა -  ვირუსულ ან სოკოვან ინფექციებზე. ისინი თავისთავად არ ამცირებენ ტკივილსა და ტემპერატურას, არ აქრობენ ანთებას. ანტიბიოტიკები მოქმედებენ ბაქტერიებზე, აფერხებენ მათ ზრდას ან გამრავლებას. უფრო მეტიც, ზოგიერთი ანტიბიოტიკის სამიზნე კონკრეტული ბაქტერიაა და შესაბამისად, ის თეორიულადაც კი ვერ უმკლავდება სხვებს. როდესაც "დამნაშავე" ბაქტერია განადგურდება, ანთებისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი (ტემპერატურა, ტკივილი, სიწითლე, ჩირქოვანი გამონადენი და სხვ.), როგორც წესი, ქრება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, თავიდანვე გაიგოთ, რა სახის ინფექცია გაქვთ და სავსებით მოსალოდნელია, რომ ის საერთოდ არ იყოს ბაქტერიული. უფრო მეტიც, შესაძლოა, საქმე საერთოდ არ გვაქვს ინფექციასთან და ეს არის მტვრის ალერგია (ის მწვავე რესპირატორულ სინდრომში ძალიან ხშირად ერევათ). 

კომპეტენტური ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკებს ნუ მიიღებთ

პირველ რიგში, ანტიბიოტიკები ზემოთ ხსენებულ არასასურველ რეაქციებსა და წამლისადმი მდგრადი ბაქტერიების განვითარებას იწვევს. თუ თვითმკურნალობის პროცესში თქვენთვის დამახასიათებელ უკუჩვენებებს არ გაითვალისწინებთ, რისკები რამდენჯერმე იზრდება. მეორე მხრივ, თუ ინფექცია არ ჩაცხრება და თქვენ ექიმთან ვიზიტი მაინც მოგიწევთ, მაშინ სავარაუდოა, რომ გამოკვლევები, რომლებიც პათოგენის ტიპის დასადგენად და მიზნობრივი თერაპიის დასანიშნად არის საჭირო, სრულად უშედეგო იქნება. აქედან გამომდინარე, ანტიბიოტიკები ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სარგებელი შესაძლო რისკს აღემატება და პრეპარატი რამდენიმე პარამეტრის მიხედვით  შეირჩევა. ამასთანავე, ანტიბიოტიკები უნდა მიიღოთ იმ ფორმით (შინაგანი მიღებისთვის - აბი, კაფსულა, სუსპენზია და ადგილობრივი გამოყენებისთვის - კრემი, ლოსიონი) და იმდენ ხანს, როგორც ეს კომპეტენტურმა სპეციალისტმა საჭიროდ ჩათვალა.

დაიწყეთ პრობიოტიკების კურსი (ყველა არ გამოდგება). თუმცა ეს აუცილებელი არ არის

პრობიოტიკები არის მიკროორგანიზმები, რომლებიც სასარგებლოდ ითვლება იმ ორგანიზმისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. პრობიოტიკები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს და ეს მათ კვლევას ართულებს. შესაბამისად, პრობიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით, საკმარისად სანდო რეკომენდაციები ჯერ-ჯერობით არ არსებობს. თუმცა ზოგიერთი სამედიცინო ორგანიზაცია პოულობს მიზეზებს, რომ რეკომენდაცია გაუწიოს გარკვეული კატეგორიის პრობიოტიკებს იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ანტიბიოტიკებს იღებს. უპირველეს ყოვლისა, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ განვითარდეს დიარეა, რაც ანტიბიოტიკების კურსის პროცესში ხშირად ხდება.

სხვა თემები