19 სექტემბერი 2022 - 11:05

რთულ მომენტებში უფროსები ჯავრს ბავშვებზე იყრიან. როგორ და რატომ არ უნდა მოვიქცეთ ასე? ინსტრუქცია

ფოტო: shutterstock.com

კოვიდ-პანდემიისა და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და შესაბამისად, ოჯახური ატმოსფეროც მკვეთრად შეიცვალა. არასტაბილური საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო ადამიანის შინაგან ემოციურ მდგომარეობაზე თავისებურ გავლენას ახდენს. სტრესულ სიტუაციებში ხშირია ჯავრის ამოყრა ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით კი- ბავშვებზე. 

ფსიქოლოგების განმარტებით, ბრაზი ჩვენი ემოციური კომპასის განუყოფელი ნაწილია, რომელიც რთული ცხოვრებისეული ეპიზოდების გადალახვაში გვეხმარება. თუმცა მისი ნებისმიერი გარეგანი გამოვლინება სხვა ადამიანზე ემოციური ძალადობაა და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხშირად ხდება ეს. ამასთანავე, ბავშვისთვის დაყვირება ნორმალური მოვლენა სულაც არ არის. ამან შეიძლება მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც მსოფლიოში ყოველი მეშვიდე ბავშვი ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგას. ამიტომაც მშობლებმა მკაცრი ტონისა და ემოციური აფეთქების ერთმანეთისგან გარჩევა უნდა ისწავლონ.  

თუ გსურთ გაიგოთ, გაქვთ თუ არა თქვენ (და თქვენს შვილებს) პრობლემები, მარტივ შეკითხვებს უპასუხეთ

იმისათვის, რომ გაიგოთ, გამოხვედით თუ არა მდგომარეობიდან, საკუთარ თავს რამდენიმე მარტივი კითხვა დაუსვით:


•    შეინარჩუნეთ კონტროლი საკუთარ თავზე?
•    განსხვავდებოდა თუ არა თქვენი შვილისკენ მიმარული სიტყვები და ქმედებები იმისგან, რასაც აკეთებთ ჩვეულებრივ, როცა მშვიდად ხართ?
•    ემოციური აფეთქების შემდეგ გაგიჩნდათ ისეთი ფიქრები, რომ თითქოს ეს ყველაფერი თქვენ არ გადაგხდენიათ თავს? მაგალითად: "ეს თითქოს მე არ ვიყავი, ამას ვერასდროს გავაკეთებდი."


თუ პირველ კითხვას უარყოფითი პასუხი გაეცით,მეორესა და მესამეს კი- დადებითი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ, სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ემოციური ძალადობის პრობლემა გაქვთ.

ირგვლივ მიმდინარე რთული მოვლენები წონასწორობას გაკარგვინებთ? ეს სავსებით ნორმალურია!

ბოლო პერიოდში მომატებული სტრესის გამო, თქვენ შეიძლება შეამჩნიეთ, რომ სიტუაციებს, რომელთა დროსაც ადრე სიმშვიდის შენარჩუნება შეგეძლოთ, ახლა უფრო მწვავედ აღიქვამთ. მაგალითად, მეცადინეობის გაჭიანურებულმა პროცესმა ან მიმოფანტულმა სათამაშოებმა, შესაძლოა, წონასწორობა დაგაკარგვინოთ. თუკი ადრე, სიბრაზის შეგრძნებისას შეგეძლოთ, გასულიყავით ოთახიდან და ბრაზის მიზეზი გაგეანალიზებინათ,  ახლა ეგრევე ყვირილს იწყებთ. 

ეს ცვლილებები ხდება იმის გამო, რომ სტრესის დონე გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ უმკლავდება ადამიანი თავის ემოციებს. ჩვეულებრივი ემოციური დატვირთვის დროს მოქმედებს ზრდასრული მექანიზმი, რომელიც საკუთარი ემოციების ამოცნობასა და მათი მიზეზების ძიებას გულისხმობს. სტრესულ სიტუაციაში კი დესტრუქციული მექანიზმი აქტიურდება. თუ მშვიდ მდგომარეობაში შეგვიძლია ვიფიქროთ სიტუაციაზე და არ ვიმოქმედოთ იმპულსურად, სტრესის დროს განსხვავებულად ვრეაგირებთ, რადგან ყველაფრისთვის საკმარისი რესურსი არ გაგვაჩნია - განმარტავენ ფსიქოლოგები.

როცა გაბრაზებული ხართ, ეცადეთ, მარტო დარჩეთ!

თუ გრძნობთ, რომ უნდა იფეთქოთ, უმჯობესია, დატოვოთ ოთახი, სადაც ბავშვი იმყოფება და საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ ძლიერი ემოცია, რომელიც შეგიძლიათ 10-ბალიანი სისტემით  შეაფასოთ, 7-6-მდე შემცირდება. მარტო რომ დარჩებით, ეცადეთ, დამშვიდდეთ. ამის გაკეთების სხვადასხვა მეთოდი არსებობს: დათვალეთ ასამდე, გააკეთეთ სპეციალური სავარჯიშოები ან გადაწმინდეთ მტვერი - როგორღაც დაელოდეთ იმ მომენტს, როდესაც ემოციები გადაიტვირთება. 

ამის შემდეგ, ეცადეთ გაანალიზოთ თქვენი ქმედება და მისი გამომწვევი მიზეზი იპოვოთ. თქვენ გაბრაზებთ რომ თავად უნდა გარეცხოთ ჭურჭელი, რომელიც ბავშვმა გამოიყენა? გაცეცხლებთ ის ფაქტი, რომ მან თქვენი თხოვნა დააიგნორა და გეჩვენებათ, რომ მის აღზრდას არ უმკლავდებით? „ამ მომენტში გაჩერება საკმაოდ რთულია, მაგრამ - შესაძლებელი. არ არის საჭირო, თქვათ: „საზიზღარი ბავშვი ხარ! ისევ გააფუჭე ყველაფერი!“ გაცილებით ეფექტიანი და მართებულია, თქვენთვის ჩაილაპარაკოთ: „ძალიან ვბრაზდები, როდესაც ისევ არეულ ოთახს ვხედავ,“- გვირჩევენ ფსიქოლოგები.

თუ ბავშვს უყვირეთ, დანაშაული აღიარეთ და კონფლიქტზე ისაუბრეთ!

თუ თქვენს ემოციებს ვერ გაუმკლავდით და ბავშვს უყვირეთ, კონცენტრირდით სიტუაციის გამოსწორებაზე და ემოციური კონტაქტი არ დაკარგოთ. დანაშაულის შეგრძნება ხომ ძალიან დამთრგუნველია და მისგან გათავისუფლება  რაც შეიძლება სწრაფად გსურთ. 

ფსიქოლოგების განმარტებით, დანაშაულის შეგრძნებასთან  გამკლავების რამდენიმე მარტივი, მაგრამ დესტრუქციული გზა არსებობს - შეეცადეთ, მათ არ მიმართოთ. ეს არის მცდელობა, მოვლენის მნიშვნელობა დააკნინოთ ან უარყოთ, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა („უბრალოდ ვუყვირე, არა უშავს, დიდი არაფერი“), ასევე - მომხდარის თავად ბავშვისთვის დაბრალება („რა თქმა უნდა, გიყვირე. სამაგიეროდ, შემდეგ ჯერზე ტანსაცმელს მთელ ბინაში არ მიმოფანტავ!“)

სწორი გადაწყვეტილებაა, აღიაროთ დანაშაული და თქვენი ქმედების მნიშვნელობა არ დააკნინოთ. ამაზე აუცილებლად უნდა ესაუბროთ თქვენს შვილს და მას ბოდიში მოუხადოთ, რადგან კონფლიქტების მიჩუმათება და ტაბუდადებულ თემად ქცევა მართებული არ არის. ფსიქოლოგების რეკომენდაციაა, აუხსნათ თქვენს შვილს, რომ ხანდახან ზრდასრულებიც კარგავენ კონტროლს, მაგრამ თქვენ ის გიყვართ და ყოველთვის მის გვერდით ხართ. ასეთი საუბარი წყვეტს მშობლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას - ასწავლოს შვილს რეალურ სამყაროში ცხოვრება და აგრესიასთან შეხება. მის ცხოვრებაში ალბათ მაინც იქნება მომენტები, როცა მასწავლებლის, უფროსის ან თუნდაც მეგობრის აგრესიულ ქცევას წააწყდება. კარგია, თუ ბავშვი გაიაზრებს, რომ სხვების ასეთი საქციელი არ არის განპირობებული იმით, რომ ის „რაღაცნარია“. უფრო მეტიც, დედამ ან მასწავლებელმა იყვირა, რადგან ახლა რთული პერიოდი  აქვს, შესაბამისად, მისი ბრაზის მიზეზი საკუთარი უმწეობა და სირთულეებია. 

თუ პრობლემა მეორდება, დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართეთ (შესაძლოა, საქმე თქვენს წარსულშია)!

ბავშვებთან ურთიერთობის მიმართულებით ნებისმიერი სირთულის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ოჯახის ან ბავშვთა ფსიქოლოგს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, პირადი თერაპია მშობლებს სჭირდებათ. სპეციალისტს უნდა მიმართოთ, თუ თქვენი აგრესიული ქცევა დროდადრო მეორდება და თავს ვერ აკონტროლებთ. 

თქვენ ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება მიეწეროს დეპრესიას, აკვიატებულ აზრებს ან ქმედებებს. ბავშვთან კომუნიკაციის დროს, ზრდასრული შეიძლება საკუთარ ტრიგერს შეეჩეხოს და ამან ბავშვობის ტრავმული გამოცდილება გააცოცხლოს. „ზოგადი სტრესის ფონზე, ბავშვის ზოგიერთმა ქმედებამ შეიძლება წარსულში დაგვაბრუნოს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ბავშვობიდან მიღებული ტრავმული გამოცდილება, თუ როგორ გვექცეოდნენ ჩვენი მშობლები. ასევე შეიძლება შეგვშურდეს ჩვენივე შვილების, რომლებსაც აქვთ ის, რაც ჩვენ არ გვქონდა, ”- განმარტავენ ფსიქოლოგები.

სხვა თემები