26 აგვისტო 2022 - 13:34

BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს გადასცა. რას ნიშნავს ეს ყარაბაღელი სომხებისთვის?

ფოტო: VALERY SHARIFULIN/TASS

რუსმა სამშვიდობოებმა მთელი რეგიონისთვის საკვანძო მნიშვნელობის ექვსკილომეტრიანი მთის გზა - ლაჩინის დერეფანი, აზერბაიჯანს გადასცეს. სწორედ ეს გზა აკავშირებს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს.

ორი წელი „დერეფანში“

ყარაბაღის მეორე ომი 44 დღეს გაგრძელდა და 2020 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. სწორედ ამ დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა, ვლადიმერ პუტინის შუამავლობით, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ფაქტობრივად, ეს სომხეთის კაპიტულაცია იყო. ცეცხლის შეწყვეტისა და აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიების (რომელსაც სომხური ძალები 1994 წლიდან აკონტროლებდნენ) დაბრუნების გარდა, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით. სწორედ ეს უკანასკნელია სომხეთისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქ სტეფანაკერტისა(ხანკენდი) და სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა.

ყარაბაღის მეორე ომის შედეგად ლაჩინი (ყარაბაღის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე მდებარე პატარა ქალაქი, სადაც საბჭოთა პერიოდში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ცხოვრობდა) თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ აზერბაიჯანს დაუბრუნდა. ქალაქსაც და სომხეთიდან მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალ გზასაც რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ. მათ ჰქონდათ ხუთწლიანი მანდატი ვადის გახანგრძლივების პერსპექტივით. თავიდან ეს ადვილი არ იყო: მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ეს ტერიტორია აზერბაიჯანისაა, "გარდამავალ პერიოდში" ლაჩინში შესვლა შესაბამისი თანხმობის გარეშე მხოლოდ სომხური პასპორტის მფლობელებს  შეეძლოთ, აზერბაიჯანელ სამხედროებს კი დერეფნით სარგებლობის თითოეული შემთხვევა რუს სამშვიდობოებთან უნდა შეეთანხმებინათ.

მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის სიგრძის მქონე მთის გზაზე კონფლიქტები ხშირად ხდებოდა. ლაჩინის დერეფნის გავლისას აზერბაიჯანელები მანქანების ფანჯრებიდან ეროვნულ დროშებს ფენდნენ იმის სადემონსტრაციოდ, რომ ეს მათი ტერიტორიაა. ამის დანახვისას სომხებს საკუთარი რეაქცია ჰქონდათ: შუა თითს აჩვენებდნენ. დროთა განმავლობაში სიტუაცია დამშვიდდა: 2021 წლის შემოდგომაზე ლაჩინის დერეფანი კერძო მანქანებისთვის გაიხსნა. თუმცა ამ მონაკვეთში მოძრაობას სამშვიდობო ძალები  კვლავ მკაცრად აკონტროლებენ. 

სადავო გზა

ომის დასრულებიდან წელიწად-ნახევარი შეიძლება შეფასდეს, როგორც დრო მშვიდობისა და ომის გარეშე. სიტუაცია ლოკალურად რეგულარულად მწვავდებოდა და ესკალაცია ძირითადად ბრალდებოდა აზერბაიჯანს, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში კონფლიქტის ზონაში კიდევ ერთი დასახლება აიღო, თუმცა სიტუაცია მთიან ყარაბაღში ივლისის ბოლოს საგრძნობლად გაუარესდა. 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჯერ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანელები ე.წ. გამყოფი ხაზის გადაკვეთას ცდილობდნენ. შემდეგ რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანის მიერ „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის სამი შემთხვევის“ შესახებ ალაპარაკდნენ. მოგვიანებით კი, შეტაკებებში მხარეებმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს, სროლების შედეგად რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა. ზოგიერთმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაშინ აღნიშნა, რომ დაპირისპირების ახალი რაუნდი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ილჰამ ალიევს სურს აიძულოს ერევანი, სადავო საკითხები რაც შეიძლება მალე გადაჭრას. მან ამისთვის ხელსაყრელი დროც იპოვა: სანამ რუსეთი უკრაინის ომით არის დაკავებული და მთელი მსოფლიო მიმდინარე პროცესებს აკვირდება, აზერბაიჯანელებმა გადაწყვიტეს, უფრო აგრესიულად ემოქმედათ და სამშვიდობოები დაეიგნორებინათ.

მთავარი გადაუჭრელი საკითხი იყო სწორედ ლაჩინის დერეფანი, რომელზეც კონტროლის მოპოვება აზერბაიჯანს ძალიან უნდოდა. შეთანხმებების თანახმად, სომხეთსა და აზერბაიჯანს ლაჩინის გვერდის ავლით ახალი მარშრუტის გეგმა უნდა შეედგინათ. რუსი სამშვიდობოები კი სწორედ ამ ახალ გზაზე უნდა გადასულიყვნენ. ამისთვის დადგენილი იყო 3-წლიანი ვადა, რომელიც ჯერ არ გასულა. 

3 აგვისტოს, სიტუაციის ძლიერი გამწვავების შემდეგ, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ლაჩინის დერეფნის შესახებ ბაქოს მოთხოვნებს უკანონო უწოდა. ის ამტკიცებს, რომ სომხეთი ახალი გზის მშენებლობაზე რაიმე სახის გეგმას ჯერ არ დასთანხმებია. 

აზერბაიჯანი ამას დიდად არ შეუწუხებია: იმ დროისთვის ის უკვე ასრულებდა ახალი მარშრუტის თავის ნაწილს, რომელიც ლაჩინის რაიონისა და სომხეთის საზღვარზე  იწყება და შუშა- სტეფანაკერტის გზატკეცილს უერთდება. ახლა უკვე ბაქოში აცხადებენ, რომ გზა გამოსაყენებლად სრულად მზად არის. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ სომხეთი მთელი ამ ხნის განმავლობაში გეგმის დამტკიცებასა და გზის საკუთარი წილის მშენებლობას მიზანმიმართულად აჭიანურებდა. ერევანი ირწმუნებოდა, რომ 3-წლიანი ვადის გასვლა საჭირო იყო. თუმცა ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში სიტუაციის გამწვავების შემდეგ, პროცესი დაჩქარდა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა მოითხოვა 5 აგვისტომდე ლაჩინისა და სოფელ ზაბუხის (აგავნო) გათავისუფლება. ცოტა მოგვიანებით, ამ თარიღმა 25 აგვისტომდე გადაიწია. 

ხალხი გზის გასწვრივ

სომხები აგრძელებენ ცხოვრებას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც აზერბაიჯანს გადაეცა. ბევრი მათგანი საკუთარ ხელისუფლებასთან საცხოვრებლის შეცვლის შესახებ შეთანხმებას ვერ აღწევს. არაღიარებული რესპუბლიკა მათ დროებით თავშესაფარს ჰპირდება, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება. საცხოვრებლის დროებითი სტატუსი ბევრს არ აწყობს, სხვები კი აღშფოთებულნი არიან, რომ ყველა დაპირება მხოლოდ ლიტონი სიტყვებია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსახლეობა სულ გაურკვევლობაშია. ბევრმა არ იცის სად წავიდეს, არც ის - შეუძლია თუ არა დარჩენა და ასეც რომ იყოს, მომავალში რა ელის. აგვისტოს დასაწყისში, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ლაჩინისა და სოფლების - სუსისა და აგავნოს (ბაქოში მას ზაბუხს უწოდებენ) სომეხ მცხოვრებლებს გამოუცხადა, რომ 25 აგვისტომდე სახლები უნდა დაეცალათ. სწორედ ამის შემდეგ უნდა გადაეცეს ეს ტერიტორიები საბოლოოდ აზერბაიჯანს. 

სოფლების მცხოვრებთათვის ეს განცხადება დიდი მოულოდნელობა იყო. ყარაბაღის მეორე ომის დროს გაქცეული ბევრი ადამიანი საკუთარ სახლებში იმ იმედით დაბრუნდა, რომ მათ აქ ცხოვრების გაგრძელება შეეძლოთ. 6 აგვისტოს ჟურნალისტმა ლილიტ შაჰვერდიანმა ჯერ კიდევ მოქმედი ლაჩინის დერეფანი მანქანით გაიარა და ადგილობრივ მცხოვრებლებთან გასაუბრება მოახერხა. 

ჟურნალისტის თქმით, სოფელ აგავნოს მოსახლეობას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცემოდა, მაგრამ ნივთებს მაინც ალაგებდნენ. არა და, 2020 წლის ომის შემდეგ სოფელში სკოლა აღადგინეს: გარემონტდა შენობა, მოიხატა კედლები, განახლდა მერხები. სომხეთიდან ახალი მასწავლებლები ჩამოვიდნენ, ახლა კი მათ ამ ყველაფრის დატოვება მოუწევთ.

ხალხმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაიტანა და არასაჭირო ქაღალდები დაწვა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ წვავს ზოგიერთი მცხოვრები საკუთარ სახლს, რათა მათი ნაშრომი აზერბაიჯანელებს არ ერგოთ. არა და, არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ისინი გააფრთხილა, რომ ამ შემთხვევაში კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ. ლილიტ შაჰვერდიანმა BBC-ს განუცხადა, რომ აგავნოს მოსახლეობა ამ ყველაფერში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებას ადანაშაულებს. თუმცა ხალხს ისიც ესმის, რომ სავარაუდოდ, მათ აზერბაიჯანმა სხვა გზა არ დაუტოვა. 

„დაე, თვითონ ააშენონ“: სომხები ყარაბაღში სახლებს წვავენ

არაღიარებულმა მთიანი ყარაბაღის სახალხო რესპუბლიკამ იძულებით გადაადგილებულ პირებს ერთ ადამიანზე 40 ათასი დრამი (დაახლოებით, 99 დოლარი) და საცხოვრებლის საყიდლად ან იჯარით ასაღებად 10 მილიონი დრამის (დაახლოებით, 24 ათასი დოლარი) მოცულობის სერტიფიკატი შესთავაზა. ჟურნალისტის თქმით, ეს თანხა ბინის დასაქირავებლად საკმარისია, მაგრამ საცხოვრებელი ფართის საყიდლად - არა, მითუმეტეს, თუ საუბარია სომხეთზე. გარდა ამისა, ლაჩინის ყოფილ მცხოვრებლებს, რომლებმაც ასეთი სერტიფიკატები მიიღეს, პრობლემები შეექმნათ: სომხური ბანკები ამ დოკუმენტებს ეჭვის თვალით უყურებენ და ხშირად არც იღებენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ეს ნაკლებად აინტერესებს. „ქალაქ ლაჩინში, სოფლებში- ზაბუხსა და სუსში უკანონოდ ჩასახლებული ადამიანები უნდა გაიყვანონ. ეს ბუნებრივია. მათი იქ ყოფნა არსებითად ომის დანაშაულია, რადგან ეს ჟენევის კონვენციის წესებს ეწინააღმდეგება. ოკუპანტი ქვეყანა მიტაცებულ მიწებზე უკანონო დასახლებებს ვერ მოაწყობს“, - განაცხადა მან. ლაჩინის დერეფნის გადაცემის წინ გაჩნდა კითხვა: როგორ დაუკავშირდება არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სახალხო რესპუბლიკა სომხეთს, თუ ეს გზა აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა? რეგიონში ნამყოფი ლილიტ შაჰვერდიანი ამბობს, რომ ალტერნატიული გზა არსებობს. 

დერეფნის გადაცემამდე ცოტა ხნით ადრე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ამავე მარშრუტით სარგებლობის ინიციატივა გამოთქვა: ხალხს შეეძლება ისარგებლოს იმ გზით, რომელიც ახლანდელ აზერბაიჯანულ შუშასთან გადის და რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ იმყოფება. თუმცა პრობლემა ბოლომდე მაინც ვერ მოგვარდება: სომხეთსა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სახალხო რესპუბლიკას ელექტრობოძებისა და საკომუნიკაციო კაბელების გადატანა ახალ, დროებით დერეფანში მოუწევთ. ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი მთავარ პრობლემად რჩება გაზსადენი: ის ნაწილობრივ აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის და ეს პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა. 

სხვა თემები