02 სექტემბერი 2022 - 20:56

ზაპოროჟიეში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ჩავიდნენ. რას უნდა ველოდოთ მათგან?

ფოტო: REUTERS

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა ჯგუფი უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ჩავიდა, რომელიც მარტიდან რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. მას შემდეგ ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რაშიც ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ეს კი სადგურის უსაფრთხოებისა და ბირთვული კატასტროფის რისკებთან დაკავშირებით კითხვებს მთელ მსოფლიოში აჩენს. თუ რას უნდა ველოდოთ საერთაშორისო სპეციალისტებისგან, ეს BBC-მ გაარკვია.

რა ხდება?

"ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტი",- დაწერა რამდენიმე დღის წინ Twitter-ზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.

 საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, მიხეილ ულიანოვმა კი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ დელეგაციის წევრი რამდენიმე საერთაშორისო სპეციალისტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივ წარმომადგენლად დარჩება. მისი თქმით, აღნიშნულ მისიაში მონაწილეობს ბირთვული უსაფრთხოების ათამდე ექსპერტი და მათთან ერთად იმყოფება გაეროს თანამშრომელთა დიდი ჯგუფი, რომელიც ლოგისტიკასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. 

რუსეთის ჯარებმა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია მარტში დაიკავეს, მაგრამ ქარხანას კვლავ უკრაინელი პერსონალი მართავს. მათ რუსი სამხედროების მეთვალყურეობის ქვეშ უწევთ მუშაობა და თავს მძევლებად მიიჩნევენ.

ქარხნის ირგვლივ მიმდინარე საომარი მოქმედებები, რომლებიც მარტიდან გრძელდება, ამ ატომური ობიექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მთელ მსოფლიოს აშფოთებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებული ვითარებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის კომენტირებისას განაცხადა, რომ კიევი მათგან "ატომური უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევის ყველა ფაქტის შესახებ მკაფიო განცხადებას" მოელის: "ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ - მთელ მსოფლიოს, რომელსაც ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს!" (ციტატა ტელეგრამ - არხიდან "ენერგოატომი"). 

მანამდე კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპა  რადიაციული კატასტროფისგან "ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული", როდესაც სადგური უკრაინის ელექტროქსელიდან მცირე ხნით გაითიშა და მისი ელექტროენერგიით მომარაგებისთვის სარეზერვო გენერატორები ჩაირთო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხანძარმა გარე ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც მისი არსებობის ისტორიაში პირველად, სადგური გაითიშა. 

ორმხრივი ბრალდებები

ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეტაკებებში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში შეუძლებელია იმის შემოწმება, თუ ვინ არის მართალი. მანამდე კი უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღმვა და ოკუპანტების მიერ ამ ობიექტის დაბომბვა, რუსეთის მხრიდან ბირთვული ტერორიზმის ყველა ნიშანს ატარებს“. ვოლოდიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე პროვოცირებული კატასტროფა "არსებითად ბირთვული იარაღის გამოყენებას" ნიშნავს, მხოლოდ - ბირთვული დარტყმის გარეშე. 

მოსკოვი კი ამტკიცებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინული ჯარები ესხმიან თავს, რაც რუსებს ფორმალურ საფუძველს აძლევს, რომ თავიანთი სამხედროები და წარმომადგენლები ჰყავდეთ ადგილზე. მანამდე კრემლმა მიანიშნა, რომ კომპლექსის მონახულების საშუალებას მხოლოდ საერთაშორისო ინსპექტორებს მისცემს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში იმედოვნებენ, რომ სპეციალისტთა ჯგუფის ვიზიტი საშუალებას მისცემს მათ, შეამოწმონ რა ხდება რეალურად ატომურ ელექტროსადგურში. 

ოკუპირებულ რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ევგენი ბალიცკიმ „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო მისიის მისაღებად მზად არიან. „ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია და ჩვენი მხრიდან მათი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. მზად ვართ, მივცეთ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სრული წვდომა, რათა მათ შეძლონ სიტუაციის რეალური შეფასება... დარწმუნდნენ, რომ დაბომბვა უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხდება, რომ სადგურში არ არის განთავსებული იარაღი, მითუმეტეს - მძიმე. მთავარი საკითხი არის ის, რამდენად არის მზად უკრაინა მისიის წევრთა აქ ყოფნის განმავლობაში "სიჩუმის რეჟიმი" უზრუნველყოს,"- ამბობს ის. 

კიევში შიშობდნენ, რომ ზაპოროჟიეს ოლქში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციას ლეგიტიმაციას მიანიჭებდა. თუმცა საბოლოოდ, უკრაინული მხარე ინსპექტორთა ჯგუფის ვიზიტს მაინც დათანხმდა.

არც თუ ისე კარგი პერსპექტივები 

ექსპერტები თვლიან, რომ ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვაზე ბევრად უფრო შემაშფოთებელია სადგურის შესაძლო გამორთვა. რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განათავსა რამდენიმე სარაკეტო დანადგარი, ასევე - სხვა იარაღი და აღჭურვილობა. სადგურის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები კი დაბომბვისგან უკვე დაზიანდა და როგორც ექსპერტები განმარტავენ, ეს ბირთვული ავარიისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. 

ექსპერტების შეფასებით, თუ დარჩენილი ხაზებიც დაზიანდება, რეაქტორები სწრაფად დაიწყებენ გათბობას. ამ შემთხვევაში მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი არსებობს. პირველი - რუსები, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურს აკონტროლებენ, სადგურის სიმძლავრის საკუთარი ენერგეტიკული სისტემისკენ გადასროლას შეძლებენ ან მეორე - ბირთვული კატასტროფის საფრთხე სწრაფად გაიზრდება. თუ ელექტროგადამცემი ხაზები მთლიანად გაითიშება, რეაქტორების გაგრილება შეუძლებელი გახდება. ეს კი უკონტროლო ჯაჭვურ რეაქციასა და ბირთვულ კატასტროფას გამოიწვევს. 

აგვისტოს შუა რიცხვებში BBC-ის უკრაინული სამსახურის კორესპონდენტმა  ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე ერთ-ერთ ინჟინერთან საუბარი მოახერხა. მან რუსული მხრიდან სადგურის ობიექტების რეგულარულ დაბომბვაზე ისაუბრა. მისი თქმით, ისინი ისვრიან ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი სამრეწველო ადგილიდან, რომელიც ადრე ორთქლის გენერატორების დასაყენებლად გამოიყენებოდა. მან ბირთვული რეაქტორების სამანქანო დარბაზების დანაღმვის ფაქტიც დაადასტურა. 

18 აგვისტოს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა გაავრცელეს მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსების მიერ ატომური სადგურის დაკავებიდან „დარღვეულია მრავალი საკანონმდებლო ნორმა, პრინციპი და რეგულაცია, რომლებიც ატომის დამუშავების სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფას ითვალისწინებს“. ადგილზე მყოფ თანამშრომელა თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ რეგულარულად ესვრიან. 

"არა ჩერნობილი"

ბოლო დროს, ზაპოროჟიესა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებს ერთმანეთს ხშირად ადარებენ. თუმცა ორი ბრიტანელი მეცნიერი აღნიშნავს, რომ ასეთი შედარება მიზანშეწონილი სავსებით არ არის და ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დაბომბვით (რაც ნაკლებად სავარაუდოა) გამოწვეული ავარიის შედეგები, მასშტაბის თვალსაზრისით, იმდენად მნიშვნელოვანი არ იქნება.

”ეს არ არის ჩერნობილი. აქ არის სხვა ტიპის რეაქტორი და პოტენციური ავარიების ტიპიც განსხვავებულია,” - ამბობს პროფესორი მალკოლმ სპერინი. ის დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის ფონდში (რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის პატრონაჟის ქვეშ მყოფ საავადმყოფოებს  მოიცავს) სამედიცინო ფიზიკისა და კლინიკური ინჟინერიის ხელმძღვანელია. მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების დაცვის დონე საკმაოდ მაღალია, თუნდაც მისი მიმართულებით სროლები დაიწყოს. სხვა საქმეა რადიოაქტიური მასალები, რომლებიც საწყობებში, ლაბორატორიებსა და სხვა ადგილებში  ინახება. პოტენციურად, მათ შეუძლიათ ატმოსფეროში შეაღწიონ ან მიწისქვეშა წყლები დააბინძურონ. ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას მეზობელ ქვეყნებსაც კი, მაგრამ მაინც, მასშტაბის თვალსაზრისით, მას ჩერნობილს ვერ შევადარებთ. 

სხვა თემები