08 სექტემბერი 2022 - 20:02

ფრონტის ხაზზე მდებარე სვიატოგორსკის ლავრა, რომელიც ჯერჯერობით უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. რა ხდება მამათა მონასტერში?

ფოტო: Facebook

დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი სვიატოგორსკი რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული. თუმცა ახლომდებარე სვიატოგორსკის ლავრა მდინარე ჩრდილოეთის დონეცის მეორე -  მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მამათა მონასტრის ტერიტორია კვლავ უკრაინის კონტროლქვეშ არის. რა სიტუაციაა ამ დროისთვის სვიატიგორსკის ლავრაში, BBC-მ გაარკვია.

რა ხდება?

ერთ-ერთ უძველეს მართლმადიდებლურ სალოცავს რუსული არმია მდინარის მეორე მხრიდან რეგულარულად ბომბავს. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ ლავრას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს. სვიატოგორსკის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გასულ ხუთშაბათს მონასტრიდან 17 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საქმე ისაა, რომ თავად სულიერი სავანის წევრები და იქ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი საომარი მოქმედებების ზონის დატოვებაზე კვლავ უარს ამბობს. 

მართლმადიდებლური სავანე, რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა მხარემ არაერთხელ დაბომბა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მონასტრის ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა. სვიატოგორსკის ლავრა ექვემდებარება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელმაც მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა მაისში გამოაცხადა. "ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მონასტერში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ეს ტერიტორია დატოვონ. შესაბამისად, ევაკუაციის დაგეგმვასა და ორგანიზებაზე მუშაობა დაიწყო. დღეს სვიატოგორსკის ლავრიდან 17 ადამიანია ევაკუირებული", - ნათქვამია სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

ხელისუფლების ცნობით, მონასტრიდან ევაკუირებული ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე იმყოფება. რუსულმა ჯარმა სვიატოგორსკი ჯერ კიდევ ივნისში დაიკავა, მაგრამ ჩრდილოეთის დონეცის გადალახვა და ლავრის აღება მათ ვერ მოახერხეს. თუმცა რუსმა სამხედროებმა არაერთხელ სცადეს გადაადგილებულიყვნენ სლავიანსკისკენ, რომლის დაკავებაც ჯერ კიდევ ზაფხულში სურდათ. მონასტერი მდებარეობს მთის ქვეშ, რომელსაც რუსები ოკუპირებული სვიატოგორსკიდან აქტიურად ბომბავენ, ამავე მთიდან კი უკრაინის შეიარაღებული ძალები იმავე ფორმით პასუხობენ. როგორც უკვე აღინიშნა, ლავრის ტერიტორიაზე ასობით ადამიანი იმალება. მათ შორის არიან ბერები, მომლოცველები და ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებმაც საკუთარი სახლები დატოვეს და ომს გაექცნენ.

ფრონტის წინა ხაზზე

ივნისში სვიატოგორსკის ლავრა, სადაც 300-მდე ადამიანი იმალება, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად ძლიერ დაზიანდა. ერთ-ერთი დაბომბვის დროს ჭურვები მოხვდა კელიებს, სადაც ბერები იმყოფებოდნენ. მონასტერში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა. რუსეთი ღიად საუბრობს თავის განზრახვაზე, რომ სურს, დონეცკის ოლქი სრულად დაიკავოს. ამისთვის კი კრემლი ცდილობს განაგრძოს შეტევა სლავიანსკის მიმართულებით, სვიატოგორსკის ლავრა კი სწორედ ამ გზაზე მდებარეობს.

დაბომბვების შედეგად სვიატოგორსკის ლავრაში კელიები განადგურდა, ადამიანები დაიღუპნენ. აღსანიშნავია, რომ ეს მონასტერი უკრაინის სამი მართლმადიდებლური სალოცავიდან ერთ-ერთია, რომელსაც ლავრის სტატუსი აქვს. ლავრის სტატუსი კი მხოლოდ განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე დიდ მამათა მონასტრებს ენიჭებათ.

სხვა თემები