19 სექტემბერი 2022 - 16:16

დედოფალი და „ლენდ როვერი“. რა როლი შეასრულა ბრიტანულმა ჯიპმა ელისაბედ მეორის ცხოვრებაში?

ფოტო: shutterstock.com

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ელისაბედ მეორე „ლენდ როვერების“ მართვას ამჯობინებდა.

მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ელისაბედ მეორე „ლენდ როვერების“ მართვას ამჯობინებდა. ფაქტობრივად, აღნიშნული მანქანები სამეფო ოჯახის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ პრინც ფილიპის სასახლე მის საყვარელ და თავად მის მიერვე მოდიფიცირებულ ჯიპს მიჰქონდა. აღნიშნული თემის საინტერესო დეტალები BBC-მ გაარკვია.

აღნიშნული თემის საინტერესო დეტალები BBC-მ გაარკვია.

რა კავშირია „ლენდ როვერსა“ და სამეფო ოჯახს შორის?

ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის, კვენტინ უილსონის თქმით, „იაგუარ - ლენდ როვერის ჯგუფის მანქანები" სამეფო დნმ - ის ნაწილი გახდა. „ამ ორმა პიროვნებამ (დედოფალმა ელისაბედმა და პრინცმა ფილიპმა) ეს საკულტო ბრენდი თავისთვის შეარჩიეს. სამეფო ოჯახის წევრებსა და აღნიშნული მარკის მანქანებს შორის ფილოსოფიური კავშირი კი იდეალური აღმოჩნდა“, - განაცხადა უილსონმა. 
 

ფაქტობრივად, კომპანია ე.წ. სამეფო ნდობის ორდენს ფლობს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის ერთ - ერთი წარმომადგენლის ოფიციალური მიმწოდებელია. ეს მოხდა 1951 წელს, როდესაც ჯორჯ მეექვსემ აღნიშნული მარკის ავტომობილის ადრეული პროტოტიპები პირადად გამოსცადა და დაამტკიცა. „სამეფო ოჯახის წევრებს იაგუარებთან, ლენდ როვერებსა და როვერებთან ყოველთვის მჭიდრო კავშირები ჰქონდათ“, - ამბობს უილსონი. „ისინი პროფესიონალურად იყო შექმნილი, გამართულად ფუნქციონირებდნენ და სწორ გზავნილებსაც ავრცელებდნენ“, - დასძენს ის. 
 

კორონაციიდან მალევე, დედოფალმა ელისაბედ მეორემ და პრინცმა ფილიპმა, სამეფო საქმიანობის ფარგლებში, სპეციალურად აღჭურვილი „ლენდ როვერებით“ დაიწყეს მოგზაურობა. ”აშკარა იყო, რომ ისინი უპირატესობას სწორედ ამ მანქანებს ანიჭებდნენ”, - ხაზს უსვამს უილსონი. მისი თქმით, სავარაუდოდ, პრინცი ფილიპი აღნიშნულ მოდიფიკაციებში თავად იყო ჩართული. "ეს მანქანები მას ყოველთვის მოსწონდა და საინტერესოდ მიაჩნდა", - დასძენს ჟურნალისტი.
 

„ლენდ როვერის“ მოდიფიცირებული ფლოტი, რომელიც უესტ-მიდლენდის ქარხანაში იყო შექმნილი, 1953 წელს სამეფო წყვილს ექვსი თვის განმავლობაში ემსახურებოდა. სწორედ ამ დროს ისინი, სპეციალური ტურნეს ფარგლებში, ბერმუდს, იამაიკას, ფიჯისა და ავსტრალიას ეწვივნენ. 
 

ერთ-ერთი ასეთი „ლენდ როვერი“ არის სამეფო მანქანების კოლექციის ნაწილი, რომელიც ბრიტანეთის ავტომობილების მუზეუმში, უორკშირის საგრაფოშია დაცული. „ეს არ არის უბრალოდ ლამაზი ავტომობილი. ეს არის მანქანა, რომელშიც ადამიანთა უმეტესობამ თავისი დედოფალი პირველად ნახა", - ამბობს მუზეუმის კურატორი სტივენ ლენგი.

„მანქანა ისე იყო კონსტრუირებული, რომ დედოფალსა და ედინბურგის ჰერცოგს მასში დგომა და აუდიტორიასთან მისალმება შესძლებოდათ. მე და ჩემი კოლეგები ყოველდღე ჩავუვლით ამ ავტომობილებს და ვიცით, რომ ისინი განსაკუთრებულია, რადგან სამეფო მანქანებია. თუმცა ბოლო დღეებში ეს განცდა გამძაფრდა, რადგან ეს მანქანები ბრიტანული ავტოინდუსტრიისა და დედოფლის კავშირის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა“, - დასძენს ის. 
 

„მათი ცხოვრების მანძილზე ეს მანქანები არ იყო მხოლოდ საზეიმო ატრიბუტი. ისინი ამ ავტომობილებს თავიანთ მამულებში თავადვე ატარებდნენ“, - იხსენებს უილსონი. დედოფალს მუდმივად უღებდნენ ფოტოებს, როდესაც ის სწორედ აღნიშნულ მანქანებში იჯდა „და სავსებით აშკარა იყო, რომ მას ისინი ნამდვილად უყვარდა". „მათ უყვარდათ ეს მანქანები და უყვარდათ უესტ - მიდლენდის რეგიონი“, - ამბობს ჟურნალისტი და დასძენს, რომ ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი კომპანიის ქარხნებს რეგულარულად სტუმრობდნენ. 
 

ედინბურგის ჰერცოგი, რომელიც 2021 წლის აპრილში, 99 წლის ასაკში  გარდაიცვალა, “ლენდ როვერის“ მოდიფიცირებული კატაფალკის შექმნაზე თავად მუშაობდა. სწორედ ამ მანქანას უნდა ეტარებინა მისი სასახლე. პრინცმა ფილიპმა აღნიშნულ პროექტზე მუშაობა კომპანია JLR-თან ერთად, ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო.  სხვათა შორის, მან თავად გამოთქვა სურვილი (და ამის დოკუმენტური კადრებიც არსებობს), რომ ბარაკ და მიშელ ობამები 2016 წელს, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს, უინძორში თავისი „რენჯ როვერით“ მიეყვანა.
 

სხვათა შორის, „იაგუარის“ გარდა, „ლენდ როვერი“ იყო ერთადერთი საავტომობილო კომპანია, რომელსაც ჰქონდა სამივე სამეფო ორდენი - დედოფლისგან, ედინბურგის პრინცისა და უელსის პრინცისგან. ეს ბრენდი "აბსოლუტურად ზუსტად" შეირჩა, რათა მას დედოფლის მმართველობის სულისკვეთება აესახა - მიიჩნევს უილსონი. „ელისაბედ მეორე ნივთებს დიდხანს ინახავდა, მას არ უყვარდა თვალისმომჭრელი სიკაშკაშე და იყო წინდახედული. ეს ყველაფერი დედოფლის ხასიათის ნაწილი გახლდათ. ვფიქრობ, „ლენდ როვერი“ იყო ძალიან კარგი გზავნილი, რომელიც ასახავდა მის დამოკიდებულებას ქვეყნისადმი და მისი, როგორც მმართველის ფუნქციას“, - ასკვნის ჟურნალისტი. 

სხვა თემები