23 სექტემბერი 2022 - 13:20

ბიზნესი ევროპულად - რა გეგმები და გამოცდილება აქვს „ჯეეს იბერიას“ გუნდს

იმ დროისათვის ჯერ კიდევ ესპანეთში მცხოვრებ ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს ქართულ-ევროპული პროექტების განხორციელების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი გაიზარდა. მისი ევროპული გამოცდილებისა და პირადი ურთიერთობების წყალობით, ევროპელ პარტნიორებს შესთავაზა, მათი გამოცდილება საქართველოშიც გადმოეტანათ. აზრები ერთმანეთს დაემთხვა: ერთი მხრივ, ისინი მოახდენდნენ ამ გამოცდილების ექსპორტს და უფრო გაიფართოვებდნენ ბიზნესს - რაც მათთვის საინტერესო აღმოჩნდა - ხოლო, მეორე მხრივ, საქართველო მიიღებდა ევროპულ გამოცდილებას, რომელსაც ევროპული სახელმწიფოს აშენებაში გამოიყენებდა. სწორედ ამ იდეის საფუძველზე დაფუძნდა 2012 წელს კომპანია „ჯეეს იბერია“ და მისი ქუდის ქვეშ დაიწყო საქართველოში ესპანური პროექტები. ჩატარდა რამდენიმე ესპანურ-ქართული ბიზნეს ფორუმი და ათეულობით შეხვედრა სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურასთან როგორც საქართველოში, ასევე - ესპანეთში. საბოლოოდ, დაუღალავი შრომის ხარჯზე, ვასილ ბაბლუანმა ესპანელი პარტნიორებისთვის ქართული ბიზნეს გარემოს გაცნობა მოახერხა.

საქართველოში თითოეული ბიზნეს მიმართულება ტრადიციებზე დაფუძნებული, სრული სექტორების შექმნას ითვალისწინებდა და ეს პრინციპი 10 წლის შემდეგაც უცვლელია. „ჯეეს იბერიამ“ საკუთარი ევროპული გამოცდილება საქართველოში არაერთ სხვადასხვა სფეროში შემოიტანა და უცხოეული ინვესტორებისთვის არაერთი წარმატებული ევროპული ინვესტიციის მაგალითი შექმნა.

ამ პროექტებში შეგვიძლია მოვიაზროთ ქართული ჯიშის ღორის აღდგენა და კომერციალიზაცია, რომელიც Native Georgian-ისა და Native Racha-ს ბრენდებით ხორციელდება; ქართული თიხითა და ტრადიციული ესპანური ტექნოლოგიით კერამიკული აგურისა და ბლოკის წარმოება; „ჯეეს იბერია“-ს ხელშეწყობით დაფუძნებული ესპანურ-ქართული სანერგე მეურნეობა და ა.შ. მოკლედ, განსხვავებული ინვესტიციები და განსხვავებული სფეროები, რომლებიც ერთი მთავარი ღირებულების - ევროპული ტიპის ბიზნესის ირგვლივ ერთიანდება.

დღეს „ჯეეს იბერია“ კიდევ უფრო მეტად არის მზად ევროპული ტიპის ინვესტიციების მისაღებად, რადგან მის გუნდს ევროპული ბიზნესის საქართველოში კეთების გამოცდილება აქვს. რაც მთავარია, „ჯეეს იბერიამ“ იცის, როგორ მოემზადოს საქართველოში უცხოელი პარტნიორების დასახვედრად.
საინტერესოა, როგორი საინვესტიციო გარემოა საქართველოში, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია მას, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის ევროპულად - ხარისხიანად და ეფექტიანად - კეთების კულტურა და რა ძალისხმევას წევს ამისთვის „ჯეეს იბერიას“ გუნდი - ადამიანები, რომელთაც ბიზნეს გარემოს შეცვლის სურვილი და გამოცდილება აქვთ. ამ ინტერვიუთი შევეცდებით, სწორედ ამ კითხვებზე გავცეთ პასუხი.

-რამდენად მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიცია საქართველოში და როგორი საინვესტიციო გარემოა ჩვენს ქვეყანაში?

-(ვასილ ბაბლუანი - ბიზნესმენი, „ჯეეს იბერიას“ თანადამფუძნებელი)  ქვეყნისთვის უცხოური ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ევროპული. თუ ჩვენ ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ, ბუნებრივია გვჭირდება ევროპული ინვესტიციები, რაც არა მხოლოდ უშუალოდ ინვესტიციებს, არამედ ევროპულ გამოცდილებას, ევროპულ ხედვასა და მიდგომებს გულისხმობს. კომუნისტური წყობის გამო, ბიზნესის წარმოება ჩვენ ათეული წლის განმავლობაში არ გვქონია, ამიტომ მისი მართვა და მენეჯმენტი დაგვავიწყდა. ეს ის არის, რისი გამოცდილებაც, ჩვენგან განსხვავებით, ევროპელებს ნამდვილად აქვთ. ჩვენ ამ საკითხში ჯერ კიდევ დამწყებები და ასე ვთქვათ, სტარტაპერები ვართ. საქართველოში ევროპული გამოცდილების შემოტანით, ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ, დაახლოებით, 10-20 წელიწადი, უცხოელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარების წყალობით.

-(ხავიერ ორტიზ რუიზი - ადვოკატი, Ortiz & Asociados დამფუძნებელი )  საქართველო მეტად საინტერესო ქვეყანაა, პოტენციური ინვესტიციების განხორციელების მხრივ. აქ არ არის ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერები, ბიზნეს გარემო კი უსაფრთხოა. ამასთანავე, საქართველო აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ქვეყნებთან ვაჭრობაში და გაფორმებული აქვს ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ქვეყნებთან.

- (გიგლა აგულაშვილი - პოლიტიკოსი) ტრადიციულად, ამ კითხვაზე მხოლოდ დადებით პასუხს მიიღებთ. ბუნებრივია, რომ ყველა მიესალმება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ქვეყანაში ახალი საწარმოების გახსნასა და სამუშაო ადგილების შექმნას. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საინვესტიციო პირობები, რადგან გარდა იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები არ უნდა გავწიროთ მონური შრომისათვის (მაგალითად, 12 საათიანი სამუშაო დღე, გაუმართლებლად არაადეკვატური, დაბალი ხელფასი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სამუშაო პირობები და სხვა), ასევე მნიშვნელოვანია ინვესტიციების გარემოს დაცვით სტრატეგიასთან თანხვედრა, ადგილობრივი მოსახლეობის  სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მოთხოვნების გათვალისწინება  და სხვა. ბუნებრივია, პოტენციური ინვესტორი ორიენტირებულია მოგებაზე და ცდილობს, თავი აარიდოს  ვალდებულებებს. აქ სახელმწიფოს პოზიტიური მოვალეობაა იპოვნოს ბალანსი, შექმნას ისეთი საგადასახადო სისტემა და გარემო, რომელიც, ერთის მხრივ, მოიზიდავს ინვესტიციებს და, მეორეს მხრივ, ეს არ მოხდება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე.  

-რა შეგიძლიათ გვითხრათ იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც თქვენ პირადად გაკავშირებთ უცხოურ ინვესტიციებთან და რატომ გადაწყვიტეთ, წვლილი შეგეტანათ საქართველოში ევროპული ტიპის ბიზნესის კულტურის დამკვიდრებაში?

- (ვასილ ბაბლუანი) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია - „ქართული ჯიშის ღორის გადარჩენის პროექტი“. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს არის სოციალური პროექტი, ვინაიდან იგი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში მეღორეობის აღდგენას, ადგილობრივი მოსახლეობის პროექტში ჩართვას და მათ ბიზნესმენებად ქცევას, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ათვისებას, უმაღლესი ხარისხის ხორცის მიღებას და ტრადიციული, მივიწყებული რეცეპტებით ხორცპროდუქტების დამზადებას. ეს პროექტი ასევე ძალიან დაეხმარება ტურიზმსა და გასტრონომიას საქართველოში. ეს გახლავთ სანიშნე პროდუქტი, რომელიც ახლო მომავალში საერთაშორისო ბაზარზე ისევე იტყვის საკუთარ სიტყვას, როგორც - ქართული ღვინო.

ასევე, უნდა აღინიშნოს ქართული თიხითა და ტრადიციული ესპანური ტექნოლოგიით კერამიკული აგურისა და ბლოკის წარმოება. ამ პროექტის ფარგლებში, ესპანეთიდან საქართველოში გადმოვიტანეთ ასწლიანი გამოცდილების მქონე, მოქმედი ქარხანა, თავისი მენეჯმენტით. იგი ითვალისწინებს აგურის, როგორც ტრადიციული სამშენებლო მასალის აღდგენას საქართველოში, რომელიც კომუნისტური წყობის დამყარებამდე, მასობრივად გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ აგური, თავისი სიმტკიცით, ეკოლოგიურობით, თბოგამტარობით და სხვა მრავალი პარამეტრით შეუცვლელია და ფართოდ გამოიყენება ევროპის ქვეყნებში.

„ჯეეს იბერია“-ს ხელშეწყობით, დაფუძნდა ესპანურ-ქართული სანერგე მეურნეობა, რომელმაც საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ქ. თბილისისა და სხვა მუნიციპალიტეტების გამწვანებაში.
ჩვენი კომპანია აქტიურად უწყობს ხელს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, რისთვისაც საქართველოში დავაფუძნეთ „ნოვა ჰოლდინგი“. იგი ითვალისწინებს კრიპტომაინინგს, ქართული კრიპტომონეტის შექმნას და ამ კრიპტომონეტის ბაზაზე დაფუძნებული თამაშის გამოშვებას.

„ჯეეს იბერია“ აგრძელებს მოლაპარაკებებს უცხოურ ინვესტორებთან ტურიზმის, სამშენებლო, სოფლის მეურნეობისა და სპორტის მიმართულებებით. ახლო მომავალში ვგეგმავთ კიდევ ერთი ქართულ-ესპანური ბიზნეს ფორუმის ჩატარებას, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას პოსტ-პანდემიურ პერიოდში.

-როგორ ხდება თქვენ მიერ აღნიშნული ევროპული გამოცდილების იმგვარი ათვისება, რომ ეს ცოდნა შემდეგ ისევ საქართველოში დარჩეს?

-(ვასილ ბაბლუანი) ჩვენი ყველა პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი კადრების გადამზადებაა. მათ საქმე არა მხოლოდ აქ შევასწავლეთ, არამედ გავუშვით ესპანეთში იმ ცოდნის მისაღებად, რომელიც შემდგომ მათი საქმის საუკეთესოდ გაკეთებაში დაეხმარებოდათ. უმეტეს პროექტში უკვე ადგილობრივი, გადამზადებული კადრები დავასაქმეთ. ამას დროისა და რესურსების ინვესტიცია სჭირდება, თუმცა ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.
საწყის ეტაპზე არ ვეძებთ განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს. ჩვენ ვეძებთ მონდომებულ ადამიანებს, ვისაც სწავლა სურს. ვეძებთ არა დიპლომებით, არამედ პერსონალური შესაძლებლობებითა და ხედვებით.

-შემდეგი კითხვა ბატონ ხავიერთან და ბატონ გიგლასთან გვექნება. რამდენად მნიშვნელოვანია მედიაციის როლი ბიზნესის წარმატებაში და როგორ შეაფასებდით ვასილ ბაბლუანს , როგორც ბიზნესმედიატორს?

-(ხავიერ ორტიზ რუიზი) რა თქმა უნდა, ბიზნესის სფეროში მედიაცია მეტად მნიშვნელოვანია, ხოლო მედიატორები გვეხმარებიან საქართველოს მთავრობის, ბიზნესის-გარემოსა და ბანკების სტრუქტურის უკეთ აღქმაში. ბატონი ვასილ ბაბლუანი ფასდაუდებელი პარტნიორია, მას დიდი გამოცდილება აქვს ბიზნესის მედიაციაში და რაც მთავარია - სანდო პატრნიორია. იგი აჩქარებს უცხოური ბიზნესის საქართველოში დანერგვის პროცესს და გვეხმარება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

- (გიგლა აგულაშვილი) ვასილი დაჯილდოებულია შესანიშნავი უნარით, - განსაკუთრებული დიპლომატიურობითა და კომუნიკაბელურობით, რითაც კონკრეტულ შედეგებს აღწევს. რეალური სურათი წარმოიდგინეთ, ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს სხვა ქვეყანაში, ანუ უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან, უცხო კანონმდებლობის არეალში, სხვანაირი კულტურულ-სოციალური ყოფის გარემოში ინვესტირება. ანუ მას აქვს გამძაფრებული აღქმები, ეჭვიანობს, ყველა წინადადების უკან ეძებს ქვეტექსტებს და სხვა. ნდობა - აი, რა ანგრევს ეჭვიანობის ამ კედელს და ვასილი, სწორედ ის ადამიანია, რომელიც ახერხებს და პოტენციურ ინვესტორებში მოიპოვებს ნდობას.  ამისი თქმა ადვილია, მაგრამ რეალობაში ეს არის ურთულესი სამუშაო, რაც განსაკუთრებულ ოპერატიულობასა და გამჭრიახობას მოითხოვს. 
ეფექტიანი და წარმატებულია ბიზნესფორუმები, რომლებსაც ვასილი აწყობს თავის პარტნიორებთან ერთად როგორც ესპანეთში, ისე საქართველოში. ამ პროცესში მასთან აქტიურად თანამშრომლობენ სამინისტროები, უწყებები და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით დაინტერესებული ბიზნესმენები საქართველოდან.
 

-თქვენი შეფასებით, რა მიმართულებებია გასაძლიერებელი ქვეყანაში, რათა საინვესტიციოდ უფრო ხელსაყრელი და გამართლებული  გარემო შეიქმნას?

-(ხავიერ ორტიზ რუიზი) ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მოქნილი მოთამაშე საერთაშორისო ასპარეზზე, რათა უკეთ მოერგოს ბაზარს, რომელიც გლობალიზაციას განიცდის. ვფიქრობთ, რომ არსებული ბიუროკრატიული მექანიზმები გაუმჯობესებადია და მათი დახვეწა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სხვადასხვა ინვესტიციის მოზიდვას. საქართველოს ბაზარი გახსნილი და ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს უცხოური ინვესტორებისთვის, რათა ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს მზარდი ეკონომიკური სექტორების შესაძლებლობები. მაგალითად - ტურიზმი, ენერგეტიკა, ევროპული ტიპის წარმოებები და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა დარგები.

- (გიგლა აგულაშვილი) საკმარისად  კარგი საინვესტიციო კანონმდებლობა გვაქვს. არსებითი, რომ ინვესტორისთვის ნათელი და განჭვრეტადი იყოს მომავალი. შეუძლებელია, სახელმწიფოსთან თუ ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობებში არ წარმოიქმნას სამართლებრივი პრობლემები. სწორედ აქ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და სასამართლო გადაწყვეტილებების დამაჯერებლობა.
 

-როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობა? 

-(ვასილ ბაბლუანი) ჩვენი ყველა პროექტი საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს. გვინდა, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ბიზნესური აზროვნება და დროის სწორად ხარჯვის უნარი, შემოსავლის მიღებისა და უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობისთვის.
გარდა ამისა, ყველა პროექტში განსაკუთრებულ ძალისხმევას ვიჩენთ ახალგაზრდების ჩასართავად. ვცდილობთ, გენდერული თანასწორობაც დავიცვათ. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ახალგაზრდებმა ჩვენს ასაკოვან, გამოცდილ ადამიანებთან ერთად იმუშაონ.

სხვა თემები