05 ოქტომბერი 2022 - 19:58

ევროპის გეზი დეინდუსტრიალიზაციისკენ - წაახალისებს თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე თავდასხმა პროტექციონიზმს?

სწრაფი ეკონომიკური კოლაფსი, რომლის წინაშეც დიდი ბრიტანეთი დგას, მხოლოდ დაჩქარებული ვერსიაა იმისა, რასაც მთელი ევროპა გაივლის, - ამის შესახებ გამოცემა spectator.co.uk წერს.  სტატიის თანახმად, ეს გულისხმობს არამდგრად სესხებს, რაც ენერგიის მაღალი ფასების გადაფარვასა და დასაშვები ნორმის საყოფაცხოვრებო ხარჯებს შორის მერყეობს.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის დივერსიის შემდეგ კი უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ევროპას რუსული გაზის იმპორტი ფიზიკურად აღარ შეუძლია. შესაბამისად, მაღალი ფასები დარჩება მანამ, სანამ ევროპა ენერგიის მეტ მოცულობას არ შექმნის, ამას კი შეიძლება წლები დასჭირდეს. 

რა შეიძლება ამას მოჰყვეს? ენერგორესურსების მაღალი ფასი ევროპულ წარმოებას არაკონკურენტულს გახდის. ევროპელი მწარმოებლები იძულებულნი გახდებიან მაღალი ხარჯები ენერგორესურსებზე მომატებული ფასებით აანაზღაურონ, მომხმარებლებისთვის კი იაფი გამოსავალი იქნება ის, რომ საქონელი ენერგორესურსებზე ნორმალური ფასების მქონე ქვეყნებში შეიძინონ.

დეინდუსტრიალიზაციის ფართომასშტაბიან საფრთხეზე ევროპის ერთადერთი ლოგიკური პასუხი ტარიფების გაზრდაა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ უფრო ძვირადღირებულ ევროპულ საქონელსა და იაფ უცხოურ პროდუქციას შორის ფასები გათანაბრდეს, რითაც ევროპული წარმოების მხარდაჭერა ხელოვნურად მოხდება. აღნიშნული სტრატეგია ევროპელების ცხოვრების სტანდარტს შეამცირებს (რადგან იაფი საქონელი აღარ იქნება), თუმცა წარმოების სფეროში სამუშაო სამუშაო ადგილები მაინც შენარჩუნდება. 

ეს პროცესი „დიდი დეპრესიის“ დასაწყისს ძალიან ჰგავს. 1920-იან წლებში, ვერსალის ხელშეკრულებით ინიცირებული ცალმხრივი ფინანსური შეთანხმებების გამო, დასავლურმა ეკონომიკებმა უზარმაზარი ვალები დააგროვეს. 1929 წელს, ამერიკის საფონდო ბირჟის კრახმა დარჩენილი ძირითადი საყრდენებიდან ერთ-ერთიც გაანადგურა და დასავლური ეკონომიკა ჩამოიშალა - ჯერ იყო ევროპა, შემდეგ კი - ამერიკა.

თანამედროვე დასავლური ეკონომიკა ვალებს ათწლეულების განმავლობაში აგროვებდა. თუმცა 2020 წლის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული კარანტინების შემდეგ, ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. 2019 წელს ევროზონის სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით 83.8%-ი იყო. 2020 წელს კი, „ლოქდაუნების“ დროს, ის 97.2% -მდე გაიზარდა. იმავე პერიოდში, დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვალისა და მშპ-ს თანაფარდობა 83,8%-დან 93,9%-მდე გაიზარდა და ეს იყო ისტორიაში ყველაზე დიდი მატება. სავარაუდოდ, „ლოქდაუნის“ პერიოდში ვალის დაგროვება გარდაუვალი პროცესი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ამან აპროვოცირა ინფლაციური წნეხის დაწყება, რომელსაც ახლა ყველგან ვხედავთ. ეს მოხდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თავად „ლოქდაუნმა“ მიღება - მიწოდების ჯაჭვები სრულად მოშალა. თუმცა რაც მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოხდა, სულ სხვა რამ არის. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპაში ენერგორესურსების ფასების ომი გამოიწვია.  ეს კი მთავრობებს აიძულებს, ამ სფეროში არსებული ხარჯების დასაფარად კიდევ უფრო მეტი სესხი აიღონ. კარანტინების პერიოდისგან განსხვავებით, ენერგორესურსებზე ფასების ეს ზრდა პირდაპირ ზეწოლას ახდენს პროდუქციის ღირებულებაზე, ასევე - ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსზე. ენერგორესურსების მაღალი ფასები ნიშნავს, რომ ევროპამ მეტი ევრო და ფუნტი უნდა გაგზავნოს საზღვარგარეთ ენერგორესურსების მისაღებად. შესაბამისად, იმპორტის ღირებულება იზრდება, მომატებული ფასები კი მომხმარებლებზე აისახება, რადგან ბიზნეს-სექტორი ცდილობს, ენერგიის მზარდი ხარჯები უფრო მაღალი ფასებით აანაზღაუროს. მდგომარეობა აღარ არის სტაბილური და ეს, ფაქტობრივად, თითქმის ჩვენი დროის 1929 წლის სიტუაციაა. 
1930-იან წლებში ევროპა ეკონომიკურ შავ ხვრელში აღმოჩნდა. მისი ეკონომიკა ჩამოინგრა და მთელი ვაჭრობა, რომელიც მას დანარჩენ მსოფლიოსთან აკავშირებდა, უფსკრულში თან ჩაიტანა. ამის შემდეგ ევროპამ თავის თავში ჩაიკეტა და სავაჭრო ბარიერების აღმართვა დაიწყო, რათა გარკვეული ეკონომიკური ნორმალურობის განცდა შეექმნა. ეს იყო კლასიკური შემთხვევა იმისა, რასაც ეკონომისტები  „კომპოზიციის შეცდომას“ უწოდებდნენ: ის, რაც კარგი იყო კონკრეტულად ევროპისთვის, ცუდი იყო მსოფლიო ეკონომიკისთვის და რადგან ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი გახლდათ, ეს ევროპისთვისაც ცუდი აღმოჩნდა. შესაბამისად, მსოფლიო დეპრესიაში ჩავარდა.  

შეიძლება თუ არა, რომ დღესაც იგივე მოხდეს? შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის შეფასებით, 2019 წელს აშშ-ში ვაჭრობის მოცულობა 5.6 ტრილიონ დოლარზე მეტი იყო, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 26%-ს შეადგენდა. იმავე წელს ევროკავშირთან ვაჭრობა შეფასდა 1,1 ტრილიონ დოლარად, რაც მთლიანი ვაჭრობის დაახლოებით 20%-ი იყო. როგორც კი ევროპელი ორმოში ჩავარდება, ვაჭრობის ეს მაჩვენებელიც მას თან მიჰყვება. ამერიკის ეკონომიკა, რომელიც ისედაც სუსტია, სავარაუდოდ, დაეცემა. 

ამჯერად ერთ-ერთი მთავარი განსხვავება არის ის, რომ არსებობს კონკურენტი ეკონომიკური ბლოკი, რომელიც შეიძლება ამ დინამიკისაგან იზოლირებული იყოს. ეს არის BRICS+,  რომლის შემადგენლობაშიც არიან: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა და არგენტინა -ირანთან, თურქეთთან, ეგვიპტესთან, ინდონეზიასა და საუდის არაბეთთან ერთად. მათ რიგებს არაბეთიც უერთდება. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე BRICS-ის ქვეყნები სავაჭრო თუ ფინანსურ კავშირებს აძლიერებენ და ახალ წევრებს იმატებენ. აშკარაა, რომ ამ ეკონომიკების მიზანია დასავლეთს მაქსიმალურად გამოეყონ. თუ მათ ეს გამოუვათ და როგორც ჩანს, ეს ასეც იქნება, ისინი შეძლებენ დეპრესია თავიდან აიცილონ. „ჩრდილოეთის ნაკადზე“ დივერსია შეიძლება იყოს ის წერტილი, სადაც ისტორიკოსები დასავლეთის დომინანტობის დასასრულს აღნიშნავენ“, - წერია სტატიაში. 

სხვა თემები