imedi /  07 აგვისტო 2017, 15:45 / სანდო წყარო

მერაბ ღოღობერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

მერაბ ღოღობერიძე

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებული მერაბ ღოღობერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ მოსამართლე დავით მამისეიშვლმა განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში განისაზღვრება მისი შემდეგი მკურნალობის საკითხი.

ამ წუთებში სასამართლო მერაბ ღოღობერიძის შუამდგომლობას განიხილავს, რომელიც აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლას შეეხება. შესვენების დროს ღოღობერიძესთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა, სწორედ მათ გადაიყვანეს ის კლინიკა "მედინაში". 

პროცესზე იმყოფება ირაკლი ჩხვირკიაც.

სასამართლო პროცესზე დღეს მოწმეების დაკითხვა იგეგმება. ბრალდების მხარეს 9 პირი ჰყავს მოყვანილი, მათ შორის საქმის გამომძიებლებიც არიან. ისინი მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრებენ. 

მერაბ ღოღობერიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით პროცესზე ორჯერ არ გამოცხადდა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია მისმა დამცველებმა სასამართლოს წინა სხდომაზე ვერ წარუდგინეს.

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები ()