imedi /  13 აგვისტო 2017, 10:25 / სანდო წყარო

შსს რუსი პრანკერების მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს არასერიოზულს უწოდებს

„მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან“,- ასე გამოეხმაურა შსს რუსული და უკრაინული მედიით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ზოგადად, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია",- განაცხადეს შს სამინისტროს პრესსამსახურში.

რუსი პრანკერების (ინტერნეტ-მასხარების) ვოვანის (ვლადიმერ კუზნეცოვი) და ლექსუსის (ალექსეი სტოლიაროვი) თქმით, ისინი არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრნენ ტელეფონით, არამედ საქართველოს შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილსაც. აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ცოტა ხნის წინ Страна.ua-მ YouTube-ზე ატვირთა. გამოცემამ აუდიოჩანაწერის სტენოგრამაც გამოაქვეყნა.

გამოცემა წერს, რომ პრანკერებმა მათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმოწერაც აჩვენეს, რომელშიც მინისტრმა დააზუსტა ზოგიერთი დეტალი სააკაშვილის შესახებ მოლაპარაკებებზე პეტრო პოროშენკოს და საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის.

კომენტარები ()