Imedi /  20 მარტი 2017, 15:57 / სანდო წყარო

შს მინისტრი: ვინმეს შვილობა ინდულგენცია არ არის

გიორგი მღებრიშვილი

შს მინისტრი შეკითხვაზე, რას ფიქრობს პრეზიდენტის სიძის მეგობრისთვის ნარკოტიკის ჩადების ვერსიაზე და პრეზიდენტის შვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, პასუხობს, რომ ჩადებები მოგონილია.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავინ არაფერს არავის უდებს. პასუხისმგებლობის თავიდან აცილება უნდათ. ვინმეს შვილობა ინდულგენცია არ არის. ფაქტები რეალურია, ჩადებები კი, მოგონილი", - ამბობს გიორგი მღებრიშვილი.

ანა მარგველაშვილმა ვიდეო 18 მარტს გაავრცელა, Facebook-გვერდზე - "ჩემს მეგობარს, მიხეილ თათარიშვილს ჩაუდეს 18 აბი სუბუტექსი. ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც გადაღებულია 2 დღით ადრე. ის ფლობდა ინფორმაციას სავარაუდო ჩადების შესახებ. როდემდე უნდა ვიტანდეთ პოლიციის მსგავს საქციელს. გთხოვთ, გაავრცელოთ".

პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. თათარიშვილისთვის წაყენებული მუხლი 8-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური ამბობს, რომ რიკოთის უღელტეხილზე მას და მის მეგობარს შეიარაღებულმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, თათარიშვილი TOYOTA-ს მარკის ავტომობილით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

კომენტარები ()