imedi /  14 მაისი 2017, 23:15 / სანდო წყარო

ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში რამდენიმე თვეში შევა

რეჯეფ თაიფ ერდოღან

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პეკინში გამართულ ფორუმზე "ერთი სარტყელი- ერთი გზა" სიტყვით გამოსვლისას, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend.az ავრცელებს.

"ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი რამდენიმე თვეში შევა ექსპლუატაციაში და ის "აბრეშუმის გზის" ცენტრალური კორიდორის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება", - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, მას სჯერა ინიციატივის, რომლის მიზანიც აზიისა და ევროპის ერთმანეთთან დაკავშირებაა, "ეს ინიციატივა ისტორიაში შევა", - თქვა ერდოღანმა და დასძინა, რომ თანამშრომლობის ამ მოდელით, ყველა მხარე მოგებული იქნება, თურქეთი კი მზად არის წამოწყებას ყველანაირად დაუჭიროს მხარი.

"ახალი აბრეშუმის გზის "ცენტრალური კორიდორი" გადის საქართველოზე, აზერბაიჯანზე, თურქმენეთზე, ყაზახეთზე, უზბეკეთზე, ავღანეთსა და პაკისტანზე. პროექტის ფარგლებში გვსურს ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებიც ამ მარშრუტზე მდებარეობენ", - განმარტა ერდოღანმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ივარაუდება, რომ საშუალოდ, წლის განმავლობაში 17 მილიონ ტონამდე ტვირთი გაივლის. პროექტის საწყის ეტაპზე ვარაუდობენ, რომ მაგისტრალი წლის განმავლობაში მილიონამდე მგზავრსა და 6.5 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს.

კომენტარები ()