imedi /  18 ივნისი 2017, 19:07 / სანდო წყარო

ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის Twitt-ების ბიბლიოთეკა გაიხსნა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის Twitt-ების ბიბლიოთეკის მნახველთა რიცხვი გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამის საშუალებას ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე მდებარე შენობა იძლევა. ექსპოზიციაზე შესვლის მსურველები რიგში საათობით იდგნენ.

პრეზიდენტ ტრამპის Twitt-ების ორიგინალური ბიბლიოთეკა პარასკევს საღამოს, აშშ-ის პირველი პირის ნიუ-იორკის რეზიდენციის Trump tower-ის გვერდით გაიხსნა. ეს ბიბლიოთეკა სატირული ტელეშოუს The Daily Show-ს პროექტია. 

 

კედლებზე განთავსებულ ეკრანებსა და პლაკატებზე პრეზიდენტის Twitter-ზე გამოქვეყნებული ყველაზე ხმაურიანი და დასამახსოვრებელი ჩანაწერებია წარმოდგენილი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მოგვიანებით ტრამპმა თავად წაშალა. მაგალითად, ორი კვირის წინანდელი ცნობილი ჩანაწერი სიტყვა covfefe-თი. ეს ჩანაწერი რამდენიმე საათში წაიშალა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

„ბიბლიოთეკაში“ შესვლა უფასოა. ის ნიუ-იორკში მხოლოდ ამ შაბათ-კვირას მოქმედებს. ადრე The Daily Show-ს წამყვანმა ტრევორ ნოამ განაცხადა, რომ ტრამპის Twitt-ების კრებულს აშშ-ის სხვა ქალაქებშიც აჩვენებენ. 

აპრილში ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ყველა გზავნილი ისტორიისთვის უნდა დაარქივდეს. სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის გზავნილების შენახვის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც რამდენჯერმე წაიშალა ან ჩასწორდა ამერიკის ლიდერის ჩანაწერები. თეთრი სახლი არწმუნებს არქივების ეროვნულ დეპარტამენტს, რომ პრეზიდენტის Twitter-ის ყველა გზავნილს ინახავს, მათ შორის ჩასწორებულ და წაშლილ გზავნილებსაც. ტრამპს Twitter-ის პირად ექაუნთზე 27,4 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. 

კომენტარები ()