imedi /  23 ივლისი 2017, 15:47 / სანდო წყარო

ერდოღანი გერმანიას ურჩევს, თურქეთის საქმეებში ნუ ერევა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გერმანიას თურქეთის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს. მან ბერლინს მოუწოდა, ორი ქვეყნის ურთიერთობას ნუ დაძაბავს. ამის შესახებ სააგენტო AFP წერს.

რამდენიმე დღის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ გერმანია თურქეთში უფლებადამცველების დაკავების გამო ოფიციალურ ანკარასთან ეკონომიკურ პოლიტიკას გადახედავს. თურქეთის საგარეო უწყება ამ განცხადებას გამოემხმაურა და გაბრიელი ორ ქვეყანას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაში დაადანაშაულა.

„თურქეთი კანონზე დამყარებული სახელმწიფოა და არავის აქვს უფლება, მის საშინაო საქმეებში ჩაერიოს,“- განაცხადა ერდოღანმა. მან აღნიშნა, რომ თურქეთი და გერმანია დიდი ხანი პარტნიორები იყვნენ. "არ არის საჭირო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ამ ურთიერთობას ჩრდილს მიაყენებს,“- დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

გასულ კვირას Amnesty International-ის თურქეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იდილ ესერი და კიდევ 5 უფლებადამცველი დააკავეს. მათ შორის არის გერმანიის მოქალაქე პეტერ შტოიდტნერი. გერმანიის ხელისუფლებამ გერმანელ უფლებადამცველს სოლიდარობა გამოუცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ანკარას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა. 

კომენტარები ()