imedi /  06 აგვისტო 2017, 19:36 / სანდო წყარო

ბრიჟიტ მაკრონის წინააღმდეგ პეტიციას 150 ათასზე მეტმა ფრანგმა მოაწერა ხელი

ბრიჟიტ და ემანუელ
მაკრონები

150 ათასზე მეტმა ფრანგმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცოლის ბრიჟიტ მაკრონის წინააღმდეგ პეტიციას მოაწერა ხელი. პეტიციაზე ხელმომწერები აპროტესტებენ საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში შესულ ინიციატივას "პრეზიდენტ მაკრონის ცოლის სპეციალური სტატუსის შესახებ". ინფორმაციას Huffington Post-ი ავრცელებს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ემანუელ მაკრონი აცხადებდა, რომ მისი მეუღლე "საზოგადოებრივ ცხოვრებაში" ჩაერთვებოდა, რომლის ფინანსებიც გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან არ დაიფარებოდა. 

პეტიციის აღწერაში წერია, რომ ბრიჟიტ მაკრონს ორი ან სამი თანაშემწე, 2 მდივანი და პირადი დაცვის 2 წევრი ჰყავს, რომელთა შრომის ანაზღაურებაც ბიუჯეტიდან იფარება. 

პეტიცია change.org-ზე განთავსდა და მას ხელს უკვე 150 250 ადამიანი აწერს. პეტიცია ემანუელ მაკრონისა და პრემიერმინისტრ ედუარდ ფილიპეს მისამართით არის.

საფრანგეთში "პირველი ლედის სტატუსის" არსებობა-არარსებობა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. 2016 წელს, გამოკითხულთა მხოლოდ 31% ეთანხმებოდა ქვეყანაში ამ სტატუსის არსებობას. კრიტიკას იწვევს ის, რომ პირველი ლედის ხარჯები პრეზიდენტისთვის გამოყოფილი თანხებიდან ფინანსდება.

კომენტარები ()