imedi /  17 მაისი 2017, 12:58 / სანდო წყარო

დონდუა: იანოშ ჰერმანმა დაგმო მათი წარმომადგენლის მიერ ბიბილოვისთვის გამარჯვების მილოცვა

დავით დონდუა
იანოშ ჰერმანი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის განცხადებას შეეხებოდა, რომელშიც ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ე.წ. არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მილოცვის კადრები დღეს გავრცელდა.

დავით დონდუას განცხადებით, იანოშ ჰერმანმა დაგმო ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება და თქვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას.

"ასე რომ, ამ მხრივ ევროკავშირის პოზოცია არ შეცვლილა. ის, რაც დღეს მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და გაუგებარია. ეს განცხადება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარების კუთხით. ხაზზე ვარ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია ექნება", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში 16 მაისს შეხვდა, სადაც ის ჟენევის დისკუსიის  სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად იმყოფებოდა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასაგეგმად. ​შეხვედრაზე ჰერბერტ ზალბერმა ბიბილოვს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

კომენტარები ()